შინაარსზე გადასვლა

ენტომოლოგია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ენტომოლოგია (ძვ. ბერძნ. ἔντομον [entemon] — „მწერი“ და λόγος [lógos] — „სიტყვა“, „მოძღვრება“) — ზოოლოგიის დარგი, მეცნიერება მწერების შესახებ. თავდაპირველად ე. შეისწავლიდა ყველა ფეხსახსრიან ცხოველს. ზოგიერთ ქვეყანაში (მაგალითად აშშ-ში) ენტომოლოგიის შესწავლის ობიექტს დღემდე წარმოადგენს მწერებთან ახლოს მდგომი სხვა უხერხემლოებიც. ენტომოლოგიაში გამოყოფილია ცალკე დისციპლინები; თითოეული მათგანი სწავლობს მწერებს. მაგალითად: კოლეოპტეროლოგია შეისწავლის ხოჭოებს, ანუ ხეშეშფრთიანებს; ლეპიდოპტეროლოგია – პეპლებს, ანუ ქერცლფრთიანებს, მირმეკოლოგიაჭიანჭველებს, დიპტეროლოგია – ბუზებს, ანუ ორფრთიანებს და ა. შ.

თანამედროვე ენტომოლოგია კომპლექსური მეცნიერებაა. დასახული მიზნების შესაბამისად იგი იყოფა: ზოგად ანუ თეორიულ ენტომოლოგიად, რომლის კვლევის საგანია მწერთა სახეობრივი შემადგენლობა (ენტომოფაუნა), სისტემატიკა, მორფოლოგია, ფიზიოლოგია, ეკოლოგია, ეთოლოგია, მთლიანად კლასისა თუ მასში შემავალი ცალკეული ჯგუფის ევოლუცია, დედამიწაზე, ან მის ცალკეულ რეგიონში მწერთა გავრცელება (ენტომოგეოგრაფია), გადაშენებულ მწერთა ტაქსონების გამოვლენა (პალეოენტომოლოგია) და სხვა, და გამოყენებით ენტომოლოგიად (სასოფლო-სამეურნეო, სატყეო, სამედიცინო, სავეტერინარო), რომელიც იკვლევს სასოფლო-სამეურნეო მცენარეებისა და პროდუქტების მავნე მწერებს, ადამიანის, ცხოველებისა და მცენარეების პარაზიტებსა და ავადმყოფობის გამავრცელებლებს, აგრეთვე ადამიანისათვის სასარგებლო მწერებს, მავნე მწერების წინააღმდეგ ბრძოლის საშუალებებს. ენტომოლოგიაში ცალკე დარგებად შეიძლება გამოიყოს მეფუტკრეობა და მეაბრეშუმეობა.

ჯერ კიდევ ძვ. წ. I ათასწლეულის ასირიულ და ეგვიპტურ წერილობით წყაროებში მოხსენიებულია კალიების გამანადგურებელი შემოსევა. ამავე პერიოდის ძვ. ჩინურ ხელნაწერებში თუთის აბრეშუმხვევიას გამრავლებისა და ბოსტნის მავნე მწერების წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებებია ნახსენები. არისტოტელე (ძვ. წ. IV ს.) შეეცადა სისტემაში მოეყვანა ცხოველთა სამყაროს შესახებ დაგროვილი უამრავი ცნობა. მათგან ერთ-ერთი იყო ცხოველებიდან მწერების (ენტომა) ცალკე ჯგუფად გამოყოფა. ენტომოლოგია როგორც მოძღვრება მწერების შესახებ, შეიქმნა XVII საუკუნეში. 1758 წელს გამოვიდა შვედი მეცნიერის კ. ლინეს ბუნების ისტორია (X გამოცემა), რომელშიც პირველადაა გამოყენებული მწერთა სახეობის მეცნიერული დასახელების ბინარული ნომენკლატურა (სისტემა). აღწერილ ცხოველთა 4500 სახეობიდან 2000 მწერია. მწერების პირველი გამოჩენილი სისტემატიკოსი იყო კ. ლინეს მოწაფე დანიელი ენტომოლოგი ი. ფაბრიციუსი.

