ნეიტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ქალღმერთი ნეიტი ქვემო ეგვიპტის გვირგვინით

ნეიტისაისის ომის ქალღმერთი, რომელიც ბერძნებმა ათენასთან გააიგივეს. გამოისახებოდა ანთროპომორფულად, ქვემო ეგვიპტის გვირგვინით. საისში იყო „ფუტკრის სახლი“ (ფუტკარი ქვემო ეგვიპტის სიმბოლო იყო), რომელიც ოსირისს ეკუთვნოდა და მისი „ზედამხედველი“ ნეიტი იყო. როგორც ჩანს, იგი უმნიშვნელოვანესი მებრძოლი ქალღმერთი იყო წინადინასტიურ ჩრდილოეგვიპტურ სამეფოში და ყველაზე მნიშვნელოვანი ქალღმერთი — დინასტიური პერიოდის დასაწყისში. მისი სიმბოლო იყო ორი გადაჯვარედინებული ისარი, ხანდახან ფართან ერთად ან ორი გადაჯვარედინებული მშვილდი. განსაკუთრებით აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ფარაონ ჰორ აჰას სამარხში აღმოჩენილ სპილოს ძვლის ფირფიტაზე არსებული დღეისათვის დაფიქსირებული სამლოცველოს უძველესი გამოსახულება სწორედ ნეიტის სამლოცველოს წარმოადგენს. საისში მას მოიხსენიებდნენ, როგორც „მას, ვინც გააჩინა რა მაშინ, როცა ჯერ არც ერთი ბავშვი არ იყო გაჩენილი“. ახალი სამეფოს პერიოდიდან, ნეიტს ეძახდნენ „ყველაფრის დედასა და მამას“. ესნას ტაძრის კედლებზე გამოსახული კოსმოგონიის (რომაული პერიოდი) თანახმად, ნეიტმა სამყარო შვიდი მაგიური სიტყვის წარმოთქმით შექმნა. როგორც პირველყოფილი წყლების პერსონიფიკაცია, ის, ასევე, ქვეწარმავლების დედად ითვლებოდა. ხშირად მოიხსენიებოდა, როგორც სობეკის დედა. ასევე, ითვლებოდა, რომ მისი ნერწყვისაგან გაჩნდა რას მუდმივი მტერი, გველის სახის დემონი აპოპი, თუმცა ნეიტი თავად ებრძოდა მას თავისი ისრებით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ხვედელიძე, მანანა (2013). ძველი ეგვიპტის ენციკლოპედია. თბილისი: ქარჩხაძის გამომცემლობა. ISBN 978-99414-52-00-0. 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ნეიტი&oldid=3158079“-დან