ნიკოლოზ აღნიაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ნიკო აღნიაშვილის სურათი საფლავის ქვაზე
ნიკო აღნიაშვილის საფლავის ქვის სურათი პოლონური ალბომიდან

ნიკოლოზ (ნიკო) აღნიაშვილი (დ. 1901 წლის 14 თებერვალი, ბათუმი — გ. 1928 წლის 5 ოქტომბერი, კრაკოვი, პოლონეთი) — საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის იუნკერი, შემდეგში პოდჰალეს (მთიანი რეგიონი სამხრეთ პოლონეთში) ქვეით მსროლელთა პოლკის პორუჩნიკი (შეესაბამება ლეიტენანტის წოდებას).

ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, ნიკო აღნიაშვილი სხვა ქართველ იუნკრებთან და სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად იძულებული გახდა ემიგრაციაში წასულიყო. პოლონეთის მაშინდელმა ხელისუფალმა, მარშალმა იუზეფ პილსუდსკიმ ორასამდე ქართველი სამხედრო მიიწვია პოლონეთში. მათ შორის იყო იუნკერი ნიკო აღნიაშვილიც. სამხედრო სასწავლებლების დამთავრების შემდეგ, ქართველებმა საკონტრაქტო ოფიცრებად დაიწყეს სამსახური პოლონეთის არმიაში[1].

2009 წელს პოლონეთის ეროვნულმა არქივმა საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას გადასცა XX საუკუნის 20-იანი წლების პოლონურ-ქართული ურთიერთობების ამსახველი რამდენიმე მნიშვნელოვანი დოკუმენტის ასლი, რომლებიც საშუალებას გვაძლევენ, ზუსტად დავადგინოთ იმ ქართველი იუნკრების ვინაობა, რომლებიც მარშალ პილსუდსკის უშუალო მითითებით ჩარიცხეს პოლონეთის სამხედრო სკოლებში. ჩარიცხულთა სიაში, სხვა ქართველ იუნკრებთან ერთად, არის იუნკერი ნიკოლოზ აღნიაშვილიც[2].

ნიკო აღნიაშვილი სრულიად ახალგაზრდა, ოცდაშვილი წლის ასაკში გარდაიცვალა. დაკრძალულია კრაკოვის რაკოვიცკის სასაფლაოზე. მისი საფლავის ქვაზე ამოკვეთილი ქართული წარწერა გვამცნობს: „ნიკო აღნიაშვილი, იუნკერი საქართველოს სამხედრო სკოლისა“, ხოლო პოლონური წარწერა იუწყება: „ღმერთმა გაანათლოს ნიკო აღნიაშვილი, მამაცი ქართველი ერის შვილი. გაძევებული რუსების მიერ სამშობლოდან, სამშობლოს მონატრებული გარდაიცვალა კრაკოვში. ღმერთო, მიეცი თავისუფლება საქართველოს!“ საფლავის ქვაზე ასევე არის ნიკოს ფოტოსურათიც, ქვაზე გადატანილი. ქართულ და პოლონურ წარწერებს შორის კი კავკასიელთა სიმამაცის სიმბოლოს, ხანჯლის გამოსახულებაა ამოკვეთილი[3].

2011 წელს პოლონეთში დავით ყოლბაიას, პიოტრ ჰლებოვიჩისა და პიოტრ ვარიშის ავტორობით გამოიცა ალბომი „უცნობი საქართველო. ქართველებისა და პოლონელების საერთო ბედი“. ალბომში სამშობლოზე დარდით გარდაცვლილი ოცდაშვიდი წლის ნიკო აღნიაშვილის საფლავის სევდის მომგვრელ ფოტოს მთელი გვერდი აქვს დათმობილი[3].

ნიკო აღნიაშვილზე სხვა ცნობების უქონლობა იმითაც აიხსნება, რომ ის ახალგაზრდა გარდაიცვალა, მაგრამ უმთავრესი მიზეზი მაინც ის არის, რომ ოკუპირებული საქართველოდან გადახვეწილები ერიდებოდნენ ოჯახის წევრებთან კონტაქტს, ხოლო საქართველოში დარჩენილები ემიგრაციაში წასულთა სახელების ხსენებასაც კი გაურბოდნენ, მოსალოდნელი რეპრესიების შიშით. საბჭოთა პერიოდის საქართველოში პოლონეთის არმიის ქართველი ოფიცრების შესახებ არაფერი იცოდნენ — პოლიტიკური მიზეზების გამო ეს თემა საქართველოშიც და საბჭოთა კავშირის სატელიტად ქცეულ კომუნისტურ პოლონეთშიც მკაცრად ტაბუირებული იყო მისი პოლიტიკური არაკომფორტულობის გამო — პოლონეთის არმიის ქართველი ოფიცრები საქართველოშიც და პოლონეთშიც ბოლშევიკური რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდნენ.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ლევან ზ. ურუშაძე, პოლონეთ-საქართველოს ურთიერთობათა ისტორიისათვის (1918-1930-იანი წლები), ბურუსი, 2010
  2. ქეთი ტოროტაძე. უცნობი ქართველი იუნკერი პოლონეთში, ჟურნალი „ისტორიანი“ N4, 2012
  3. 3.0 3.1 Dawid Kolbaia, Piotr Hlebowicz, Piotr Warisch, Gruzja nieznana. Wspólne losy Gruzinów i Polaków, Krakow, 2011