მასაი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მასაი
Maasai-jump.jpg
მასაები
საერთო მოსახლეობა
დაახ. 900 ათასი
რეგიონები მნიშვნელოვანი მოსახლეობით
კენიის დროშა კენია 453 000
ტანზანიის დროშა ტანზანია 447 000
ენები მასაი
რელიგიები მონოთეიზმი, ქრისტიანობა

მასაიკენიასა და ჩრდილოეთ ტანზანიაში მცხოვრები ნახევრად მომთაბარე ნილოთური ხალხის ეთნიკური ჯგუფი. გამორჩეული ტანისამოსისა აღმოსავლეთ აფრიკის სპორტული ნადირობის პარკების სიახლოვეს ცხოვრების გამო, მასაის ხალხი აფრიკის სხვა ეთნიკურ ჯგუფებს შორის ყველაზე უკეთაა ცნობილი.[1] ლაპარაკობენ მასაის ენაზე, რომელიც ნილო-საჰარის ენათა ოჯახში შედის და ენათესავება დინკასა და ნუერის ენებს. 2009 წლის მონაცემებით, კენიაში 453 000 მასაი ცხოვრობს; 1989 წელს ეს რიცხვი 377 000 იყო, 2000 წელს კი 400 000.

ტანზანიისა და კენიის მთავრობები ყველანაირად ახალისებენ პროგრამებს, რომ მასაის ხალხმა თავის ნახევრად-მომთაბარე ცხოვრების სტილი მიატოვოს, მაგრამ ისინი კვლავ განაგრძობენ უძველესი კოსტიუმების ტარებას.[2] ბოლო დროს, ორგანიზაცია ოქსფამმა განაცხადა, რომ მასაის ხალხი კლიმატური ცვლილების მსხვერპლი ხდება, რადგან გაუდაბნოებულ არეალებში შეუძლებელი ხედება მათი ტრადიციული სოფლის მეურნეობის წარმოება.[3] ტანზანიასა და კენიაში მცხოვრები მასაის ტომები გულღიად ხვდებიან სოფლებში მათი კულტურის, ტრადიციებისა და ცხოვრების წესის სანახავად ჩასულ ტურისტებს.[4]

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მასაი ნახევრად მომთაბარე აფრიკული ეთნიკური ჯგუფია, რომელიც  კენიასა და ჩრდილოეთ ტანზანიაში ბინადრობს. განსხვავებული სამოსისა და ტურისტულ ზონასთან ახლოს მოსახლეობის გამო, მასაი ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ აფრიკულ ეთნიკურ ჯგუფად იქცა მსოფლიოში. ისინი საუბრობენ ნილოსურ-საჰარულ ენაზე , რომელიც მონათესავეა დინკასა და ნუერის ხალხის ენებთან.

მასაის პოპულაცია კენიის ტერიტორიაზე, დაახლოებით, 840 ათას ადამიანს შეადგენს, თუმცა, რეალური მაჩვენებლის დადგენას რამდენიმე ფაქტორი ართულებს. ნახევრად მომთაბარე ცხოვრების წესის გამო, რთულია ზუსტი რაოდენობის განსაზღვრა - ისინი თავისუფლად გადაადგილდებიან კენიისა და ტანზანიის საზღვარზე. გარდა ამისა, ზოგი სოფელი ძალიან მოშორებულია ცივილიზაციას.

მასაის მოსახლეობის ძირითადი საქმიანობა მეცხვარეობაა. კენიისა და ტანზანიის მთავრობათა დაჟინებული თხოვნის მიუხედავად, ეს ხალხი აგრძელებს მოძრავი ცხოვრების წესს.  

ზეპირსიტყვიერი გადმოცემების მიხედვით, მასაის ეთნიკური ჯგუფი წარმოიშვა ნილოსის ქვედა ნაწილში, ტბა ტურკანას  ჩრდილოეთით, სამხრეთ სუდანის ტერიტორიაზე, მეთხუთმეტე საუკუნეში დაიწყო მიგრაცია და მეთვრამეტე საუკუნის ბოლოსთვის მიაღწია დღევანდელ სამოსახლო ტერიტორიას. ისინი იძულებით განდევნიან სხვა ადგილობრივ ტომებს და მთელ აღმოსავლეთ აფრიკას იკავებენ. ამ პერიოდში მასაის ხალხი საქონელს იტაცებდა ისეთი შორეული ქალაქებიდან, როგორიცაა ტანგა. მეომრები და მარადიორები იყენებდნენ შუბებსა და ფარებს, თუმცა ყველაზე მეტად ხელკეტის გამოყენებაში იყვნენ დახელოვნებული, რომლის სროლაც სამოცდაათი ნაბიჯის სიგრძეზეც კი შეეძლოთ.

