შინაარსზე გადასვლა

მთისძირის პირველი ეკლესია და სამაროვანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მთისძირის IV ეკლესია და სამაროვანი — არქიტექტორულ-არქეოლოგიური ძეგლი მდებარეობს სოფლის თავში, მდინარე არეშის მარჯვენა ნაპირას, საკარმიდამო ნაკვეთებს შორის, „ბეჩას კაკლებად“ წოდებულ ადგილზე. 1973-1976 წელს ძეგლი გათხარა საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის არეშის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღვანელი ლ. ჭილაშვილი). ეკლესიას კონსერვაცია ჩაუტარდა 1980-იან წლებში. ეკლესია სამნავიანი ბაზილიკაა,განეკუთვნება ადრინდელ შუა საუკუნეებს. მოგვიანებით, მას სამხრეთიდან, დასავლეთიდან და ჩრდილოეთიდან მიაშენეს გარშემოსავლელი (ეკლესიის საერთო სიგრძეა 27 მეტრი, სიგანე - 21 მეტრი). სამაროვანი თარიღდება X-XIV საუკუნით.

ნაგებობა გეგმით აღმოსავლეთ-დასავლეთის ხაზზე ოდნავ წაგრძელებული სწორკუთხედია (22.8 x 14 მეტრი, კედლების სისქე 1.1 მეტრია). შენობა ნაგებია სხვადასხვა ზომის რიყის ქვით. შიგადაშიგ გამოყენებულია ფიქალიც, გარეთა კუთხეები გამოყვანილია მოზრდილი ზომის, უხეშად დამუშავებული ქვებით:

ძეგლი ძლიერადაა დაზიანებული, იგი საგანგებოდ არის დამწვარი და დანდრეული (როგორც ჩანს XIV საუკუნის ბოლოს ან XV საუკუნის დასაწყისში). შედარებით უკეთ არის გადარჩენილი მისი აღმოსავლეთ მხარე, შემორჩენილი კედლების სიმაღლე დასავლეთისკენ თანდათან კლებულობს და ბოლოს წყობის ერთ რიგამდე დადის. ბაზილიკას სამი შესასვლელი აქვს: სამხრეთით, ჩრდილოეთით და დასავლეთით. სამივე შესასვლელი (სიგანე 1.9 მეტრი) შესაბამისი კედლის შუა ნაწილშია და გარედან 25-27 სანტიმეტრია სიმაღლის ბაქანი აქვს მიშენებული. ბაზილიკის შიდა სივრცე, სამი წყვილი ოთხკუთხა ბაზისებიანი (1 x 1.5 მეტრი, სიმაღლე 0.2 მეტრი). მრგვალი სვეტით სამ ნავად იყო გაყოფილი. სვეტებიდან შემორჩენილია მხოლოდ ჩრდილოეთ რიგის შუა სვეტი. იგი ნაგებია მომცრო ზომის, საგანგებოდ დამუშავებული რიყის ქვებისგან (ხშირ შემთხვევაში ქვებს კონუსური ფორმა აქვს მიცემული და დაწყობილი არიან ფუძით გარე პირისაკენ) და გალესილია კირის წმინდა ხსნარით. ბაზისები კი ნატეხი ქვითა და კირის დუღაბითაა გამოყვანილი და კირითვეა მთლიანად მოლესილი.

მთავარი ნავი, გვერდითებთან შედარებით, სამჯერ უფრო განიერია (სიგანე 5.1 მეტრი).

აღმოსავლეთით იგი დასრულებულია ნახევარწრიული აფსიდით (შემორჩენილია 5.8 მეტრ სიმაღლეზე), რომლის წინ მოკლე ბემაა. აფსიდის შუაში დგას გვიანდ., გეგმით ოთხკუთხა ტრაპეზი, საკურთხეველი ნათდებოდა ვიწრო, მაღალი სარკმლით, რომელიც საკურთხევლის იატაკიდან 23 მეტრ სიმაღლეზეა.

საკურთხევლის გვერდებზე გეგმით სწორკუთხა თითო სათავსია, რომლებსაც შესასვლელი დასავლეთიდან, შესაბამისი ნავის მხრიდან აქვთ. ორივე სათავსის აღმოსავლეთ კედელში მოწყობილია ვიწრო სარკმელი, საკურთხევლის მხარეს მდებარე კედელში კი, პატარა, სწორკუთხა ნიშა.

მოგვიანებით, გარშემოსავლების მშენებლობის დროს, საკურთხევლის იატაკი, საგრძნობლად აუმაღლებიათ (0.9 მეტრით), წინ წამოუწევიათ და გაუგანიერებიათ თითქმის გვერდითი სათავსების კარებამდე ამავე დროს, საკურთხევლის შვერილი ნაწილის კიდეების ხაზზე აუგიათ კანკელი, რომელიც გვერდებიდან ყრუ კედლებით იყო შემოფარგლული. ცენტრალური ნავის მხარეს კი გახსნილი იყო აგურით ნაგებ, ექვსს მრგვალ სვეტზე დაყრდნობილი (განაპირა სვეტები შერწყმულია კედელთან), ნახევარწრიული თაღებით. სვეტები დასრულებული ყოფილა აგურით ნაწყობი კაპიტულებით, კანკელი შელესილი ყოფილა კირის ხსნარით.

