შინაარსზე გადასვლა

მეტეოროიდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
არ უნდა აგვერიოს შემდეგ მნიშვნელობა(ებ)ში: მეტეორიტი ან მეტეორი.
მეტეორული სხეული კოსმოსში — „მეტეოროიდი“.
მეტეორული სხეული ატმოსფეროში — „მეტეორი“.
მეტეორული სხეული დედამიწაზე — „მეტეორიტი“.

მეტეოროიდი, მეტეორული სხეული, მეტეორული ნივთიერება — პლანეტათშორის სივრცეში გაფანტული მცირე ზომის მყარი სხეულები, რომელსაც ზომის თვალსაზრისით შუალედური ადგილი უკავია კოსმოსურ მტვერსა და ასტეროიდს (10 მკმ-დან — 1 -მდე) შორის.

მეტეოროიდი, რომელიც დედამიწის ატმოსფეროში იჭრება მაღალი (11-72 კმ/წმ) სიჩქარით, ჰაერთან ხახუნის შედეგად ხურდება, იშლება და იწვება, რომლის დროსაც იქმნება მეტეორის („ვარსკვლავთცვენის“ სახით დარჩენილი კვალი) სახელით ცნობილი მოვლენა. დედამიწაზე ჩამოვარდნილი მატეოროიდის სხეული იწოდება მეტეორიტად.

მეტეორული ნივთიერება თავმოყრილია ეკლიპტიკის სიბრტყეში და უმთავრესად დედამიწის გარემოქცევის მიმართულებით ბოძრაობს. იგი იწვევს ზოდიაქურ სინათლეს, მჭიდრო კავშირშია მეტეორულ ნაკადებთან და სპორადულ მეტეორებთან.

მეტეორის საერთაშორისო ორგანიზაციის (IMO) ოფიციალური განმარტებით, მეტეოროიდი არის მყარი ობიექტი, რომელიც მოძრაობს პლანეტათაშორის სივრცეში, რომელიც ასტეროიდზე გაცილებით მცირე ზომისაა, მაგრამ ბევრად დიდია ატომზე[1]. ბრიტანეთის სამეფო ასტრონომიულმა საზოგადოებამ წამოაყენა კიდევ ერთი ფორმულირება, რომლის მიხედვითაც მეტეოროიდი არის სხეული, რომლის დიამეტრი 100 მიკრონიდან 10 მეტრამდეა[2]. სხვა წყაროები ზღუდავს მეტეოროიდის ზომას 30 მ[3].

სტატიაში „მეტეორიტი და მეტეოროიდი: ახალი ყოვლისმომცველი განმარტებები“[4] ჟურნალში Meteoritics & Planetary Science 2010 წლის იანვარში, ავტორები სთავაზობენ შემდეგ გონივრულ განმარტებებს სამეცნიერო საზოგადოებას:

  • მეტეოროიდი: ბუნებრივი მყარი ობიექტი, რომლის ზომებია 10 მიკრონიდან 1 მეტრამდე, რომელიც მოძრაობს პლანეტათაშორის სივრცეში. მეტეოროიდები შეიძლება იყოს როგორც ძირითადი ობიექტები, ასევე უფრო დიდი ციური სხეულების წარმოებული ფრაგმენტები (არა მხოლოდ ასტეროიდები).
  • მიკრომეტეოროიდი: მეტეოროიდი, რომლის ზომებია 10 მკმ-დან 2 მმ-მდე.

მეტეოროიდის ზომა პირობითად მიღებულია 10 მიკრონიდან - 1 მეტრამდე, თუმცა ზოგჯერ ზომის ზედა ზღვარმა შეიძლება 10 მეტრს მიაღწიოს. მასზე უფრო დიდი ზომის ობიექტები ითვლებიან ასტეროიდებად. თუმცა რიგ შემთხვევაში ასტეროიდებად მიიჩნევენ ობიექტებს, რომელთა ზომაა 100 მ ან 1 კმ[5].

მეტეორის განმარტება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ციური წარმოშობის მცირე ზომის ობიეტი რომელიც შედის დედამიწის ატმოსფეროში და იწყებს ნათებას. სიტყვა მეტეორი, წარმოქმნილია ბენძნული სიტყვისგან მეტეოროს (μετέωρος), რაც ქართულ თარგმანში "ციურს" ნიშნავავს. ამ სიტყვით აღნიშნავენ კაშკაშა ობიექტს რომელიც უეცრად ჩნდება ღამის ცაზე, გარკვეულ კუთხურ მანძილს გადის და უკვალოდ ქრება.