მეცხრამეტე საუკუნის შუა ხანებში, მას შემდეგ, რაც მათი მეომრების დიდი ნაწილი გადმოვიდა კენიის ტერიტორიაზე, ისინი დარბევით ემუქრებოდნენ ქალაქ მომბასას. ექსპანსიების პერიოდს მასაის ცხოვრებაში მოჰყვა „ემუტაის“ ხანა, რომელიც მოიცავს 1883-1902 წლებს და ეპიდემიებითა და დაავადებებით გამოირჩევა. პირველ რიგში, ეს დაავადებები შეეხებოდა საქონელს. როგორც ერთ-ერთი გერმანელი მკვლევარი აღნიშნავს, პირუტყვის 90% საქონლის ჭირმა შეიწირა. ყოველ მეორე აფრიკელს დაავადებული და ნაყვავილარი სახე ჰქონდა ჩუტყვავილას ვირუსის გამო. ამ პერიოდს თან დაერთო გვალვა -  1897 და 1898 წლებში თითქმის საერთოდ არ უწვიმია. ავსტრიელი მკვლევარი, ოსკარ ბაუმანი, წიგნში „Durch massailand zur Nilquelle”, უბედურების ჟამს ასე აღწერს: „ქალები ჰგავდნენ ჩონჩხებს, რომელთა თვალებიც შიმშილისგან ელვარებდა, მეომრები კი ისეთი დაუძლურებულები იყვნენ, რომ ოთხზეც ძლივს ხოხავდნენ.“ როგორც ცნობილია, ამ პერიოდში მასაის მოსახლეობის ორი მესამედი დაიღუპა[5].[6][7]

სოციალური სტრუქტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტომობრივი დაყოფა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სახელი მასაი მოიაზრებს ჯგუფს, რომელშიც გაერთიანებულია ხუთი ერთმანეთთან დაკავშირებული ტომი აღმოსავლეთ აფრიკაში. მათ მხოლოდ მცირედით განასხვავებთ დიალექტური ენები. ესენია:

  1. სამბურუ - ბარინგოს ტბის ჩრდილო-აღმოსავლეთი, მათ ზოგჯერ მოიხსენებენ, როგორც ბურკენეჯის - თეთრი თხების ადამიანებს, რადგან ისინი ძირითადად მწყემსები არიან.
  2. ნჯამუსი - ცხოვრობენ ბარინგოს ტბის ახლოს, მისდევენ სოფლის მეურნეობას.
  3. კაპიტი - ცხოვრობენ კენიაში, ნგოზისა და კაიჯადოს შემოგარენში, ზოგიერთი - ტანგანიკასთან. ყოველი მათგანი მწყემსია.
  4. კისოგო - ძირითადად განსხლებულნი არიან ტანგანიკაში,
  5. ლუმბვა - სახელი ითარგმნება, როგორც “ფერმერები”. ცხოვრობენ ტანგანიკასთან.  

ასაკობრივი სისტემა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მასაის პოლიტიკური და სოციალური სტრუქტურის მყარი საფუძველია მისი ასაკობრივი სისტემა, რომელიც პირველ რიგში ვრცელდება მამაკაცებზე, რადგან ქალი ავტომატურად იმ ასაკობრივ ჯგუფს მიეკუთვნება, რომელსაც მისი მეუღლე. ამ სისტემაში ერთი ასაკის ჯგუფის წევრები ერთ პერიოდში შედიან ზრდასრულ ასაკში და არიან ჯგუფის წევრები სიცოცხლის ბოლომდე. ისინი პერიოდულად გადადიან იერარქიის უფრო მაღალ საფეხურზე. ერთი საფეხური, დაახლოებით, 15 წელიწადს გრძელდება. მამაკაცები ჯერ უმცროსი მეომრები არიან, შემდეგ უფროსი მეომრები ხდებიან, ბოლოს კი - უფროსის ზემდგომები, რომელთაც ყველაზე მნიშნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება ევალებათ. ასაკობრივი სისტემის კულტურით მასაის ხალხი დანარჩენ მსოფლიოს დასანახად საკუთარი საზოგადოების ერთიანობას უსვამს ხაზს. [8]

მამაკაცები და მეომრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მასაის ხალხი  გამოყოფს სამ ძირითად ასაკობრივ ჯგუფს მამაკაცებში: ბიჭებს, მეომრებსა და უფროსებს. ბოლო ორი ჯგუფი იყოფა ქვეჯგუფებად - უფროს და უმცროს მეომრებად და უმცროს და უფროს უფროსებად.