საკურთხეველზე ასასვლელად შუა თაღის არეში მოწყობილია სამსაფეხურიანი კიბე. საკურთხევლის იატაკში, საცდელი თხრილის გავლებისას, აღმოჩნდა ეკლესიის თავდაპირველი ტრაპეზი, რომელიც სარკმლის ქვემოთ, კედელზე იყო მიშენებული. გრძივ და დასავლეთ კედლებს, მთელ სიგრძეზე, გასდევს ქვით ამოშენებული და კირის ხსნარით შელესილი საფეხური (სიგანე 0.4 მეტრი სიმაღლე 0,28მეტრი).

გარშემოსავლელის სამხრეთ და ჩრდილოეთ ნაწილები აღმოსავლეთით ღრმა, ნალისებრი ფორმის აფსიდებითაა დასრულებული. მათგან სამხრეთ ნაწილის აფსიდის იატაკი შემაღლებულია და აფსიდიდან რამდენადმე წინაა წამოწეული. აფსიდის წინ, გარშემოსავლელის სამხრეთ კედელზე, მიშენებულია 0.7 მეტრის სიმაღლის ოთხკუთხა ემბაზი. გარშემოსავლელის სამხრეთ კედელში მოწყობილი იყო ექვსი განიერი თაღი, რომლებიც შვიდ სვეტს ეყრდნობოდა, მათგან ორი გეგმით სწორკუთხაა, დანარჩენები - წრიული (დიამეტრი 1 მეტრი). გარშემოსავლელის დასავლეთ ნაწილის დასავლეთ კედელში მოწყობილი ყოფილა სამმაგი თაღოვანი შესასვლელი. თაღები დაყრდნობილი იყო ოთხ მრგვალ სვეტზე.

რომელთაგანაც განაპირები, სამხრეთ ნაწილის განაპირა სვეტების მსგავსად, შესაბამის კედელს ერწყმოდა. ერთი სვეტი მოქცეულია დასავლეთ კედლის სამხრეთ ნაწილში. შესაძლოა, კედლის ამ ნაწილში თაღის მოწყობა სურდათ, რაც მინაშენის მშენებლობის დროსვეა უარყოფილი.

გარშემოსავლელის ჩრდილოეთ ნაწილი, სამხრეთ და დასავლეთ ნაწილებთან შედარებით გაცილებით მეტადაა დანგრეული. შესასვსვლელი მას ჩრდილოეთ კედლის შუაში აქვს, ბაზილიკის შესასვლელის მოპირდაპირედ. გარშემოსავლელის სამივე ნაწილი გადახურული იყო კამარით, რომელიც ბაზილიკის შესაბამის კედლებზე მიშენებულ სწორკუთხა პილასტრებს და მათზე გადაყვანილ თაღებს ეყრდნობოდა. თვით პილასტრების დასაყრდნობათ კი, ბაზილიკის კედლების გასწვრივ, მოწყობილია 1.5 მეტრი სიგანის ბაქანი.

შენობა დახურული იყო ბრტყელი და ღარისებრი კრამიტით, გათხრისას აღმოჩნდა რამდენიმე ბრტყელი კრამიტის ნატეხი, ერთი და იმავე ყალიბით გამოყვანილი ჯერითა და ორსტრიქონიანი, მეტნაკლები სისრულის ქართული წარწერით წარწერის პირველი სტრიქონი ლიგის ქვეშ მოქცეული სამი ასოსგან შედგება, ხოლო მეორეზე, დაქარაგმებული და უკუღმა დაშტამპული ორი ასოა “შ[ეიწყალ]ე”. გარშემოსავლელის დასავლეთ კედლის ქვეშ ნაწილობრივ მოყოლილია ქვის ოთხი უინვენტარო სამარხი. ეკლესია ინტერიერში კი მრავალფეროვანი არქეოლოგიური მასალა აღმოჩნდა, რომელიც ნანგრევებში იყო არეული. მათ შორის საყურადღებოა წითელკეციანი ჭურჭლის კარგად დამუშავებული, ზოგჯერ გაპრიალებულ ზედაპირიანი ნატეხები (IV-VI საუკუნეები), ასევე, მისი თანადროული, ან ოდნავ მოგვიანო ხანის ტუნიანი ლანგრის ფრაგმენტები. აღსანიშნავია მოჭიქული ჯამების ფრაგმენტები, რომელიც ქალაქ სამარიდანაა შემოტანილი და IX საუკუნით თარიღდება. ერთფერად და მრავალფერად მოჭიქული, გეომეტრიული და მცენარეული ორნამენტით შემკული ჯამები: ფრინველებისა და ქალ-ჩიტების გამოსახულებიანი წითეწლი და შავი საღებავებით მოხატული, თხელკეციანი, ცალყურა სასმისები. ვხვდებით ნაწილობრივ მოჭიქულ ჯამებს (XIII საუკუნის მეორე ნახევარი და XIV საუკუნე) გარდა კერამიკისა. აღმოჩნდა რკინის ლურსმნები, სატევრის პირი, ბოძალი, აბზინდა, კლიტის ფრაგმენტი.

