მეტეორიზმი
მეტეორიზმი (ბერძ. μετεωρισμός [meteōrismos] — „ზევით აწევა“) — მუცლის გაბერვა კუჭ-ნაწლავში აირების დაგროვების შედეგად.
საჭმლის მონელების მოშლისას (დისპეფსია) მეტეორიზმს იწვევს დუღილის ან ლპობითი პროცესების გაძლიერება ნაწლავებში, ყაბზობის დროს კი — ნაწლავთა პერისტალტიკის დაქვეითება. გვხვდება სხვადასხვა დაავადების (ენტერიტი, კოლიტი, გასტრიტი, ქოლეცისტიტი, პანკრეატიტი, დისპეფსია და სხვათა) დროს. მეტეორიტიზმის მიზეზი შეიძლება იყოს ნახშირწყლებისა ან ცილების ჭარბად მიღება. იშვიათად შეილება დაკავშირებული იყოს აეროფაგიასთან. ძალიან სწრაფად ვითარდება მეტეორიზმის ნაწლავთა გადახლართვის ან სიმსივნით გამოწვეული გაუვალობის დროს. მეტეორიტიზმს ახასიათებს მუცლის გაბერვა, ტკივილი მუცლის არეში, აირების გამოყოფის გაძლიერება, რასაც შემსუბუქების გრძნობა მოჰყვება, ან აირების გამოყოფის შემცირება სრულ შეწყვეტამდე (ნაწლავთა გაუვალობის დროს).
მკურნალობა: მეტეორიზმის გამომწვევი ძირითადი დაავადების მკურნალობა. დუღილის დისპეფსიის დროს ნახშირწყლების, ხოლო ლპობითი დისპეფსიის დროს — ცილების მიღების შეზღუდვა. მედიკამენტებიდან გააქტივებული ნახშირი (კარბოლენი), თიხა — ასკანე და სხვა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ალადაშვილი ვ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 611.