Maasai dance.jpg

მასაის ბიჭები 6-დან 8 წლამდე დროის დიდ ნაწილს ატარებენ მარტო, საზოგადოებისგან მოშორებით, მწყემსავენ მშობლების საქონელს. ამ დროს ისინი ავითარებენ ახლო მამაკაცურ ურთიერთობებს, რომელიც გრძელდება მთელი ცხოვრება. 12-14 წლის ასაკში ხდება წინდაცვეთა ერთ-ერთი რიტუალის დროს, რაც მათთვის ახალი სტატუსის მინიჭებას ნიშნავს - ისინი მორანები, ანუ მეომრები ხდებიან. მხოლოდ მორანებს აქვთ გრძელი თმის ტარების უფლება. მათ განსხვავებულად აცვიათ და მოსახლეობისგან შორის, სავარჯიშო ბანაკში ცხოვრობენ. ისინი აღარ მწყემსავენ, მაგრამ პასუხისმგებელნი არიან ცხოველების მტაცებლებისგან და იმ ადამიანებისგან დაცვაზე, ვისაც მათი მოპარვა შეუძლია. გარდა ამისა, მორანებს, ბიჭებისგან განსხვავებით, შუბის ტარების უფლება აქვთ. მათ 7 წლის განმავლობაში ეკრძალებათ ცოლის მოყვანა, თუმცა ბევრ მათგანს მალულად ჰყავს საყვარელი. როდესაც მორანები ხდებიან 20 წლის, ისინი ერთხელ კიდევ გადიან რიტუალს,რის შემდეგაც ისინი გადადიან უფროსთა საფეხურზე და იზრდება მათი როლი საზოგადოებაში. ისინი ამტკიცებენ თავიანთ მეგობრულ სულისკვეთებას ძროხის სისხლის სმით და იჭრიან თმას დედის ხელით. მათ ეძლევათ ცოლის მოყვანის უფლება, თუ ექნებათ საცოლის საფასურის შესაბამისი რაოდენობის საქონლის ყიდვის შესაძლებლობა.

მამაკაცების ნაციონალიზაციაში ერთ-ერთ განსაკუთრებულ როლს თამაშობს “მებრძოლი სოფელი”, რომელიც არის ერთგვარი კულტურული იდეალი. ის ამტკიცებს ძმობას მეომრებს შორის. მეომრები არ ცნობენ არანაირ კერძო საკუთრებას, იყოფენ საჭმელს, საცხოვრებელს, საყვარლებსაც კი. მეომრები შეზღუდულნი არიან დიეტით. ისინი ერთმანეთის გვერდით დგომით ინარჩუნებენ პერებისგან დამოუკიდებლობას.

ცალკეული ტომის მებრძოლთა სოფლები იცლება შემდგომი ტომის მებრძოლთა ჩამოყალიბებამდე და ხანშიშესვლა იწვევს დაყოფას უფრო მცირე და ტერიტორიულად დაშორებულ სოფლებად, რათა სრულად გამოიყენონ არსებული მიწა და წყალი. ხანში შესვლასთან ერთად, მამაკაცთა მთავარი საზრუნავი ოჯახებისა და შთამომავლობის შექმნაა. ხანში შესვლა, შესაბამისად, იწვევს სხვებზე დამოკიდებული ახალგაზრდის გარდაქმნას დამოუკიდებელი ინტერესების მქონე ვეტერანად.[9]

როდესაც ტომი გადაწყვეტს მეომართა ახალი ჯგუფის შექმნას, ყოველი ჯგუფი გადაადგილდება შემდეგ საფეხურზე, შესაბამისად,როდესაც ბიჭები ირიცხებიან მეომრებში, წინა ჯგუფის წვრები ხდებიან უმცროსი უფროსები და ასე გრძელდება პროცესი. ბიჭები გადიან მტიკვნეულ რიტუალებს, როგორიცაა წინდაცვეთა. შემდგომ, ისინი შორდებიან ტომის წევრებს, გადიან ფიზიკურ ვარჯიშს და ემზადებიან შემდგომი ცერემონიებისთვის. განცალკევებულ ტერიტორიებზე ატარებენ 10 წელს, სანამ არ გახდებიან უფროსი მეომრები. ზოგადად,უმცროსი და უფროსი მეომრების დანიშნულებაა დაიცვან თავიანთი სოფლები და საძოვრები. მასაის ხალხი ცნობილია მეომრების სისასტიკით.

