დისპეფსია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

დისპეფსია (ლათ. dyspepsia) — წარმოადგენს ახალშობილი ხბოების მწვავედ მიმდინარე დაავადებას, რომელსაც ახასიათებს საჭმლის მონელების — „სეკრეტორული, მოტორული და სხვა“ დარღვევა, პროფუზული ფაღარათი, ორგანიზმის გაუწყლოება და ინტოქსიკაცია.

გამომწვევი მიზეზი (ეტიოლოგია)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დისპეფსიის განვითარებაში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მდედრი პირუტყვის, განსაკუთრებით კი მისი მაკეობის ბოლო მესამედში, საკვები ულუფის არასრულფასოვნებას — მჟავე ჭარხლის ჟენჟო ან ერბომჟავას შემცველიანი სილოსი, დაობებული თივა და სხვა; ამ შემთხვევაში იბადებიან განუვითარებელი (ჰიპოტროფიკები) დაბალი რეზისტენტობის მქონე ხბოები, რაც ხელს უწყობს დიპეფსიის განვითარებას.

ახალშობილ ხბოებში დაავადების განვითარებას ხელს უწყობს, აგრეთვე, გვიანი, ცივი, ამჟავებული, დაბინძურებული ჭურჭლიდან (განსაკუთრებით უსაწოვრო ვედრიდან) ხსენის მიცემა, დაბალი ან მაღალი ტემპერატურული რეჟიმი.

სიმპტომები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაავადების ძირითადი სიმპტომია პროფუზული ფაღარათი. განავალი გამოიყოფა უნებლიეთ, ანუსის სფინქტერი მოდუნებულია. ფეკალური მასა თხიერია, მეტად არასასიამოვნო სუნით; კუდი, უკანა ნაწილი და კიდურები ხბოს ექსკრემენტებით აქვს დასვრილი. ცხოველი წევს, ნაკლებ მოძრავია, თავი უკან აქვს გადაწეული გამოხატულია დეჰიდრატაციის ნიშნები; კერძოდ: ლორწოვვანი გარსების სიმშრალე, კანის ტურგორის და ელასტიურობის დაქვეითება, ცივი კიდურები და ყურები.

ირღვევა გულის მოქმედება: პულსი ძაფისებურია, ძლიერ გახშირებული, გულის ტონები მოყრუებული, სუნთქვა აჩქარებულია, ზერელე და წყევტილი.

მკურნალობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ავადმყოფ ცხოველს უნიშნავენ 5-8 საათიან მშიერ დიეტას, მაგრამ აუცილებლად აძლევენ ფიზიოლოგიურ ან ნატრიუმის ქლორიდის 1%-იან ხსნარს. აუცილებლად საწოვრიდან. დეჰიდრატაციის (ექსიკოზის) გამოხატული მოვლენების დროს ინტრავენურად შეჰყავთ სტერილური ფიზიოლოგიური ხსნარი 300-400 მლ. რაოდენობით ან რინგერ–ლაქტატის ხსნარი; ეს ხსნარები ორგანიზმში აღადგენენ წყლისა და ელექტროლიტების ბალანსს.

ნაწლავების მიკროფლორის ნორმალიზაციისა და ტოქსიკოზის მოსახსნელად იყენებენ ანტიბიოტიკებს. ხსენის ან რძის მიცემამდე 15-20 წუთით ადრე ცხოველს აძლევენ ან ხელოვნურ კუჭის წვენს (პეპსინი 1გ მარილმჟავა ქიმიურად სუფთა 0,15 გ, გამოხდილი წყალი 100 გ) ან ნატურალურ კუჭის წვენს (ცხენისას) 25-30 მლ. განზავებული წყალში 1:1, 20-30 მლ-ის რაოდენობით (საწოვრის საშუალებით).

გულის მოქმედების აღდგენისა დაორგანიზმის ინტოქსიკაციის მოსაცილებლად ვენაში შეჰყავთ გლუკოზა ცალკე ან ასკორბინის მჟავასთან ერთად ან კოფეინთან ერთად.

ნივთიერებათა ცვლის მოსაწესრიგებელი საშუალებებიდან იყენებენ ვიტამინებს, სტაფილოს წვენს, წიწვებისა და თივის ნაყენს. სასარგებლოა, აგრეთვე, მუცლის თბილი შეხვევა, დიათერმია და სხვა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • „მსხვილფეხა პირუტყვის შინაგანი არაგადამდები დაავადებების მკურნალობის ცნობარი“ — იური სალალოვი, თეიმურაზ მარხვაშვილი.
გთხოვთ მიაქციოთ ყურადღება მითითებას ჯანმრთელობის თემებზე!