მესენიელთა მეორე ომი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მესენიელთა მეორე ომიმესენიელთა აჯანყება სპარტის წინააღმდეგ.[1] მიმდინარეობდა ძვ. წ. VII საუკუნეში (685–668 ან 657 წწ., ანდაც VII საუკუნის II ნახევარში). ორივე მხრიდან მასში ჩართული იყვნენ ასევე მოკავშირეები. ანტიკური ტრადიცია მესენიელთა წინამძღოლად ასახელებს არისტომენეს. მათ ე.წ. ტახის საფლავთან გამართულ ბრძოლაში მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვეს, თუმცა დიდი თხრილის გადამწყვეტ ბრძოლაში არკადიელ მოკავშირეთა ღალატის გამო დამარცხდნენ. ითვლება, რომ მოწინააღმდეგესთან საბრძოლველად სპარტელთა მობილიზაციაში დიდი როლი შეასრულა პოეტმა ტირტეოსმა. მესენიელთა ბოლო სიმაგრე, რომელიც მთა ირაზე მდებარეობდა, 11-წლიანი ალყის შემდეგ დაეცა. მათი მნიშვნელოვანი ნაწილი სიცილიაზე და სამხრეთ იტალიაში, ასევე საბერძნეთის სხვა ადგილებში გადასახლდა (არისტომენე როდოსზე გადავიდა). მესენიის ტერიტორია სპარტამ დაისაკუთრა, დარჩენილი მაცხოვრებლები ჰილოტებად იქცნენ, შესაძლოა, ზოგიერთმა თემმა პერიეკების სტატუსი მიიღო. მესენიელთა ორი ომის შედეგად სპარტამ შეძლო თავისი მოქალაქეებისათვის მიწის არასაკმარისობის პრობლემის გადაწყვეტა, ამიტომ მას არ ჰქონდა დიდ ბერძნულ კოლონიზაციაში აქტიური მონაწილეობის აუცილებლობა. ამავდროულად, დაპყრობილი მესენიელების ხარჯზე ჰილოტების რაოდენობის მკვეთრმა ზრდამ გამოიწვია სპარტის განსაკუთრებული, გასამხედროებული ტიპის სახელმწიფოს ჩამოყალიბება.[2]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. მესენიელთა ომები // ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 598.
  2. Стрелков А. В. Мессенские войны // Большая российская энциклопедия. т. 20. — М., 2012. — стр. 56.