ერთ-ერთი ტრადიცია მეომრებში, რომელიც მათ ზრდასრულ მამაკაცებად აქცევს, არის ლომთან შუბით შეჭიდება. დღეს ეს ტრადიცია არაკანონიერია ლომთა პოპულაციებთან დაკავშირებული პრობლემების გამო კენიასა და ტანზანიაში. [10]

მასაის ხალხთა ტრადიციებს აღწერს ჯოზეფ ლეკუტონი, რომელიც იქ გაიზარდა და წიგნი მიუძღვნა ამ ხალხის ჩვეულებებს. მისი ნაწერები შეიძლება სუბიექტურ წყაროდ მივიჩნიოთ. ერთ-ერთ თავში ავტორი წერს: “მასაის ტომში, მამაკაცი, რომელიც არ არის წინდაცვეთილი, ითვლება პატარა ბიჭად. მას არ შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილებები. წინდაცვეთა არ ხდება ყოველწლიურად, დაშორება რიტუალიდან რიტუალამდე რამდენიმე წელია. ერთი თაობის წინდაცვეთა ხდება ერთდროულად.რიტუალი შემდეგნაირად ტარდება: პირველ რიგში, ახალგაზრდა მამაკაცთა ჯგუფი წინდაცვეთის სათხოვნელად მიდის თემის უფროსებთან. თხოვნის ფორმა სიმღერაა, რომელიც მამაკაცების მიერაა შემქნილი. ამ პროცესს მთელი სოფელი ადევნებს თვალს. სიმღერით ისინი განადიდებენ უფროსებსა და მათ ოჯახებს.

შემდეგ ორ ნაბიჯს ჰქვია ილბა და ნაინგური. ყველამ, ვინც მონაწილეობს რიტუალში, უნდა გადაჭრას ისარი. ეს ისარი დამზადებული უნდა იყოს სპეციალური ხისგან- სიტეტისგან. წინდაცვეთის შემდეგ, როდესაც მათი ჭრილობები ჯერ კიდევ ახალია, მეომრებს თხოვენ მათი შესაძლებლობების ჩვენებას ამ ისრების გამოყენებით, თუმცა არ არის აუცილებელი ისარმა ცხოველი განგმიროს, საკმარია უბრალოდ დააგდოს ის. საბოლოოდ, მეომრის დედამ უნდა მოკლას ორი ან სამი თხა, რათა გააკეთოს ტყავის მოსასხამი შვილისთვის, რადგან წინდაცვეთამდე ერთი თვის განმავლობაში აუცილებელია ტყავის სამოსის ტარება. [11]

საქონელი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Maasai cattle, Kenya.jpg

საქონელი არის მთავარი ობიექტი, რომელზეც კონცენტრირებულია მასაის ხალხის ცხოვრება და რომელიც განსაზღვრავს მთელ მათ არსებობას. მას აქვს როგორც მატერიალური, ისე სპირიტუალური დატვირთვა და ის ადამიანები, რომლებიც ასრულებენ ნებსმიერ სამუშაოს, გარდა საქონლის მწყემსვისა, თანატომელებისთვის საძულველია. საქონელი უზრუნველყოფს მასაის მეომარს რძით, სისხლით, ხორცით და ანიჭებს სულიერ კმაყოფილებას მთელი სიცოცხლის მანძილზე. განსხვავებით ზოგიერთი აფრიკული ტომისგან, მასაის ხალხი დიდი რაოდენობით საქონელს კლავს საჭმელად. რძის დიდი სარიტუალო მნიშვნელობის გამო არ სვამენ, ან იღებენ სისხლთან ნაზავის სახით. აღსანიშნავია ისიც, რომ მინდორს დიდი სიმბოლური დატვირთვა აქვს, როგორც საქონლის საკვებს და ის მშვიდობის სიმბოლოა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ არ ხდება საქონლის დაკვლა, მას ისარს ესვრიან იარემულ ვენაში და ცხოველი სისხლისგან იცლება. საქონელი დანიშნულია ბარძაყზე იმ კვალით, რითიც ხდება მისი მეპატრონის კლანის ამოცნობა. მასაელები ამბობდნენ, რომ ჰქონდათ ეფექტური საშუალებები საქონლის დაავადებების მოსარჩენად, თუმცა ეს ეფექტურობა არასდროს ყოფილა საკმარისი დიდი დანაკარგისგან თავის ასარიდბლად ისეთი ეპიდემიების დროს, როგორიც არის რქოსანი საქონლის ჭირი და პლევროპნევმონია.[12]

