მომის ქედი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მომის ქედი
რუს. Момский хребет
კოორდინატები: 66°35′34″ ჩ. გ. 144°46′29″ ა. გ. / 66.59278° ჩ. გ. 144.77472° ა. გ. / 66.59278; 144.77472
ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
ტერიტორიული ერთეული სახა (იაკუტია)
უმაღლესი წერტილი 2480 მ
სიგრძე 470 კმ
მომის ქედი — რუსეთი
მომის ქედი

მომის ქედი[1] (რუს. Момский хребет) — ქედი რუსეთში, იაკუტიაში. მდებარეობს ჩერსკის მთაგრეხილის სისტემაში, მდ. ინდიგირკის მარჯენა ნაპირზე. სიგრძე 470 კმ. სიმაღლე 2480 მ-მდე. ჭარბობს საშუალო მთის რელიეფი; ქედის ამაღლებულ ნაწილში — ალპური. ადგილ-ადგილ შემორჩენილია ძველი მოსწორების ზედაპირები, რომლებმა განიცადეს ინტენსიური ეროზიული დანაწევრება მდინარეთა ღრმა ხეობებით. განვითარებულია მრავალწლოვანი მზრალობა და რელიეფის მასთან დაკავშირებული ნივალურ-სოლიფლუქციური ფორმები. მდინარე ინდიგირკისა და მისი შენაკადების ხეობებში გავრცელებულია დიდი მინაყინები (ტარინები), მ.შ. უდიდესია მდინარე მომაზე — ულახან-ტარინი (სისქე 4 მ-მდე, ფართობი წლის მონაკვეთის მიხედვით 76-დან 112 კმ²-მდე). ქედის ქვემო კალთებზე ჭარბობს მთა-ველის ლანდშაფტები — მეჩხერი ფოთლოვანი ტყეები, რომლებსაც 1000 მ-ზე მაღლა ქონდარა ფიჭვის, მურყნის, ტირიფის შეკრული რაყები ცვლის; 1500 მ-ზე მაღლა — მაღალმთის ლიქენიანი ტუნდრა, ქვიანი მასივები, ისლიანი და ჭაობის ბამბიანი დაჭაობებული ტუნდრა.[2]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. საბჭოთა კავშირის გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1987. — გვ. 136.
  2. Момский хребет // Большая российская энциклопедия. т. 20. — М., 2012. — стр. 709–710.