ნესგუნის მაცხოვრის ეკლესია
ნესგუნის მაცხოვრის ეკლესია | |
ძირითადი ინფორმაცია
| |
---|---|
რელიგიური კუთვნილება | საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია |
ქვეყანა | საქართველო |
ადგილმდებარეობა | მესტიის მუნიციპალიტეტი |
ხუროთმოძღვრების აღწერა
| |
ხუროთმოძღვრული სტილი | დარბაზული |
თარიღდება | X საუკუნე |
დეტალები
|
ნესგუნის მაცხოვრის ტაძარი (სვანურად, მაცხვარ) — ეკლესია საქართველოში, მესტიის მუნიციპალიტეტის ლენჯერის თემის სოფელ ნესგუნში. იგი ლენჯერის თემის ყველაზე ადრეული ეკლესიაა.
არქიტექტურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ტაძარი ნაგებია IX-X საუკუნეების მიჯნაზე მოყვითალო ფერის შირიმის კვადრატებით. იგი მოზრდილი, შვერილაფსიდიანი ნაგებობაა ამაღლებული პროპორციებითა და სადა, მონუმენტური ფორმებით. შესასვლელი მას დასავლეთიდან და სამხრეთიდანაც აქვს. ტაძარს სამხრეთით ჰქონია ეკვდერი, რომელიც შემდგომ მოუცილებიათ[1]. ეკლესიაში შემონახულია ქვის კანკელი.სვანეთის სხვა ეკლესიებთან შედარებით, ქვის კანკელი აქ გაცილებით მაღალია - როგორც ჩანს, ეკლესიის სიმაღლესთანაა შეფარდებული.
მოხატულობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]თავდაპირველად, X საუკუნეში მხოლოდ საკურთხეველი შეამკეს მხატვრობით. აფსიდის ასომთავრული წარწერა გადმოგვცემს, რომ მხატვარმა გიორგიმ მოხატა "წმიდაი ესე საკურთხეველი" ბეშგენის სახსრებით - "პურითა და საფასითა". შედარებით უკეთ გაირჩევა მოციქულთა ფიგურები და ოდიტიგრიის ტიპის ჩვილედი ღმრთისმშობელი აფსიდის კედელზე. მოხატულობის სიბრტყობრივ-გრაფიკული ხასიათი, სამოსის ნაკეცების პირობითი, ორნამენტულ-დეკორატიული ნახატი, სახეთა და ჟესტების ხაზგასმული ექსპრესია თავისი დროის მხატვრულ მიდგომას ასახავს.
XII საუკუნეში, როდესაც განაახლეს აფსიდის დაზიანებული მოხატულობა, ამ დროისათვის მონუმენტურ მხატვრობაში ჩამოყალიბებული სისტემის შესაბამისად, კამარა და კედლები მთლიანად დაფარეს ფრესკებით. მოხატულობის ანსამბლის მხატვრული ერთიანობა, ცალკეული სცენების კომპოზიციური აგება, რომელიც ფიგურათა განლაგების და მოძრაობის გარკვეულ რიტმს ექვემდებარება და მასთან ერთად, მოქნილი და პლასტიკურად გამომხატველი ნახატი, არა მარტო ეპოქის ნიშნებს, არამედ, ამასთანავე, მაღალპროფესიული მხატვრის ხელს ამჟღავნებს.
ნესგუნის მოხატულობა ფიგურების მონუმენტურობით გამოირჩევა - ქრისტეს გვერდით წარმოდგენილი ანგელოზები კონქის გვერდებზეა მიწეული, რაც მაცხოვრის ფიგურას მონუმენტურობას უსვამს ხაზს. ტაძრის პატრონის - მაცხოვრის (ტაძარი მაცხოვრის სახელობისაა) მნიშვნელოვნებას ზრდის მეორე რეგისტრის ფიგურათა მცირე ზომაში გამოსახვა.
