მოლოდიოჟ გრუზიი
„მოლოდიოჟ გრუზიი“ (რუს. „Молодёжь Грузии“) — ახალგაზრდული გაზეთი საქართველოს სსრ-ში, საქართველოს ახალგაზრდა ლენინური კომუნისტური კავშირის ცენტრალური კომიტეტის ორგანო, გამოდიოდა 1921 წლის 31 მაისიდან თბილისში, კვირაში 3-ჯერ, რუსულ ენაზე.
„მოლოდიოჟ გრუზიის“ წინამორბედია ამიერკავკასიის პირველი ახალგაზრდული გაზეთი „მოლოდოი რაბოჩი“, რომელიც 1919 დაარსდა ბაქოში, საქართველოში (თბილისში) გამოვიდა საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ (1921) და ამიერკავკასიის კომკავშირის სამხარეო კომიტეტის ორგანო იყო. 1937 წლიდან „მოლოდოი სტალინეცი“ ერქვა, ხოლო 1961 წლის 18 ნოემბრიდან — „მოლოდიოჟ გრუზიი“. აშუქებდა კომკავშირული ცხოვრების აქტუალურ პრობლემებს, ქვეყნის პოლიტიკურ-ეკონომიკურ საკითხებს. ბეჭდავდა სტატიებს ახალგაზრდობის აღზრდის, შრომისა და განათლების შესახებ. აქვეყნებდა წერილებს ლიტერატურაზე, ხელოვნებაზე, სპორტზე და სხვა თემებზე. ტირაჟი 70 ათასი ცალი (1981 წლის მონაცემები).
საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ გამოდიოდა Новая Газета-ს სახელით. დაიხურა 1991 წლის შემოდგომაზე.[1]
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- წულაძე დ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 84.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ ჯონსი ს., „საქართველო: პოლიტიკური ისტორია დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ“ = Georgia: A Political History of Independence, თბილისი: სოციალური მეცნიერებების ცენტრი, 2013 [2012]. — გვ. 94, ISBN 978-9941-0-5972-8.