კლანები და ოჯახები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მასაის პირდაპირი შთამომავლები იყოფიან ორ ჯგუფად. პირველი არის “შავი ხარი“, რომელიც ითვლება ტომის მარჯვენა მხარედ, მეორე - “წითელსისხლიანი ხარი”, ანუ ტომის მარცხენა მხარე.

ეს დიდი ჯგუფები იყოფა კლანებად და ქვეკლანებად. ბავშვი მამის კლანს მიეკუთვნება, თუმცა მამაკაცს შეუძლია არ მოიყვანოს იმავე კლანის წარმომადგენელი ქალი, მაგრამ სხვა შემთხვევაში, მას ფულის გადახდა უწევს. ზოგადად, ვალის გადახდა კლანის შიგნით უფრო მარტივია, რადგან ვალის დაბრუნება შეგიძლია იმავე კლანის ნებისმიერი წევრისგან.

მასაის ხალხი ჯგუფებად ცხოვრობს, რომლებიც 3 ან 4 ოჯახისგან შედგება. სოფლები ორი ან სამი მილითაა დაშორებული ერთმანეთისგან და, ძირითადად, დაშორებულია წყლისგან. შეიძლება, მეზობლებს შორის მანძილიც ერთი მილიც კი იყოს. თითოეულ სახლს აქვს საკუთარი ჭიშკარი და იზოლირებულია სხვებისგან.

ოჯახი გაყოფილია ორ ნაწილად - ჭიშკრის მარცხენა და მარჯვენა ნაწილებად. იდეალურ მამაკაცს უნდა ჰყავდეს 6 ცოლი და ბევრი შვილი. თითოელ ცოლს მოსვლისთანავე აძლევენ გარკვეული რაოდენობის საქონელს, ნაწილი უნდა შეინახოს თავისი შვილებისთვის, ნაწილი კი მის შემდგომ ცოლს უნდა გადასცეს. რამდენიმე ცოლი ცხოვრობს ჭიშკრის მარჯვნივ, რამდენიმე კი მარცხნივ. რომელიმე ცოლის გარდაცვალების შემთხვევაში, დარჩენილი მემკვიდრე უნდა იშვილოს იმ მხარეს მცხოვრებმა ცოლმა, რომელსაც თავად დედა ეკუთვნოდა. ბიჭების წინდაცვეთის შემდეგ მეურვეობას დედები იღებენ. მასაის მამაკაცები ცხოვრების უდიდეს ნაწილს მამასთან ერთად ატარებენ. ეს სისტემა პრაქტიკაში არც ისე იდეალურია. პოლიგამია განსაზღვრულია გარკვეული რაოდენობის ქალებით. ხშირად ხდება დაპირისპირება ღარიბებსა და მდიდრებს შორის და დღეს  ხშირად შეხვდებით მშობლებთან მცხოვრებ დაქორწინებულ მეომარს.[13]

ქორწინება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

როდესაც გოგონა აღწევს სქესობრივ სიმწიფეს, მას მალევე აქორწინებენ ასაკოვან მამაკაცზე. მანამდე, მას შეუძლია ჰქონდეს სექსი ახალგაზრდა ბიჭებთან. ხშირად, ქალები ქორწინების შემდეგაც ინარჩუნებენ ამ სექსუალურ კავშირს. მამაკაცებისთვის ცოლის მოყვანამდე აუცილებელია სიმდიდრის დაგროვება, რასაც გარკვეული დრო სჭირდება. ქალების ადრეულ ასაკში გათხოვების მიზეზი ბავშვის ოჯახში აღზრდის უზრუნველყოფაა.