ნესგუნის ფიგურათა სილუეტებს გამარტივებული, გეომეტრიული, დანაწევრებული ხასიათი აქვს. სქემატური, ტეხილი, კუთხოვანი ხაზით იქმნება დრაპირება, რომელიც ზოგჯერ განყენებულ გეომეტრიულ ნახატს ქმნის. ყოველგვარი მოდელირების გარეშე დადებული ფერადოვანი ლაქები, არ არღვევს ნახატის გრაფიკულ სიმკვეთრეს. ნესგუნის მხატვრობაში ყურადღებას იქცევს აღმოსავლური ტიპის სახეების ექსპრესიული გამომსახველობა, ფართოდ გახელილი თვალებითა და ასიმეტრიულად გადმოცემული თვალის გუგებით. სახეებს სახასიათო, "გულუბრყვილო" გამომსახველობას ანიჭებს უწყვეტი ხაზით გადმოცემული წარბები და ცხვირი. მსგავს გამომსახველობით საშუალებებს ვხვდებით არმაზის კანკელზე (IX) საბერეების მოხატულობაში, VI-XIII საუკუნეების (ხანდისი) ქვის რელიეფებზე. ადრეულ ტრადიციებთან კავშირზე მიუთითებს ღვთისმშობლის უშარავანდედოდ გამოსახვა და ყრმის ფრონტალური ჯდომა, მაგრამ ამასთან ერთად ნესგუნის მხატვრობა თვალსაჩინოს ხდის იმ მკაცრად მონუმენტურ სტილს, რომელიც ქართულ ფრესკულ მხატვრობაში X საუკუნეში ჩამოყალიბდა და განსაკუთრებით კარგად გამოიხატა XI საუკუნის ძეგლებში.
ტაძრის სიწმინდეები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1910 წელს ტაძარი მოინახულა ექვთიმე თაყაიშვილმა. მან იმ დროისათვის იქ არსებული სიწმინდეები ვრცლად აღწერა ექსპედიციის მასალებში. ეკლესიაში დაცული ყოფილა დიდი ხის ჯვრები, დიდი ვერცხლის ფირფიტა ჯვარცმის გამოსახულებით, ღმრთისმშობლის ხატი, მირქმის, ღმრთისმშობლის და ჯვარცმის მცირე ზომის ხატები, მაცხოვრის ვერცხლის ხატები და წინასწარმეტყველ ელიას ვერცხლის ჭედური ხატი წარწერებით [2].
ჯვრები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ეკლესიაში შესვლისთანავე ყურადღებას იპყრობს კანკელის ანტამბლემენტზე ცენტრში აღმართული ოქროთი დაფერილი ვერცხლით მოჭედილი ჯვარი. თავისი ზომებით იგი კანკელის ჯვრებისთვის ცოტა დიდია, მაგრამ ესეც, ალბათ, ითვალისწინებს ეკლესიის სიმაღლეს. მის გვერდით, ორივე მხარეს, თავდაპირველი ჯვრები იქნებოდა განლაგებული.
ჯვარმა დაზიანებული სახით მოაღწია ჩვენამდე. მას აკლია მოჭედილობის ნაწილი სიგრძივ მკლავებზე, ცენტრალური არის ქვემოთ, მხოლოდ ერთი გამოსახულებაა. მოგვიანებით ცარიელი ადგილი შეუვსიათ ფერწერული მინიატურით - ჯვარცმის კომპოზიციით.
ჯვრის მოჭედილობა იმ ხანას მიეკუთვნება, როდესაც ახალი სკულპტურული გადაწყვეტის ძიების პროცესში, კვლავ განაგრძნობს არსებობას ძველი ეპოქის მხატვრული გააზრების ნიშნებიც. სიგრძივი მკლავის ზემოთა ნაწილზე წარმოდგენილია ღმრთისმშობელი სრული ტანით. ღმრთისმშობლის ეს ადრინდელი იკონოგრაფიული ტიპი ნაკლებადაა გავრცელებული სვანეთის ოქრომჭედლობაში, უმეტესად, ოდიტიგრიისა და ორანტის ტიპის გამოსახულებებია.
