ოვანეს ქიურქჩიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ოვანეს ქიურქჩიანი

ოვანეს ქიურქჩიანი (სომხ. Հովհաննես Քյուրքչյան; დ. 1851, ერევანი — გ. 1903, სურაბაია, იავა) — სომეხი ფოტოგრაფი, მოღვაწეობდა XIX საუკუნეში.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ერევანში მოღვაწეობდა როგორც ფოტოგრაფი. 1879-1880 წლებში გადაღებული აქვს ანისის ნაქალაქარი. გამოშვებული აქვს 40 სტერეოფოტოსგან შემდგარი კრებული, რომელსაც თან ახდა ბუკლეტი ფოტოების აღწერით.

ფოტოები დაიბეჭდა ვენაში. ყველა სტერეოფოტოს აქვს წარწერა „Ruines d'Armenie Ani“ და ახლავს ავტორის ფაქსიმილური ხელმოწერა, სომხურ და ფრანგულ ენებზე. სტერეოფოტოებს არ ახლავთ ინდივიდუალური აღწერილობები, მაგრამ მათი სახელწოდება იდენტიფიცირება თანდართული ბუკლეტიდან. ბუკლეტის თანახმად ნომერი 11 და 12 სტერეოფოტოების მაგივრად დამატებულია შესაბამისად 41 და 42 ნომრები. არსებული ბუკლეტის მიუხედავად არსებობს გამონაკლისებიც. მაგალითად ფოტო ნომერი 9 არის ორი რაკურსით გადაღებული.

აღსანიშნავია ის რომ ოვანეს ქიურქჩიანის ფოტოშემოქმედება ასახულია დიმიტრი ერმაკოვის ფოტოკოლექციაში. მაგალითად, ფოტო ნომერი 34 დიმიტრი ერმაკოვის სტერეოფოტოების კოლექციაშია მოხვედრილი[1].

ქიურკჩიანს ანისის ფოტოებში ყურადღება გამახვილებული ჰქონდა სომხეთის კულტურულ მემკვიდრეობაზე (სტერეოფოტოები შედგენილია მხოლოდ ფრანგულ და სომხურ ენებზე), რის გამოც რუსეთის იმპერიამ მასში მემბოხე დაინახა. მალე ოვანეს ქიურქჩიანი იძულებული გახდა დაეტოვა ერევანი და წასულიყო საზღვარგარეთ.

1885 წელს წავიდა საცხოვრებლად სინგაპურში, სადაც მცირე ხანი დაჰყო, მუშაობდა როგორც ფოტოგრაფი. მალე სინგაპურიდან გაემგზავრა კუნძულ იავას საპორტო ქალაქ სურაბაიაში, სადაც მან თავისი პროფესია გააგრძელა. იქვე დააარსა თვისი საკუთარი ფოტოსახელოსნოც. ის სხვა ფოტოგრაფებთან ერთად იღებდა რეგიონის აბორიგენი მოსახლეობის ეთნოგრაფიულ ფოტოებს, რომლებიც დღესდღეობით ინდონეზიის დიდ საგანძურს წარმოადგენს. ქიურქჩიანი ს სახელოსნოში ასევე იღებდნენ სტუდიურ ფოტოებსაც. ცნობილია ასევე მისი ღია ბართებიც.

გარდაიცვალა ქალაქ სურაბაიში 1903 (ზოგიერთი ცნობით 1901 ან 1904) წელს. მისი სიკვდილის შემდეგ მისი კომპანია გადაეცა ფარმაცევტულ საიმპორტო კომპანია „Helmig“-ს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]