ნიტროგლიცერინი (წამალი)
ნიტროგლიცერინი (ლათ. Nitroglycerinum, ინგლ. Nitroglycerin) — თხევადი ზეთოვანი ნივთიერება, აზოტმჟავას და გოგირდმჟავას ნაერთი გლიცერინთან; იყენებენ როგორც ფეთქებად ნივთიერებას, აგრეთვე (უმცირესი დოზებით) როგორც სამკურნალო პრეპარატს - სისხლძარღვების გასაფართოებლად.
იგი ერთ-ერთი ძველი და მოქმედი მედიკამენტია გულის დაავადების მქონე პაციენტებისათვის, რომელიც დაინერგა 1867 წელს სტენოკარდიის მკურნალობისათვის. მას შემდეგ მნიშვნელოვნად შეიცვალა პრეპარატები და დოზირების ფორმები. მისი გამოყენება ხდებოდა როგორც მწვავე სტენოკარდიული შეტევის კუპირებისათვის, ასევე სტენოკარდიული შეტევის პრევენციის მიზნით და ჰიპერტონული კრიზის დროს.
ნიტროგლიცერინის ზეგავლენით ხდება პერიფერიული სისხლძარღვების (არტერიების და ვენების), ასევე კორონარული სისხლძარღვების გაფართოება. უმჯობესდება გულის კუნთისთვის სისხლის მიწოდება და მისი ჟანგბადით უზრუნველყოფა, რაც საბოლოოდ აუმჯობესებს გულის მუშაობას. ნიტროგლიცერინი განსაკუთრებულ ეფექტს ახდენს დატვირთვის და ფიზიკური აქტივობის დროს, აუმჯობესებს რა ფიზიკური დატვირთვის ამტანობას.
სტენოკარდიული შეტევა იწყება მაშინ, როდესაც წარმოიქმნება შეუთავსებლობა ჟანგბადის მიწოდებასა და მოთხოვნას შორის, ე. ი. როდესაც დატვირთვის დროს ადგილი აქვს სისხლის მიმოქცევის გაძლიერებას, რასაც ვერ უმკლავდება კორონარები.
სტენოკარდიული შეტევა შესაძლებელია განვითარდეს:
- კიბეებზე ან აღმართზე ასვლის დროს;
- სირბილის, ცურვის ან ჩოგბურთის თამაშის დროს;
- სიცივეში სახლიდან გასვლისას;
- ფიზიკური მუშაობის დროს.
ნიტროგლიცერინი ეხმარება ადამიანს ტკივილის მოხსნაში. მიღება შესაძლებელია პრევენციის მიზნით, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და ამარტივებს გულის მუშაობას.
როდის უნდა მივიღოთ ნიტროგლიცერინი? მხოლოდ მწვავე სტენოკარდიული შეტევის დროს.
ნიტროგლიცერინი შედგება ხანმოკლე მოქმედების გლიცერონიტრატისგან. იგი შესაძლებელია მიღებული იქნას სხვადასხვა ფორმით: მაგ: კაფსულების სახით, რომელსაც პაციენტი ენის ქვეშ იდებს ან ნიტროსპრეის სახით. პირის ლორწოვან გარსზე მოხვედრის შემდეგ ნიტროგლიცერინი სწრაფად შეიწოვება და მისი ეფექტი ერთ წუთში ვლინდება. მისი მოქმედება გრძელდება ნახევარი საათი.
სტენოკარდიული შეტევების პრევენციის მიზნით ხდება ნიტროშემცველების მიღება ტაბლეტების ან ემპლასტროს ფორმით.
გვერდითი მოვლენები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პრეპარატის მიღების დროს შესაძლოა ადგილი ჰქონდეს არტერიული წნევის დაქვეითებას. წნევის დაქვეითების პრევენციის მიზნით დაბალი წნევის მატარებელი პაციენტებისთვის ნიტროგლიცერინის მიღებამდე რეკომენდებულია დაწოლა. ნიტროგლიცერინმა შეიძლება გამოიწვიოს თავის ტკივილიც სისხლძარღვების გაფართოების შედეგად.
ზოგიერთი პაციენტს აქვს შიში, რომ ორგანიზმი მიეჩვევა ნიტროგლიცერინს და მედიკამენტი აღარ იმოქმედებს. ეს არასწორია. ნიტროგლიცერინის ხანმოკლე მიღებისას, იქნება ეს კაფსულის თუ სპრეის სახით, მიჩვევის საფრთხე არ არსებობს. მხოლოდ ხანგრძლივი მოქმედების ნიტროშემცველი მედიკამენტების მიღების დროს არსებობს მიჩვევის საშიშროება. მიჩვევის თავიდან ასაცილებლად რეკომენდებულია პაციენტმა გააკეთოს 12 საათიანი შუალედი მიღებებს შორის.