უნივერსალური განმარტებაა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ციური წარმოშობის მცირე ზომის ობიექტი რომელიც შედის სხვა, როგორც წესი გაცილებით უფრო დიდი, ციური ობიექტის ატმოსფეროში, და იწყებს კაშკაშა ნათებას და წვას.

გავრცელებული შეცდომა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქართულ ზეპირსიტყვიერებაში მიღებული სიტყვა-შეთანხმება "ვარსკვლავის მოწყვეტა" ტექნიკურად და ფიზიკურად უაღრესად დამაბნეველი ტერმინია. მეტეორის გაელვებას, ვარსკვლავთან, მხოლოდ მოჩვენებითი მსგავსება აქვს, და არა რეალური. არ უნდა გვეგონოს რომ მეტეორს და ვარსკვლავი რაიმე რეალური კავშირი აქვთ

მოვლლენის ფიზიკური არსი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მეტეორის ნათება უკავშირდება მის შემოსვლას ატმოსფეროს შიდა ფენებში. იმის და მიუხედავად, რომ დიდ სიმაღლეზე ჰაერი გაუხშოვებულია, კოსმოსიდან შემოჭრილ სხეულს იმდენად დიდი სიჩარე აქვს, რომ მაგალითად დედამიწის შემთხვევაში 85კმ სიმაღლეზე, მოლეკულებთან ურთიერთქმედების გამო, ვარდნილი სხეული ძლიერად ცხელდება და იწყებს კაშკაშა ნათებას. ამ გზით გაცხელებულ და განათებულ სხეულს უწოდებენ მეტეორს. 50კმ სიმაღლეზე მეტეორების უმრავლესობა ბოლომდე ჩაიწვება [6], [7].

დედამიწის ატმოსფეროში შემავალი მეტეორების (კოსმოსური წარმოშობის ვარდნილი სხეულის) ტიპური სიჩქარე შეადგენდეს 10 კმ/წმ - 70 კმ/წმ (10 000 მ/წმ - 70 000 მ/წმ). შედარებისათვის: ოლიმპიური სპრინტერი სადღაც 10 მ/წმ სიჩქარით დარბის; ფორმულა ერთის ბოლიდის სიჩარის რეკორდია 115 მ/წმ; ჰაერში აკუსტიკური ბგერის გავრცელების სიჩქარეა 340 მ/წმ (ნომრალური ატმოსფერულ იპირობების შემთხვევაში); ხოლო ყველაზე სწრაფი თვითმფრინავის (სრ-71 "შაშვი" SR-71 Blackbird[8]) სიჩქარის რეკორდია 980 მ/წმ [9].

მეტეორის წვის მიზეზი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ატმოსფეროში, დიდ სიჩქარეზე შემოჭრილი სხეული, ურთიერთქმედებს აირის მოლეკულებთან, რაც იწვევს გაცხელებას. ხშირად გაცხელების მიზეზად სახელდება ხახუნი, მაგრამ ტექნიკურად ეს არ შეესაბამება სიმართლეს და გამოწვეულია მცდარი ანალოგიით. მართალია ორი მყარი სხეულის ერთმანის ხახუნის დროს გაცხელდება მაგრამ ჰაერი, დიდ სიმაღლეებზე უაღრესად გაუხშოებულია, ამიტომ მხოლოდ ხახუნს არ შეუძლია მეტეორის ანთება. რეალური მიზეზი შემდეგშია, მეტეორის სიჩარე, ბევრად აღემატება ატმოსფეროს მოლეკულების სიჩქარეს (სულ მცირედ 30-ჯერ, ზოგჯერ შემთხვევებში კი 200-ჯერაც კი). ამის გამო მოლეკულები რომლებსაც ეჯახება მეტეორი, ვერ ასწრებენ დროულად გაქწევას (ისე როგორც ეს დაბალ სიჩარეებსზე ხდება). მოლეკულები ჭარბი რაოდენობიდ გროვდებიან მეტეორის წინ. მათ ემატება ახალი მოლეკულები. მეტეორის წინ ჩნდება შეკუმშული აირის ბალიში (ე.წ. დარტყმითი კონუსი), რომელიც ატმოსფეროს დაბალ ფენებში ჩასვლისას სულ უფრო და უფრო სქელდება და ცხელდება. შეკუმშვით გაცხელებული აირი მეტეორს გვერდს უვლის მაგრამ მის ადგილს ახალი იკავებს. შემკვრივებული ჰაერის "დარტყმითი ბალიში" აცხელებს მეტეორს ტემპერატურამდე, რომელებზეც ლითონი იწყებს ნათებას, ლღობას და დუღილს. მეტეორის ზედაპირი სწრაფად ორთქლდება და მხოლოდ იშვიათი მეტეორი ეხება დედამიწის ზედაპირს. იმისთვის რომ ატმოსფეროში შემავალი კოსმოსური ხომალდი მეტეორივით არ ჩაიწვას ხომალდების დასაჯდომ მოდულებს წინა მხარეს უკეთებენ ე.წ. თერმულ ფარს. მოდულებს როგორც წესი აქვთ სპეციფიკური ფორმა, რომელიც ვარდნილი მეტეორების ფორმით არის შთაგონებული.

