ნათლისმცემლის მესამე ნაეკლესიარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ნათლისმცემლის ნაეკლესიარი.

ნათლისმცემელის მესამე ნაეკლესიარი — არქეოლოგიურ-არქიტექტურული ძეგლი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ მანავის ტურის უბანში. თბილისი-გურჯაანის გზატკეცილის პირას. მარჯვენა მხარეს. შემორჩენილი იყო აღმოსავლეთ-დასასავლეთის ღერძზე განლაგებული ორი ნაგებობის ნაშთი. მ.შ დასავლეთით მდებარე ნაგებობიდან. მიწის ზემოთ მხოლოდ ჩრდილო კედლის მცირე ნაწილი იყო შემორჩენილი (სიმაღლე დაახლოებით — 2 მეტრი). აღმოსავლეთით მდებარე კი მიწის პირამდე იყო დანგრეული და კედლების კვალი მხოლოდ აქა-იქღა მოჩანდა.

ადგილს მოსახლეობის სურვილის გათვალისწინებით აღმოსავლეთით მდებარე შენობის ადგილზე გადაწყდა ახლანდელი ეკლესიის აშენება, რის გამოც ეკლესიის შემორჩენილი ნაშთების გამოვლენის მიზნით. 2011 წელს ჩატარდა გაწმენდითი სამუშაოები (დამფინანსებელი — ბიზნესმენი თეიმურაზ ჩიხლაძე. სამუშაოებს უძღვებოდა არქეოლოგი გელა გიუნაშვილი).გათხრების შედეგად ეკლესიის ნაშთი არ აღმოჩნდა. გამოვლინდა მოზრდილი შენობის მცირე ნაწილი, რომლის გეგმის გარედან სწორკუთხედში (გარეთა ზომები: აღმოსავლეთ-დასავლეთის ღერძზე დაახლ. – 12 მეტრი) სამი ოთახია ჩაწერილი. ოთახები ერთანეთისგან გამიჯნულია კაპიტალური კედლით და თითო კარით უკავშირდება ერთმანეთს (შემორჩენილი კედლების სიმაღლე — 90-100 სანტიმეტრი, სისქე 90 სმ). ოთახებიდან ორი შენობის ჩრდ. ნახევარშია მოქცეული, ხოლო მესამე — სამხრეთ ნახევარში (ამ ოთახის სამხრეთ კედლის მდებარეობა ნაგებობის ამ ნაწილის გაუთხრელობის გამო. დაუდგენელია). ჩრდილოეთით მდებარე ოთახები თითქმის თანაბარი ფართობისაა (ფართობი დაახლ. 16 მ²-ია). ორივე ოთახში თითო ბუხარია დასავლეთით მდებარე ოთახში ბუხარი ჩრდილო კედლის სისქეშია მოწყობილი. აღმოსავლეთით მდებარე ოთახში კი — კედელზეა მიდგული. ბუხარი მესამე სამხრეთით მდებარე ოთახშიცაა — აღმოსავლეთ კედლის შუაში.

შენობის ჩრდილო ნახევრის ჩრდილო კედლის შემორჩენილი ნაშთის (სიგრძე 50 სანტიმეტრია) მიხედვით ჩანს, რომ კედელი აღმ-თაც გრძელდებოდა რომელიც მოგვიანებით მოუნგრევიათ. შენობის დასავლეთ ნაწილიდან (გაუთხრელია) მხოლოდ ორი ოთახის კედლის ნაშთები იკითხება, მათგან დასავლეთით მდებარე (ფართობი 25 მ²-ია) ოთახის ჩრდილო კედლის შუაში ბუხარია. დასავლეთ კედლის შუაში კი (კედელი ამ ადგილას დანგრეულია). სავარაუდოდ, კარი იყო მოწყობილი. აღმოსავლეთით მდებარე ოთახიდან მხოლოდ ჩრდილო კედლის მცირე ნაწილიღაა შემორჩენილი. საშენ მასალად თანაბარი ზომის რიყის ქვაა გამოყენებული, რომელიც დაწყობილია წესიერ თარაზულად გამავალ რიგებად. ბუხრები მთლიანად აგურით ყოფილა გამოყვანილი. აგურის ნატეხები ალაგ-ალაგ კედლების წყობაშიცაა ჩატანებული. კედლები შიგნიდან შელესილი ყოფილა.

გათხრების შედეგად აღმოჩენილი მასალის (ფაიანსის და თიხის ჭურჭლის ნამტვრევები, ვერცხლის ჯვარი, რკინის ლურსმნები და სხვა) საფუძველზე შენობა სავარაუდოდ გვიან შუა საუკუნეებით დათარიღდა. ნაგებობის დასავლეთით ორმოციოდე მეტრის მანძილზე შემორჩენილია აღმოსავლეთ-დასავლეთის მიმართულებით ორიენტირებული. რიყის ქვითა და აგურის ნაგები შენობის ნანგრევი (ჩრდილო-დასავლეთ კუთხე და ჩრდილო კედლის ნაწილი) რომელიც შესაძლებელია ეკლესიის ნაშთიც კი იყოს (ამ ადგილას მოსახლეობას ორი პატარა ნიში აუგია. ხანდაზმულთა გადმოცემით სოფლის ამ ნაწილში ადრე ორი ეკლესია მდგარა — ღვთისმშობლისა და წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობისა — და კიდევ რამდენიმე ნაგებობა, რომლებიც XX საუკუნის შუა ხანებში დაუნგრევიათ). იქვე ახლოს დასავლეთით ერთ-ერთი მოსახლის ეზოს შემზღუდავ კედელში, ჩართულია დაახლოებით 2 მეტრი სიმაღლის რიყის ქვით ნაშენი კედლის (მეორე ეკლესიის კედლის) ნაწილი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]