ნეოლითური რევოლუცია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პირველი ნამგალი - თარიღდება ძვ. წ. 3,000 წლით

ნეოლითური რევოლუცია — გრანდიოზული გადატრიალება კაცობრიობის ისტორიაში. მიწათმოქმედების და მესაქონლეობის წარმოშობა ძვ. წ. X – IV ათასწლეულებში. იგი წარმოადგენს ქვის ხანის დამასრულებელ ეტაპს. ეს არის კაცობრიობის ცხოვრების ეტაპი, როდესაც მიმთვისებლური მეურნეობიდან (ნადირობა, შემგროვებლობა, მეთევზეობა) საზოგადოება გადავიდა მწარმოებლურ მეურნეობაზე (მიწათმოქმედება, მესაქონლეობა).

ტერმინი „ნეოლითური რევოლუცია“ ინგლისელ მეცნიერს გორდონ ჩაილდს ეკუთვნის.

ნეოლითური რევოლუციის ხანაში მახლობელ აღმოსავლეთში წარმოიქმნა რამდენიმე ადრე სამიწათმოქმედო კულტურა, რომლებიც პირველი ცივილიზაციების საწყისს ეტაპად შეიძლება ჩაითვალოს.

იორდანულ-პალესტინური კულტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

განსაკუთრებულ კულტურულ ზონას წარმოადგენს იორდანულ-პალესტინური კომპლექსი, რომელიც მკვდარი ზღვის ჩრდილოეთით, მდინარე იორდანეს ხეობაში მდებარეობს, ბიბლიური ქალაქის – იერიქონის ტერიტორიაზე. ეს ნასახლარი 4 ჰექტარზე იყო გაშენებული და 4 მეტრი სიმაღლის ქვის სქელი კედლებით იყო გარშემორტყმული. კედელში ჩაშენებული იყო 7 მეტრი სიმაღლის საყარაულო კოშკი. როგორც ჩანს, კედლის ძირითად დანიშნულებას დასახლების მტრისგან დაცვა წარმოადგენდა. ეს კი გახშირებულ თავდასხმებსა და შეტაკებებზე მიუთითებს. არქეოლოგიური განათხარიდან ჩანს, რომ ნასახლარის მოსახლეობა შენობა-ნაგებობების მშენებლობას განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა, რაც ცხოვრების საკმაოდ მაღალ დონესა და არქიტექტურის განვითარებაზე მიუთითებს. სახლების კედლებს სქელი ალიზისგან აშენებდნენ, ხოლო იატაკი წითლად ან კრემისფრად შეღებილი კირქვით იყო გალესილი, ღებავდნენ კედლებსაც: დაახლოებით მეტრამდე სიმაღლეზე ის წითელი იყო, ხოლო ზემოთ, ჭერამდე კრემისფერი. კლიმატური პირობების გათვალისწინებით, ყველა ნაგებობა ბანიანი გადახურვით ხასიათდებოდა და იატაკი მიწის ზედაპირზე ან მის ქვევით იყო. ამგვარი არქიტექტურა განპირობებული იყო ცხელი და მშრალი ჰავით. სახლებს შორის პატარა ეზოები იყო, სადაც საჭმელს ამზადებდნენ. იერიქონელები იმ დროისთვის არცთუ ისე ცუდად იკვებებოდნენ. მათ რაციონში ძირითადად ხორცი (როგორც წესი, ნანადირევი) და ხორბალი შედიოდა. ცხოველთაგან მოშინაურებული ჰყავდათ ძაღლი, კატა და თხა.

ნეოლითური იერიქონი გორდონ ჩაილდმა გათხარა. სწორედ ამ დასახლებაზე დაყრდნობით, მეცნიერმა შემოიტანა ისეთი ცნებები, როგორებიცაა „ურბანული (ქალაქური) და აგრარული (სამიწათმოქმედო) რევოლუცია“.

ჩათალჰოიუქის კულტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადრესამიწათმოქმედო კულტურის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ცენტრს წარმოადგენდა მცირე აზია (დღევანდელი თურქეთი). არქეოლოგებმა აქ აღმოაჩინეს დასახლება, რომელსაც ჩათალჰოიუქი (დღევანდელი ადგილის სახელის მიხედვით) ჰქვია. ნეოლითში ამ რეგიონში 20-მდე დასახლება მდებარეობდა, რომელთაგანაც ჩათალჰოიუქი ერთგვარ „დედაქალაქს“ წარმოადგენდა. ის მეტად მდიდარი „ქალაქი“ იყო და 2-ათასიდან 6-ათასამდე მოსახლეს იტევდა. აქ ადამიანები ალიზის შენობებში ცხოვრობდნენ. ჩათალჰოიუქის მოსახლეობა მიწათმოქმედებითა და მესაქონლეობით იყო დაკავებული. აქაური ნეოლითელები 14-მდე სახეობის მცენარეს და მსხვილფეხა და წვრილფეხა საქონელს აშენებდნენ. მათ რაციონში შედიოდა რამდენიმე ჯიშის ხორბალი, ქერი, მუხუდო, ფსტა, ნუშის ზეთი და სხვა. ცხოვრების მაღალ დონეზე მიუთითებს გათხრების შედეგად აღმოჩენილი სხვადასხვა სახის სამკაულები – საყურეები, სამაჯურები, მძივები და ყელსაბამები, ასევე კოსმეტიკის მრავალფეროვანი საშუალებებიც. ჩათალჰოიუქის მდიდარ სამყაროზე მიუთითებს აქ აგებული სალოცავები, რომლებიც კედლის მხატვრობითა და თიხის ბარელიეფებით ხასიათდება.

ჩრდილო მესოპოტამიის და დასავლეთ ირანის კულტურები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნეოლითის მესამე, მნიშვნელოვან ცენტრს წარმოადგენდა ჩრდილო მესოპოტამიის და დასავლეთ ირანის კულტურები. ამ რაიონების მოსახლეობა ბინადარ ცხოვრებას ეწეოდა, რაზეც ქვის ფუნდამენტზე აგებული ალიზის სქელკედლიანი სახლები მიუთითებს. ცალკეულ დასახლებებს უკვე ჰქონდათ სქელი, გარს შემოვლებული კედლები და დიდი კარები. აქაურ ბინადრებს მოჰყავდათ სხვადასხვა სახის მცენარეული კულტურები და აშენებდნენ ცხვარს, თხასა და ღორს. გარდა თიხის ჭურჭლისა, ადგილობრივები ქვის ჭურჭელსაც ამზადებდნენ. არქეოლოგებმა აქ აღმოაჩინეს ნახევარმთვარის ფორმის პირველი ნამგალი. ასეთი რამ სხვაგან არ გვხდება. როგორც ჩანს, ამ დასახლებების მოსახლეობა საკმაოდ კომფორტულად ცხოვრობდა, რაზეც მიუთითებენ თიხის სათამაშო ქვები.

გარდა ამ სამი ზონისა ოდნავ გვიანდელი ნეოლითური კულტურები აღმოჩენილია შუა აზიის, ინდოეთის, ჩინეთის, ბალკანეთისა და კავკასიის (მათ შორის საქართველოს) ტერიტორიაზეც. ევროპის ცენტრალურ და ჩრდილო ნაწილებში ნეოლითური გაცილებით გვიან ჩამოყალიბდა.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]