რა სიმაღლიდან იწყება დედამიწის ატმოსფერო

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დედამიწის ზედაპირსა და კოსმოსს შორის მდებარეობს სხვა და სხვა აირების ნაზავისგან შემდგარი ფენა. ამ ფენას ეწოდება ატმოსფერო. რაც უფრო მაღლა ავდივართ, ზღვის დონიდან, მით უფრო გაუხშოვებული ხდება ატმოსფერო. საერთაშორისო ფრენითი რეგულაციების თანახმად 3600-4500 მ სიმაღლეზე არაჰერმეტული კაბინით ფრენაზე დაწესებულია 30 წთ-იანი შეზღუდვა, თუკი ვინმე გადაწყვეტს ავიდეს 8000 მ-სიმაღლეზე, ის მიადგება ე. წ. „მკვდარ ზონა“-ს. ამ სიმაღლიდან მოყოლებული ჰაერის წნევა იმდენად დაბალია, რომ სისხლი ვეღარ ითვისებს ადამიანის სიცოცხლისთვის საჭირო რაოდენობის ჟანგბადს, ამიტომ სპეციალური აღჭუირვილობის გარეშე, ამ სიმაღლის ნიშნულზე დარჩენა, უაღრესად სახიფათოა არამც თუ ადამიანის ჯანმრთელობისთვის, არამედ მისი სიცოცხლისათვისაც კი.

მაგრამ დედამიწის ატმოსფერო 8კმ-ის შემდეგაც გრძელდება. 100 კმ სიმაღლეზე მდებარეობს ე. წ. კარმანის ხაზი, (ინგ. Karman line) [10] . აერონავტიკის საერთაშორისო ფედერაცია (FAI - Fédération Aéronautique Internationale) კოსმოსის დასაწყისად სწორედ კარმანის ხაზს მიიჩნევს, თუმცა ფიზიკის თვალსაზრისით დედამიწის ატმოსფერო მთავრდება მხოლოდ 100 000 კმ-იან ნიშნულზე.

მეტეორიტის განმარტება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მეტეორი რომელიც შეეხო პლანეტის (ან სხვა ციური სხეულის) ზედაპირს ხდება მეტეორიტი. როგორც წესი, ეს შეხება, კატასტროფულ და დამაზიანებელ ეფექტს ატარებს და ენერგიის დიდი რაოდენობით გამოყოფასთან არის დაკავშირებული.

მეტეოროიდები აეროგელში; მეტეოროიდის დიამეტრია 10 მკმ, ხოლო აოროგელში დატოვებული კვალი 1.5 მმ.

