ნარინი (ყირგ.Нарын, უზბეკ.Norin), ალაბუგათუზი — მდინარე ყირგიზეთსა და უზბეკეთში; სირდარიის მარჯვენა შემდგენელი. სიგრძე 807 კმ, აუზის ფართობი 59,1 ათ. კმ². სათავეს იღებს ცენტრალური ტიან-შანის მყინვარებიდან, მიედინება მთის ვიწრო ხეობაში (მდინარის სიგანე 30–40 მეტრი, ქ. ნარინის რაიონში — 45 მეტრი). მდ. მცირე ნარინის შეერთების შემდეგ მიედინება ფართო ხეობაში (ნარინის ქვაბულში). ძირითადი შენაკადებია: პატარა ნარინი, სონგ-ქოლი, ქოქომერენი, უზუნ-აქმათი, ყარასუუ (მარჯვენა), ათ-ბაში, ალა-ბუგა (მარცხენა). იკვებება ძირითადად თოვლისა და მყინვარების წყლით. წყალდიდობა იცის მაის – აგვისტოში. წყლის საშუალო მრავალწლიური ხარჯი ქალაქ უჩყურღონთან 365 მ³/წმ (ჩამონადენის წლიური მოცულობა 11,5 კმ³), მაქსიმალური ხარჯი — 1908 მ³/წმ, მინიმალური — 21,2 მ³/წმ. გაყინულია იანვრის მეორე დეკადიდან (ყინულის საფარის სისქე 80–120 სმ-ია) მარტის ბოლომდე – აპრილის დასაწყისამდე, ყინულთსვლა რამდენიმე დღე გრძელდება. შეტივტივებული ნატანის საშუალო მრავალწლიური ხარჯი ქალაქ უჩყურგონთან 500 კგ/წმ (15,8 მლნ. ტონა წელიწადში). წყალს იყენებენ სარწყავად. ნარინიდან იღებს სათავეს ჩრდილოეთ ფერღანის არხი. მდინარეზეა თოქთოგულის წყალსაცავი, აგრეთვე თაშ-ქომირის, უჩყურღონისა და ქურფსაის. ზემო წელზე — ნარინის ნაკრძალი, სადაც დაცულია და აღდგენის პროცესშია ტიან-შანის მარალის პოპულაცია. ნარინზე განლაგებულია ქალაქები (დინების მიხედვით): ნარინი, თაშ-ქომირი (ყირგიზეთი), უჩყურღონი (უზბეკეთი).[1]