XIX საუკუნეში დიდძალი მასალა დაგროვდა მწერების ანატომიურ და მორფოლოგიურ საკითხებზე. ჩ. დარვინის სახეობათა წარმოშობის გამოქვეყნების შემდეგ შესაძლებელი გახდა მწერთა სისტემატიკა აგებულიყო ფილოგენეზურ საწყისებზე (ავსტრიელი ფ. ბრაუერი, ამერიკელი ა. პაკარდი და სხვები).

XIX და XX საუკუნეებში დაადგინეს მწერების როლი ადამიანისა და ცხოველთა უმძიმესი დაავადებების გადატანასა და გავრცელებაში. ამ გამოკვლევების საფუძველზე განვითარდა ახალი დარგი – სამედიცინო ენტომოლოგია.

ამჟამად მეცნიერებისათვის ცნობილი მწერების სახეობათა რაოდენობა მილიონს აღწევს.

მწერების განვითარების მარეგულირებელი ჰორმონების აღმოჩენამ (ამერიკელი ენტომოლოგი კ. უილიამზი), მავნე მწერების წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით, ბიძგი მისცა ანტიჰორმონების ხელოვნურ სინთეზს (ამერიკელი უ. ბაუერსი). ენტომოლოგიას დამოუკიდებელ დარგად გამოეყო მწერების ბიოქიმია.

მწერების ქცევების შესწავლას საფუძველი ჩაეყარა ჯერ კიდევ XVIII საუკუნეში (ფრანგი ნატურალისტი რ. რეომიური), XX საუკუნის დასაწყისში მისი შესწავლა განაგრძო ფრანგმა მეცნიერმა ჟ. ფაბრმა. გერმანელმა მეცნიერმა კ. ფრიშმა აღმოაჩინა ფუტკრების ცეკვა. ამჟამად მწერების ქცევა ენტომოლოგიური კვლევის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა.

ინტენსიურად დაიწყო მწერთა ეკოლოგიური პრობლემების შესწავლა. ამ სფეროში ფუნდამენტური გამოკვლევები ეკუთვნით ამერიკელ მეცნიერებს: ვ. შელფორდს, რ. ჩეპმენს, გ. ბლუნკს. მწერების ეკოლოგიურმა და პალეოეკოლოგიურმა შესწავლამ შესაძლებელი გახადა გარკვეულიყო მათი ევოლუციის უმთავრესი მიმართულებები (რუსი მეცნიერი მ. გილიაროვი). ფართოდ განვითარდა ენტომოგეოგრაფია.

მწერების კლასის ევოლუციურ შესწავლაში გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება პალეოენტომოლოგიურ გამოკვლევებს. ამჟამად ცნობილია მწერების 12 ათასზე მეტი ნამარხი სახეობა.

მწერები გადაიქცნენ სამეცნიერო ექსპერიმენტების მნიშვნელოვან ობიექტად (დროზოფილა – გენეტიკაში, ფქვილის პატარა ღრაჭუკა – პოპულაციურ გენეტიკაში და ა. შ.).

XX საუკუნის II ნახევარში განსაკუთრებით გაძლიერდა მავნე მწერებისადმი ინტერესი. თანდათან გაუმჯობესდა მავნებლებთან ბრძოლის ღონისძიებები.

ეკონომიკისათვის მავნე მწერების მიერ მიყენებული ზარალი იმდენად დიდია, რომ მოხდა კვლევისა და მავნე მწერების წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებათა დამუშავების ცენტრალიზაცია სახელმწიფო მასშტაბით. ბევრ ქვეყანაში შეიქმნა მავნებლებისაგან მცენარეთა დაცვის სახელმწიფო ენტომოლოგიური სამსახური.