გარშემოსავლელის ჩრდილოეთ ნაწილის აფსიდის იატაკზე - სპილენძის ჯვარი. ეკლესიის სამხრეთით, სადაზვერვო თხრილში - გვიანდელი შუა საუკუნეების ბრტყელძირიანი, მოუჭიქავი ჯამები, რომლებიც შეიძლება დაუკავშირდეს ბაზილიკის და საერთოდ, არეშის განადგურების შემდეგ, აქ დამკვიდრებულ მოსახლეობას.

ეკლესიის ორგვლივ ვრცელი ადგილი ჰქონდა დათმობილი სამაროვანს, რომელზეც გაითხარა ტერიტორიის მხოლოდ მცირე, ეკლესიის მიჯრით (სამხრეთით) მდებარე, დაახლოებით 100 კვადრატული მეტრი ფართობი. შესწავლილია 21 სამარხი (16 ქვაყუთი, სამი ორმოსამარხი და ორი ქვებშეწყობილი ორმოსამარხი), ქვაყუთები შედგენილია ქვის ფილებით, ალაგ-ალაგ გამოყენებულია რიყის ქვაც. ზოგ შემთხვევაში ქვები, სასურველი ფორმის მისაღებად, საგანგებოდ არის გათლილი. ცამეტ სამარხში დადასტურდა თითო ჩონჩხი, დანარჩენი - კოლექტიური სამარხებია. სამარხეული ინვენტარი გამოვლინდა ათ სამარხში. ესენია X-XIV საუკუნის თიხის ჭურჭელი, სადა და მოჭიქული კერამიკის სპილენძისა და ბრინჯაოს ფარაკიანი ბეჭდები, სპილენძის საკიდები, ბურთულა ღილები, სხვადასხვა მინერალების მძივები, მინის სამაჯურები და მინისავე გაურკვეველი ფორმის ჭურჭლის ფრაგმენტები. ეკლესიის ჩრდილო-დასავლეთით, ღელის პირას, ჩვიდმეტ ჰექტრიანებად წოდებულ ადგილზე, გაითხარა ორფენიანი ნასახლარი. ფენების სიმძლავრე 0.4 მეტრია. ფენები ერთმანეთისგან გამიჯნული იყო მიწატკეპნილით. გათხრების დროს ზედა ფენაში გამოჩნდა მარნის ნაწილი ორი ქვევრით და ნასახლარის ნაშთი, კედლების ფრაგმენტები, წნულის ანაბეჭდიანი ბათქაშის ნაწილები (ხშირად ცეცხლში გამომწვარი) და კრამიტის ფრაგმენტები. საფიქრებელია, რომ ნაგებობები ხის იყო. ჰქონდა თიხით შელესილი წნელის კედლები და კრამიტის სახურავი. ნასახლარის ორივე დონეზე გამოვლინდა მოჭიქული და მოუჭიქავი, საოჯახო კერამიკის მრავალრიცხოვანი ნიმუშები. ფრინველისგამოსახულებიანი. გეომეტრიულ და მცენარეულორნამენტიანი, აგრეთვე, ნაღვენთებიანი და ანგობით მოხატული.ქვედა ფენაში დადასტურდა უპირატესად [[IX საუკუნე|IX-X საუკუნეებისთვის დამახასიათებელი ჭურჭელი. ზედა ფენა უფრო XII-XIII საუკუნის მასალით არის წარმოდგენილი (ჭიქურის იმიტაციით შემკული ჭურჭელი და მინის სამაჯურის ნატეხები), ერთ-ერთ ჯამის ფსკერზე, ყავისფერ ფონზე ამოკაწრულია წრე, რომლის შუაშიც ამოკაწრულია ასო “ყ”.

ნასახლარზე ასევე დადასტურდა სამი ორმო, რომლებიც, როგორც ჩანს, მარცვლეულის შესანახად იყო განკუთვნილი, მწყობრიდან გამოსვლის შემდეგ კი ნაგვით ამოავსეს. ორმოებში ჩაყრილი იყო სხვადასხვა ჭურჭლის ნაწილები, კრამიტის, მინის სამაჯურების, ასევე რკინის დანის ნატეხები. ორმოებში აღმოჩენილი ნივთებიდან განსაკუთრებით საინტერესოს ცხენის თანამედროვე ფორმის ნალი, მწვანედ მოჭიქული, ნიჟარისებრი ჭრაქი, ინკრუსტირებული მინის სამაჯურის ნატეხი და დიდი ზომის ქოთანი.

ეკლესიასთან ახლოს გადიოდა მდინარე არეშიდან გამოყვანილი არხი, რომელიც აკვედუკების მეშვეობით ორ ღელეზე გადადიოდა. აკვედუკების ფრაგმენტები და არხის ცალკეული მონაკვეთები დაფიქსირდა მდინარისპირა ფლატეებზე და ღელეთა ნაპირებზე.