შინაარსზე გადასვლა

მიხეილ დავითიშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მიხეილ ილიას ძე დავითიშვილი (დავიდოვი) — XVIII საუკუნის I ნახევრის რუსეთში მოღვაწე ქართველი თავადი. ნიკოლოზ ბატონიშვილის (მომავალი ერეკლე I) ამალაში მყოფ დავითიშვილთა შთამომავალი, ალექსანდრე არჩილის ძის ცოლის — გლიკერიას ძმა, გენერალ პავლე ციციანოვის პაპა (დედის მხრიდან).

განათლება მიიღო მოსკოვში. დაეუფლა სამხედრო საქმეს. მოსკოველ ქართველთა რაზმთან ერთად მონაწილეობდა რუსეთის ჯარის კასპიისპირეთის ლაშქრობაში (1722). პეტერბურგში პირველი ჩასვლის დროს (1725) ეახლა ვახტანგ VI-ს. დავითიშვილმა მეფე ბაქარის წინადადებით თარგმნა „ვაკაფა“ — რუსულ-ქართული სასაუბრო. იმავე 1725 წელს მან რუსული და ევროპული ლიტერატურის საფუძველზე შეადგინა მეორე სასწავლო წიგნი — „მცირე რამ გამოკრებილი ანგარიშის ცოდნისა“, რომელიც გაასწორა და განავრცო ვახტანგ VI-მ. ეს იყო ქართულ ენაზე შედგენილი ევროპული ტიპის სახელმძღვანელო მათემატიკაში (პრაქტიკულ არითმეტიკაში). მოღწეულია დავითიშვილის რამდენიმე ხელნაწერი (ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ფონდი შ–167, ფონდი H–2204; პეტერბურგის სახელმწიფო საჯარო ბიბლიოთეკის იოანე ბატონიშვილის პირველი კოლექცია, ხელნაწერი №313).

  • სიხარულიძე ფ., ქართველი მეომრები კასპიისპირეთის ლაშქრობაში, კრ.: საქართველოს, კავკასიისა და მახლობელი აღმოსავლეთის ისტორიის საკითხები, თბ., 1968;
  • ჩაგუნავა რ., ვახტანგ ბაგრატიონის საბუნებისმეტყველო სამეცნიერო მოღვაწეობა, თბ., 1986;
  • ცხაკაია დ., მათემატიკის ისტორია XVII საუკუნიდან XIX საუკუნის მეორე ნახევრამდე, თბ., 1965;