საქართველოში ენტომოლოგიურ კვლევას საფუძველი ჩაეყარა XIX საუკუნის II ნახევრიდან, მას შემდეგ, რაც თბილისში შეიქმნა (1867) კავკასიის მუზეუმი. მუზეუმის ფონდები შექმნეს და გაამდიდრეს ცნობილმა კოლექციონერებმა: ი. ვორონოვმა, ა. ილინსკიმ, ს. სატუნინმა, ბ. უვაროვმა, ე. ფიცენმაიერმა და სხვ., რომლებმაც არა მარტო საქართველოში, არამედ მთელს კავკასიასა და მეზობელ რეგიონებშიც შეაგროვეს დიდძალი ფაუნისტური მასლა და დაადგინეს მათი სისტემატიკა. საქართველოს ფაუნის შესწავლაში განსაკუთრებული წვლილი მიუძღვით რუსეთის გეოგრაფიული საზოგადოების კავკასიის განყოფილებას (საგულისხმოა აგრეთვე ენტომოლოგიური, საბუნებისმეტყველო და სხვა საზოგადოებების გამოკვლევები). საქართველოს ენტომოფაუნის რიგ ჯგუფთა სისტემატიკას, ბიოეკოლოგიას, ენტომოგეოგრაფიასა და გენეზისს ეხება ა. გეგეჭკორის, ე. დიდმანიძის, ი. ზაიცევას, ფ. ზაიცევის, დ. კობახიძის, ი. სხირტლაძის, ა. ჭოლოკავას, ი. ჯამბაზიშვილის, ა. ჯიბლაძის, ზ. ჰაჯიბეილის და სხვათა შრომები. უმთავრესად სამეურნეო მნიშვნელობის საკითხებს ეძღვნება ე. აბაშიძის, გ. ნ. ალექსიძის, ნ. ე. ალექსიძის, ი. ბათიაშვილის, ა. ბაღდავაძის, გ. დეკანოიძის, ნ. თულაშვილის, ვ. იასნოშის, ლ. პ. კალანდაძის, დ. ლოზოვოის, ნ. სიფროშვილის, მ. სტოლიაროვის, გ. ყანჩაველის, ც. ჩხუბიანაშვილის, ვ. ჯაშისა და სხვათა გამოკვლევები.

საქართველოში ენტომოლოგიური კვლევის ცენტრებია: ზოოლოგიის ინსტიტუტი, საქართველოს მცენარეთა დაცვის ინსტიტუტი, სხვადასხვა დარგობრივი სამეცნიერო-კვლევითი და უმაღლესი სასწავლებლების შესაბამისი განყოფილებები, ლაბორატორიები და კათედრები.

  • აბაშიძე ე., გეგეჭკორი ა., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 15-17.
  • Chiang, H.C. and G. C. Jahn 1996. Entomology in the Cambodia-IRRI-Australia Project. (in Chinese) Chinese Entomol. Soc. Newsltr. (Taiwan) 3: 9-11.
  • Davidson, E. 2006. Big Fleas Have Little Fleas: How Discoveries of Invertebrate Diseases Are Advancing Modern Science University of Arizona Press, Tucson, 208 pages, ISBN 0-8165-2544-7.
  • Triplehorn, Charles A. and Norman F. Johnson (2005-05-19). Borror and DeLong's Introduction to the Study of Insects, 7th edition, Thomas Brooks/Cole. ISBN 0-03-096835-6. — a classic textbook in North America.
  • ბათიაშვილი ი., დეკანოიძე გ., ენტომოლოგია, თბ., 1974;
  • კალანდაძე ლ., ბათიაშვილი ი., ქარუმიძე ს., ყანჩაველი გ., ენტომოლოგია, ნაწ. 1–2, თბ., 1956–62;
  • ყანჩაველი გ., სასოფლო-სამეურნეო ენტომოლოგია, თბ., 1976;
  • ყანჩაველი გ., სუპატაშვილი შ., სატყეო ენტომოლოგია, თბ., 1968;
  • Бей-Биенко Г. Я., Общая энтомология, 2 изд., М.,1971;
  • Учебник медицинской энтомологии, под ред. В. Н. Беклемишева, ч. 1, М.–Л., 1949.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  • Professor Andrew Speilman. Malaria video. ციტირების თარიღი: 2006-12-09.
  • Rob Hutchinson. Mosquitoes video. ციტირების თარიღი: 2006-12-09.
  • University of Vermont. Entomology Laboratory. ციტირების თარიღი: 2006-12-09.