მეტეორიტის წარმოქმნის აუცილებელი პირობები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კოსმოსური სხეული დედამიწის ზედაპირზე დაცემა მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული, მათ შორის ვარდნილი სხეულის გვარობაზე (შემადგენლობაზე), მაგრამ თუ შემოვიფარგლებით ქვის და ლითონის მეტეოროიდებით მაშინ ამოცანა შედარებით გამარტივდება და დაიყვანება ვარდნილი სხეულის სიჩქარესა და ზომაზე. დედამიწაზე დასავარდნად არ არის საკმარისი სხეულის ზომა, თიმცა თუ მეტეორიტი საკმარისად დიდია ის ვერ მოასწრებს ატმოსფეროში ბოლომდე დაწვას და ზედაპირს შეეხება. დედამიწის ზედაპირს აღწევენ ის მსუბუქი მეტეორიტებიც, რომლებიც მცირე წონისა და ჰაერის ძლიერი წინააღმდეგობის გამო, სწრაფად კარგავენ საწყის სიჩქარეს. თუკი მათი მოძრაობა საკმარისად შენელდება, ისინი შეწყვეტენ წვას და კაშკაშა ნათებას და შედარებით შეუმჩნევლად გააგრძელებენ დედამიწის ზედაპირისკენ ვარდნას. მაგრამ ასეთი შენელებული მეტეორიტის სიჩქარე მაინც დიდია. დაცემისას ამგვარ ობიექტს საკმაოდ დიდი ზიანის მიყენება შეუძლია.

მეტეორების დაშლა ატმოსფეროში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გასათვალისწინებელია, რომ ზოგჯერ მეტეორის დიდი ზომები აფერხებენ მის გარდაქმნას მეტეორიტად. საწყისად დიდი მეტეორები ხშირად ვერ უძლებენ ატმოსფეროში წარმოქმნილი დარწყმითი „ბალიშის“ ზემოქმედებას და უფრო მცირე ფრაგმენტებად იშლებიან.

მეტეორების ასხლეტის მოვლენა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დედამიწის მიმართ მხები ტრაექტორიის მქონე მეტეორი ატმოსფერომ საერთოდაც შეიძლება ისევ კოსმოსში აისხლიტოს, ეს ფაქტიც მეტეორის მიერ წარმოქმნილი დარტყმითი „ბალიშით“ იქნება გამოწვეული.

მეტეორიდს შეუძლია დაუზიანებლად იფრინოს მილიარდი წლის განმავლობაში. შეფასების თანახმად, დედამიწის ატმოსფეროში წელიადში 25 მილიონი მეტეოროიდი, მიკრომეტეოროიდი და სხვა კოსმოსური ნარჩენი შემოდის. ყოველწვრიულად ატმოსფეროში შემოსული ამ ნამსხვრევების ჯამური მასა დაახლოებით 15,000 ტონაა [11].

1825 წელს ინდოეთში დაფიქსირდა ადამიანის, მეტეორიტით სიკვდილის ფაქტი. მეტეორიტმა არა მარტო მოკლა ადამიანი, არამედ მეტეორის დაცემით წარმოქმნილმა დარტყმითმა ტალღამ მეზობელ შენობებში შუშებიც ჩალეწა[12],[13].

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. International Meteor Association glossary. ციტირების თარიღი: 2008-05-26
  2. Beech, M. (англ.)рус.; Steel, D. I. On the Definition of the Term Meteoroid // Quarterly Journal of the Royal Astronomical Society. — 1995. — Сентябрь (т. 36, № 3). — С. 281—284)
  3. Шустов Б. М., Рыхлова Л. В. Рис. 1.1 // Астероидно-кометная опасность: вчера, сегодня, завтра / Под ред. Шустова Б. М., Рыхловой Л. В. — М.: Физматлит, 2010. — 384 с. — ISBN 978-5-9221-1241-3.
  4. Alan E. RUBIN; Jeffrey N. GROSSMAN. Meteorite and meteoroid: New comprehensive definitions (англ.) // Meteoritics & Planetary Science (англ.)рус. : journal. — 2010. — January (vol. 45, no. 1). — P. 114—122)
  5. Alan E. RUBIN, Jeffrey N. GROSSMAN, Meteorite and meteoroid: New comprehensive definitions
  6. http://georgianscience.blogspot.com/2016/09/blog-post.html
  7. http://georgianscience.blogspot.com/2015/04/blog-post.html
  8. https://en.wikipedia.org/wiki/Lockheed_SR-71_Blackbird
  9. https://en.wikipedia.org/wiki/Flight_airspeed_record
  10. https://en.wikipedia.org/wiki/K%C3%A1rm%C3%A1n_line
  11. Lidz, Franz. „The Oldest Material in the Smithsonian Institution Came From Outer Space“.
  12. https://www.bbc.com/news/world-asia-india-35529752
  13. http://www.icq.eps.harvard.edu/meteorites.html