მიხეილ ახმეტელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მიხეილ ახმეტელი
დაბ. თარიღი 1895[1] [2]
დაბ. ადგილი ბორჯომი
გარდ. თარიღი 1963[1]
გარდ. ადგილი მიუნხენი
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
გერმანიის იმპერია
 გერმანია
საქმიანობა ეკონომისტი და უნივერსიტეტის პროფესორი
მუშაობის ადგილი ლუდვიგ მაქსიმილიანის მიუნხენის უნივერსიტეტი, ჰუმბოლდტის უნივერსიტეტი და Wannsee Institut
ალმა-მატერი იენის უნივერსიტეტი

მიხეილ ახმეტელი (დ. 1895, ბორჯომი — გ. 1963, მიუნხენი, გფრ) — ქართველი პოლიტოლოგი, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, სოვეტოლოგიის გერმანული სამეცნიერო სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, ქართული ემიგრაციის ცნობილი წარმომადგენელი.

დაიბადა აზნაურის, სასულიერო პირის ოჯახში. დაამთავრა თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზია (1914). სწავლობდა ხარკოვის უნივერსიტეტში (1914–1917). სამშობლოში დაბრუნების შემდეგ თანაუგრძნობდა ხელისუფლების სათავეში მოქცეულ სოციალ-დემოკრატებს, რომელთა შორისაც იყო მისი ბიძა ვლადიმერ ახმეტელი, საქართველოს ელჩი გერმანიაში. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის მიერ დანიშნული სტიპენდიით 1919 წელს გაიგზავნა გერმანიაში სწავლის გასაგრძელებლად.

საბჭოთა რუსეთის საქართველოს დემოკრატიული რესბუბლიკის ოკუპაციის შემდეგ მიიღო გერმანიის მოქალაქეობა. დაამთავრა იენის უნივერსიტეტი და 1925 წელს იქვე დაიცვა დისერტაცია ფილოსოფიის დირექტორის ხარისხის მოსაპოვებლად. იმავე წელს შეუდგა აგრარული მეცნიერებების შესწავლას. მისი ნაშრომები იბეჭდებოდა გერმანიაში გამომავალ სამეცნიერო ჟურნალებში. გამოსცა ფუნდამენტური გამოკვლევები სსრ კავშირისა და აღმოსავლეთ ევროპის აგრარული პოლიტიკის, ბოლშევიზმის ისტორიის, ძირითად საკითხებზე. მათ შორის გამოირჩევა წიგნი „აგრარული პოლიტიკა საბჭოთა კავშირში და მისი შედეგები“ (1942), რომელიც საერთაშორისო დონის სოვეტოლოგიური გამოკვლევაა. ითვლება სოვეტოლოგიის სკოლის ერთ-ერთ ფუძემდებლად. ზოგჯერ წერდა ფსევდონიმით „კონსტანტინ მიხაილი“. ახლო ურთიერთობაში იმყოფებოდა ქართული და სხვა კავკასიელი ერების ემიგრაციის ცნობილ წარმომადგენლებთან. მოღვაწეობდა აღმოსავლეთ ევროპის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში (1927-1934). 1937-1940 წლებში ხელმძღვანელობდა ამ ცენტრს, რომელსაც ვანზეეს ინსტიტუტსაც უწოდებდნენ. პარალელურად მუშაობდა ბრესლაუს უნივერსიტეტში ჯერ პრივატ-დოცენტის, ხოლო შემდეგ პროფესორის თანამდებობაზე. ასევე მოღვაწეობდა ბერლინის ჰუმბოლდტის სახელობისა (1939-1945) და მიუნხენის უნივერსიტეტებში (1945 წლიდან).

მეორე მსოფლიო ომის პერიოდში, ალექსანდრე ნიკურაძესთან ერთად, ხელმძღვანელობდა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისა და სსრ კავშირის შემსწავლელ სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტს. იყო გერმანიის მეშვეობით კავკასიის განთავისუფლების მომხრე, რომლის ძირითად მიზანს წარმოადგენდა კავკასიური კონფედერაციის ჩამოყალიბება საქართველოს ჰეგემონიითა და გერმანიის პროტექტორატით. 1943 მკაცრად გააკრიტიკა გერმანიის პოლიტიკა აღმოსავლეთით დაპყრობილი ტერიტორიის მოსახლეობის მიმართ, რის გამოც დაპატიმრებას ძლივს გადაურჩა. ომის დასრულების შემდეგ დასახლდა მიუნხენში, სადაც მისი აქტიური მონაწილეობით დაფუძნდა აღმოსავლეთ ევროპისა და სსრ კავშირის შემსწავლელი ახალი სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი. ეწეოდა აქტიურ საზოგადოებრივ პოლიტიკურ საქმიანობას. იყო გერმანიაში არსებული ქართველთა სათვისტომოს გამგეობის წევრი და იმავე ქვეყანაში გამომავალი ქართული ემიგრანტული პრესის აქტიური თანამშრომელი, ანტიბოლშევიკური და ანტისაბჭოური მოძრაობის გამოჩენილი და წარმომადგენელი დასავლეთ ევროპაში, ერთ-ერთი დამფუძნებელი „ანტიბოლშევიკ ერთა ბლოკისა“.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ჯავახიშვილი ნ., საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918–1921) : ენციკლოპედია-ლექსიკონი, თბ.: უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2018. — გვ. 54-55.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 SNAC — 2010.
  2. NUKAT — 2002.