მევჰიბე ინენიუ

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
მევჰიბე ინენიუ
მევჰიბე ინენიუ
თურქეთის პირველი ლედი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
11 ნოემბერი, 1938 – 27 მაისი, 1950
წინამორბედილატიფე უშაქი
მემკვიდრერეშიდე ბაიარი

დაბადებული22 სექტემბერი, 1897
სტამბოლი, ოსმალეთი
გარდაცვლილი29 თებერვალი, 1992, (94 წლის)
ანკარა, თურქეთი
ეროვნებათურქები
მეუღლეისმეთ ინენიუ
შვილებიოთხი შვილი
რელიგიაისლამი

მევჰიბე ინენიუ (თურქ. Mevhibe İnönü; დ. 22 სექტემბერი, 1897, სტამბოლი, ოსმალეთი — გ. 29 თებერვალი, 1992, ანკარა, თურქეთი) — თურქეთის რესპუბლიკის პირველი ლედი 1938-1950 წლებში როგორც პრეზიდენტ ისმეთ ინენიუს მეუღლე.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მევჰიბე დაიბადა 1897 წლის 22 სექტემბერს სტამბოლში, ოსმალეთის იმპერიაში. როდესაც იგი სამი წლის იყო, მამამისი ტუბერკულიოზით გარდაიცვალა. სულ მალე, იგივე დაავადებით დაიღუპა მისი დედმამიშვილიც. ამის გამო, მევჰიბეს დედა ქალიშვილთან ერთად თავისი პაპის სახლში გადავიდა, რომელიც იმ დროისათვის ცარიელი იყო. სწორედ აქ აღიზარდა მევჰიბე. მან სტამბოლში მიიღო ჯერ საშუალო, შემდეგ კი უმაღლესი განათლება.

1916 წლის 13 აპრილს იგი დაქორწინდა ოსმალეთის არმიის კოლონელ მუსტაფა ისმეთზე. ქორწილიდან 21 დღეში, მისმა ქმარმა იგი დატოვა და პირველი მსოფლიო ომის პირობებში ახლო აღმოსავლეთში გაემგზავრა ფრონტის ხაზზე. იგი უკან მხოლოდ 1918 წელს, ომის დასრულების შემდეგ დაბრუნდა.

მისი დაბრუნებიდან ერთ წელიწადში, 1919 წელს დაიბადა წყვილის პირველი ვაჟი. 1920 წელს მუსტაფა ისმეთი თურქეთის დამოუკიდებლობისათვის გამართულ ომში ჩაება და ანატოლიაში წავიდა. სწორედ ამ პერიოდში აღმოჩნდა იგი ეროვნულ-განმანთავისუფლებელ ორგანიზაციაში. ამის შემდეგ ის და მევჰიბე მუსტაფას მშობლიურ ქალაქ მალათიაში გადასახლდნენ, სადაც 1921 წელს მათი ვაჟი იზეთი გარდაიცვალა.

1922 წლიდან წყვილი იზმირში გადასახლდა. ამავე წლის ნოემბერში, ლოზანას ხელშეკრულების მოლაპარაკებებზე, მევჰიბე თავის ქმარს თან ახლდა შვეიცარიაში, რომელიც წარმოადგენდა თურქულ დელეგაციას. 1924 წელს მევჰიბემ თავისი მეორე ვაჟი, ომერი გააჩინა, რის შემდეგაც წყვილი ანკარაში გადასახლდა. 1926 წელს დაიბადა მათი მესამე ვაჟი, ერდალი, რასაც 1930 წელს მოჰყვა წყვილის უკანასკნელი ქალიშვილის, ოზდენის გაჩენა. ამის შემდეგ მევჰიბეს ბავშვი აღარ გაუჩენია და თავის ქმარს თან ახლდა ოფიციალური ვიზიტებისას ათენში, რომსა და მოსკოვში.

1934 წელს, გვარების რეფორმის შედეგად, მუსტაფა ისმეთსა და მის ნათესავებს, ინენიუს ბრძოლაში გამოჩენილი სიმამაცისათვის გვარად ინენიუ მიენიჭათ. მევჰიბემ, როგორც მისმა მეუღლემ, გვარად ასევე ინენიუ მიიღო.

1938 წლის 10 ნოემბერს, თურქეთის პრეზიდენტ მუსტაფა ქემალ ათათურქის გარდაცვალებასთან ერთად, მეორე დღეს, 11 ნოემბერს, ისმეთ ინენიუ თურქეთის მეორე პრეზიდენტად აირჩიეს, რითაც მევჰიბე პირველი ლედი გახდა. ამის შემდეგ წყვილი ჩანქაიას სასახლეში გადავიდა, სადაც 1950 წლამდე, ანუ პრეზიდენტობის ვადის ამოწურვამდე დარჩნენ.

მაღალ წრეებში მევჰიბე ცნობილი იყო როგორც ზრდილობიანი და ელეგანტური ქალი. 1949 წელს იგი თურქი ქალების გაერთიანების ასოციაციის პრეზიდენტი გახდა.

1973 წლის 25 დეკემბერს მევჰიბემ თავისი საყვარელი მეუღლე, ისმეთ ინენიუ დაკარგა. დაქვრივებამ ძლიერ შეარყია მისი ჯანმრთელობა, რასაც ასაკის მატებაც დაერთო. 1991 წელს მისი ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო. სწორედ ანკარის საავადმყოფოში გაატარა მან დარჩენილი დრო და გარდაიცვალა 1992 წლის 29 თებერვალს, 94 წლის ასაკში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Temur, Şahika (2009-11-09). "An elegant journey with the Republic's second lady". Hürriyet Daily News. Retrieved 2010-11-01.
  • "İnönü Vakfı" (in Turkish). İsmet İnönü. Archived from the original on 2008-12-31. Retrieved 2010-11-01.
  • Mevhibe İnönü: örnek bir Cumhuriyet kadını. T.C. Kültür Bakanlıǧı. 1996.