ფრონტალურად გამოსახულ ღმრთისმშობელს ტერფები პროფილში აქვს მოცემული, მისი სამოსის ნაოჭები ორნამენტულ-დეკორატიულ ხასიათს ატარებს.
იქვე, ტაძარში ინახება ამავე პერიოდის, შედარებით მცირე ზომის ჯვარი, რომელი იმავე ეპოქის ნიშნებს ამჟღავნებს, რაც პირველი ჯვრის მხატვრულ გადაწყვეტაში აღინიშნება. ორივე ჯვრის დამუშავებაში ნათლად შეიგრძნობა, რომ ოსტატისთვის ჯერ კიდევ ბევრი რამ შეუცნობელი და გაუგებარია. ეს შეეხება უპირველესად ჯვრის საერთო კომპოზიციის აგებას, რაც არ ითვალისწინებს ჯვრის მკლავების ერთიან შინაარსობრივ კავშირს. ორნამენტული დეკორით შემოფარგლული ფირფიტები (სხვადასხვა შინაარსისა და სხვადასხვა გამოსახულებით) ცალკეული ხატების მწკრივს წარმოადგენს ჯვრის მკლავებზე და აზრობრივად არ უკავშირდება ერთმანეთს.
მცირე ჯვარზე ცენტრი არ არის გამოყოფილი. სიგრძივ მკლავზე გამოსახული ქრისტეს ფიგურა ფარავს ჯვრის ცენტრალურ ნაწილს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ კანკელის ანტამბლემენტზე მოთავსებულ მთავარ ჯვარზე გამოსახულია ღმრთისმშობელი. ყოველივე ეს მიუთითებს, რომ ჯვრები შესრულებულია X საუკუნის ადრეულ ეტაპზე[3].
ეკლესიას, 2006 წლის საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად, მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია[4].
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ყენია რ., ალადაშვილი ნ. ზემო სვანეთი (შუა საუკუნეების ხელოვნება), გზამკვლევი, თბ.,2000, გვ. 78-79.
- თაყაიშვილი ექვ., არქეოლიგიური ექსპედიცია ლეჩხუმ-სვანეთში 1910 წელს, პარიზი, 1937. გვ. 314-318
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ.VII. თბ., 1984. გვ. 395.
- ქართული ლაპიდარული წარწერების კორპუსი.II., დასავლეთ საქართველოს წარწერები.ნაკვ.I (I-XIII სს.).თბ.,1980.-გვ.98.
- ხვისტანი რ., ადრე შუასაუკუნეების მცირე პლასტიკის ნიმუშო სვანეთიდან, მასალები საქართველოს ქრისტიანული არქეოლოგიისათვის.თბ., 2009, გვ.65-74.
- სილოგავა ვ. ქტიტორთა ფრესკული წარწერები ზემო სვანეთში, სვანეთი.I.-თბ.-1971.-გვ.43-74.
- სვანეთის ადრეული ფრესკული მოხატულობები დაარქივებული 2019-08-07 საიტზე Wayback Machine.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- რეზო ხვისტანი, ადრე შუასაუკუნეების მცირე პლასტიკის ნიმუში სვანეთიდან - ნესგუნის ჯვარი დაარქივებული 2016-03-22 საიტზე Wayback Machine.
- სვანეთის ადრეული ფრესკული მოხატულობები დაარქივებული 2019-08-07 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ თაყაიშვილი ექვ., არქეოლიგიური ექსპედიცია ლეჩხუმ-სვანეთში 1910 წელს, პარიზი, 1937. გვ. 314
- ↑ თაყაიშვილი ექვ., არქეოლიგიური ექსპედიცია ლეჩხუმ-სვანეთში 1910 წელს, პარიზი, 1937. გვ. 314-318
- ↑ ყენია რ., ალადაშვილი ნ. ზემო სვანეთი (შუა საუკუნეების ხელოვნება), გზამკვლევი, თბ., 2000, გვ. 78-79
- ↑ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება № 665, 2006 წლის 7 ნოემბერი, ქ. თბილისი, კულტურის ზოგიერთი უძრავი ძეგლისათვის ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის მინიჭების შესახებ