მენჯის აბანოები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მენჯის აბანოები — არქიტექტურული ძეგლი სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ მენჯში. მენჯის ტერიტორიაზე, მდინარე ცივის მარცხენა სანაპიროზე.

ერთსართულიანი ნაგებობა, ორიენტირებულია ჩრდილო-დასავლეთიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით განვითარებულ გრძივ ღერძზე. ჩრდილო-აღმოსავლეთის მიწა, ჩრდილო-აღმოსავლეთით მიმართულ მთავარ ფასადში გამოიყოფა ერთი ცენტრალური და ორი განაპირა, მკვეთრად შვერილი მონაკვეთები. მართკუთხა გეგმარების დარბაზში ფრაგმენტულად შემორჩენილია მოზაიკური იატაცი, რომლის ცენტრში წარმოდგენილია მცირე ზომის წრე, ხოლო, მის გარშემო რადიალურად ვითარდება, ფართო და ვიწრო, ტრაპეციისებრი მოზაიკური მონაკვეთები, რომელთაგან იკვრება მეორე, უფრო დიდი წრე. ამათგან, დიდი ზომის ტრაპეციისებრი მონაკვეთები ღია აგურისფრეშია შესრულებული, ხოლო, შიდა წრე და მცირე ზომის ტრაპეციისებრი მონაკვეთები მოშინდისფრო-მოყავისფრო შეფერილობისაა და მოქცეულია, შედარებით ღია ფერის, ვიწრო ზოლით შედგენილ ჩარჩოში. მცირე ზომის ტრაპეციისებრი მონაკვეთების მიმართულება ემთხვევა წრეზე განლაგებული იონური სვეტების მდებარეობას. ამ სვეტების თავზე მიუყვება ანტაბლემენტი, სადაც იერარქიულად მოცემულია საფეხურებიანი, პროფილირებული კარნიზი, ფოთლოვანი ორნამენტით გაფორმებული ფრიზი, დენტიკულების მწკრივი და შეწყვილებული ლილვებით შედგენილი რელიეფური ზოლი. აღნიშნულის ზემოთ გადაყვანილია რკინა-ბეტონით შეკრული, ნახევარსფერული გუმბათი, რომლის ზედაპირი დანაწევრებულია მართკუთხა მოყვანილობის კესონებით, ხოლო ზენიტში გაჭრილია წრიული ღიობი, მის გარშემო კი, კონცენტრულად, საფეხურებიანი ჩარჩო და ორნამენტული ფილებით შედგენილი ფართო ზოლი შემოუყვება. კესონების ნიშისებრ მონაკვეთებში ჩასმულია ჩუქურთმებით გაფორმებული კვადრატული ფილები.

მართკუთხა მოყვანილობის დარბაზის დანარჩენ სივრცეს პროფილირებული, დეკორატიული მონაკვეთებით დანაწევრებული პლაფონი ფარავს. აგურით ამოყვანილი კედლების ნაწილზე ფრაგმენტულად შემორჩენილია ორნამენტული სახეებით გაფორმებული, რომბისებრი მოყვანილობის, ჩამოსხმული ფილები და ასეთივე მასალით შესრულებული, კედლის ზედა ნაწილში მოცემული კარნიზი, რომელიც შედგენილია შეწყვილებული ლილვების და ფრიზულად განვითარებული სტილიზებული ფოთლოვანი ორნამენტის კომბინაციით. დარბაზის კედლის სიბრტყეები დანაწევრებულია სამკუთხა ფრონტონით დასრულებული, კრონშტეინებით გაფორმებული და პროფილირებულ ჩარჩოში მოქცეული მართკუთხა ფანჯრის ღიობებით. ნაგებობის კიდეებში მოქცეული, მართკუთხა გეგმარების შვერილი მონაკვეთების ინტერიერი გაყოფილია სამ ნაწილად, რომლებიც ერთმანეთთან დაკავშირებულია გრძივ კედლებში მოქცეული მართკუთხა კარის ღიობებით. ამათგან, შუა მონაკვეთი, შედარებით მაღალია, კედლის ზედა მონაკვეთში პროფილირებული კარნიზი მიუყვება და გადახურულია კამარულად. კამარის შიდა სიბრტყე დანაწევრებულია ნერვიურებით და ქვედა რეგისტრში განლაგებული ლუნეტების ნახევარწრიული ღიობებით. ამავე სივრცის განივ კედელში დატანებულია მართკუთხა სარკმლის ღიობი. მის ზემოთ კი, კამარის დონეზე მოქცეული ნახევაწრიული კედლის სიბრტყეზე გაჭრილია ლუნეტი. ნაგებობის შვერილ მონაკვეთებს შორის მოქცეული ფასადები დანაწევრებულია კედელში გაჭრილი მართკუთხა ფანჯრის ღიობებით და შედარებით წინ წამოწეული, მასიური არქიტრავის მზიდი დორიული სვეტებით. განაპირა, შვერილი მასების მთავარ ფასადზე გამოიყოფა შუა, ფრონტონით დასრულებული მაღალი მონაკვეთი (სამკუთხა ფრონტონით დასრულებული მართკუთხა ფანჯრის ღიობით და მის თავზე წარმოდგენილი, პროფილირებული ჩარჩოთი აქცენტიდებული ნახევარწრიული ლუნეტით) და პარაპეტით დასრულებული, რუსტირებული პილასტრებით შემოსაზღვრული გვერდითა, შედარებით დაბალი მონაკვეთები (ცალკეული მონაკვეთის ფასადზე წარმოდგენილია დორიულ ნახევარსვეტებს შორის მოქცეული, ნახევარწრიული გეგმარების თაღოვანი ნიში და მათ ზემოთ მოცემული ანტაბლემენტი, ორრეგისტრად გაყოფილი სადა არქიტრავით და დენტიკულების მწკრივით შემკული თაროკარნიზით). მათი გვერდითი ფასადები კი დანაწევრებულია რუსტირებულ პილასტრებს შორის მოქცეული მართკუთხა ფანჯრის ღიობებით. აღნიშნულის გაგრძელებაზე, ნაგებობის ძირითადი კორპუსის უკანა მხარეს მოქცეულია ორი, წაგრძელებული მართკუთხედის გეგმარების შვერილი ფლიგელი, რომელთა ფასადებზე მოცემულია დორიული სვეტები და მართკუთხა ღიობებს შორის არსებულ სიბრტყეებზე აღმართული დორიული ნახევარსვეტები.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 26557