ნინოწმინდის სვეტიცხოვლის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ნინოწმინდის სვეტიცხოვლის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ნინოწმინდის სამხრეთ-დასავლეთით, დაახლოებით, 5 კილომეტრზე, ქვემო სამგორის წყალშემკრები კაშხლის დასავლეთით, 1 კილომეტრზე, პატარა ბორცვზე. თარიღდება XIX საუკუნით. 2002 წელს ეკლესია თვითნებურად გაურემონტებიათ. რემონტის დროს ინტერიერი გაჯით შეულესავთ, აღუდგენიათ გარეთა კედლების საპირე წყობის ჩამოშლილი ნაწილები და შენობა მოთუთიავებული თუნუქით დაუბურავთ.

ეკლესია დარბაზულია. აქვს შვერილი აფსიდი, რომელიც დარბაზის გრძივი კედლებიდან, როგორც შიგნით, ისე გარედანაც, მოკლე მხრებითაა გამოყოფილი.

შენობის კედლები, ძირითადად, უხეშად დამუშავებული ქვიშაქვითა და კირის ხსნარითაა ამოყვანილი. ქვები მეტწილად მოზრდილი ზომისაა, რომელთა შორის ალაგ-ალაგ დარჩენილი არეები, წვრილი, ნატეხი ქვითა და კირის დუღაბითაა ამოვსებული. სარკმლები სუფთად ნათალი ქვებითაა გამოყვანილი.

შესასვლელი დასავლეთიდანაა, კარი გარედან თარაზულადაა გადახურული, შიგნიდან კი ნახევარწრიულთაღოვანია. ეკლესიის დარბაზი გეგმით კვადრატულია, აღმოსავლეთით მას ერთვის ოდნავ ნალისებრი აფსიდი, რომელშიც გარეთკენ შევიწროებული, ნახევარწრიული, თაღოვანი ნიშაა. ნიშები თითქმის სარკმლის სიმაღლისაა და მის ორივე მხარეს, სარკმლის ძირის დონეზე, სიმეტრიულად არის განლაგებული. აფსიდი კონქითაა გადახურული. კონქის თაღი ნახევარწრიულია. იგი ქვიშაქვის მაღალ იმპოსტებს ეყრდნობა, რომელთა პროფილს თარო და დახრილი სიბრტყე შეადგენს. ნახევარწრიულია კამარაც. ეკლესიის სამხრეთ და ჩრდილოეთ კედლებში, ერთმანეთის მოპირდაპირედ, თითო თაღოვანი სარკმელია გაჭრილი. აფსიდის სარკმლის მსგავსად, ისინი გარეთკენ მკვეთრად ვიწროვდება და ძლიერ დახრილი რაფა აქვთ. გარედან ყველა სარკმელი ოთხკუთხაა.

ფასადები სადაა. შესასვლელის არქიტრავზე გამოსახულია ორსაფეხურიან პოსტამენტზე დატრდნობილი ჯვარი, რომლის კონტური ვიწრო, ოდნავ ამოკვეთილი ზოლითაა გამოყვანილი. არქიტრავის თავზე მოწყობილი იყო ოდნავ შეღრმავებული, ტიმპანისებრი არე, რომელიც რემონტის დროს ამოუშენებიათ. ფრონტონის წყობაში ჩასმულია მოგრძო ფილა, რომელზეც ამოტვიფრულია: ეკლესიის სახელწოდება და აღდგენის თარიღი.

საკურთხეველს ადრე დამოუკიდებელი სახურავი ეხურა. ამჟამინდელი სახურავი ერთიანია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]