მამაკაცი თავად ირჩევს საცოლეს გოგოს თანხმობის შემდეგ. ამის შემდეგ, გოგოს თავზე უსვამენ ცხიმს. პირველ ნაბიჯს ბიჭი დგამს - ხვდება საცოლის ოჯახს და გადასცემს მამას თამბაქოსა და თაფლს. არასწორად ითვლება გოგოს დაორსულება ნიშნობის პერიოდში და ამის გამო, შესაძლოა, ნიშნობა ჩაიშალოს. აღსანიშნავია, რომ გოგოს გათხოვება ხშირად მისი თანხმობის გარეშეც ხდება. მაგალითად, მამამ შეიძლება დანიშნოს თავისი პატარა შვილები მათ შორის ურთიერთობის განსამტკიცებლად. მეომარი შეიძლება დაინიშნოს ახალდაბადებულ ან სულაც ჯერ არ დაბადებულ ბავშვზე.

ქორწინების რეგულაცია დამოკიდებულია სამ საგანზე: კლანი,ასაკობრივი ჯგუფი და სისხლით ნათესაობა. მამაკაცს შეუძლია ცოლად მოიყვანოს თავისი კლანის ან სხვა კლანის წევრი გოგო, თუმცა ქორწინება, ძირითადად, ერთ გვარში ხდება. მამაკაცს აქვს უფლება არ დაქორწინდეს მასზე უფროსი ან მისი ასაკობრივი ჯგუფის წარმომადგენელთან.

ქორწინებასთან დაკავშირებული ცერემონიები არ არის მრავალფეროვანი, მთავარი მოვლენაა ზეიმი პატარძლის სახლში, რომელსაც არც პატარძალი და არც სიძე არ ესწრება, ზეიმის შემდეგ პატარძალი მიჰყავთ სიძის სახლში, მას აცილებს ორი მამაკაცი და ორი ასაკოვანი ქალი. მისვლისთანავე, პატარაძალს აძლევენ ბავშვს გამოსაკვებად. მამაკაცები ქორწილის დღეს და შემდეგ ერთი თვის განმავლობაში იცვამენ ქალის ტანისამოსს. თუ მამაკაცი ჯერ კიდევ მეომარია, მას შეუძლია არ ჰქონდეს სექსუალური ურთიერთობა ცოლთან.

დაქვრივების შემთხვევაში, ქალზე ზრუნავენ ძმები ან გარდაცვლილი ქმრის ნათესავები. ქალს შეუძლია ქმრის ძმასთან ერთადაც იცხოვროს. თუ ქალს შვილები ჰყავს, უფლება აქვს აღარ გათხოვდეს, მაგრამ შვილის არყოლის შემთხვევაში, შეუძლია  დაქორწინდეს ყოფილი ქმრის ნახევარძმაზე. ყოველი ბავშვი, რომელიც ეყოლება ქალს ქმრის გარდაცვალების შემდეგ, ითვლება გარდაცვლილი ქმრის შვილად.

ქალი ვერ განქორწინდება შვილის გაჩენის შემდეგ, მაგრამ შეუძლია დროებითი განშორება. თუ მამაკაცია დამნაშავე, ქალი მიდის თავისი ჯგუფის წევრებთან, ხოლო თუ ქალია დამნაშავე, იგი მიდის მამასთან.

სექსუალური ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მამაკაცის სექსუალური ცხოვრება იწყება წინდაცვეთის შემდეგ, ხოლო ქალის - სქესობრივი სიმწიფის მიღწევისას. ქორწინებამდელი ურთიერთობები ფორმალიზებულია. დაუქორწინებელ მეომარს ჰყავს საყვარელი ქალი.[12]

განათლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მე-20 საუკუნის განმავლობაში ძალიან ცოტა ახალგაზრდამ მიიღო განათლება. საშუალო სკოლები თითქმის არ არსებობდა. გარდა ამისა, სკოლები აშენებული იყო არა მთავრობის, არამედ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ, ამიტომ რთული იყო როგორც მოსწავლეების, ასევე მასწავლებლების შენარჩუნება. მიუხედავად ამისა, ბოლო რამდენიმე წელია კენიის განათლების სამინისტროს მიერ ჩატარებული რეფორმის შედეგად, რომელიც ცდილობს დაწყებითი განათლების სკოლების გავრცელებას მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე, მასაის ბავშვების დიდმა ნაწილმა შეძლო სკოლებში დარეგისტრირება. კენიური განათლების სისტემა მოიცავს დაწყებითი სკოლის 8 წელს, საშუალო სკლის 4 წელს და უმაღლესი განათლების 4 წელს. საშუალო სკოლასა და უნივერსიტეტეში ჩასარიცხად მოსწავლეები წერენ 2 სტანდარტულ ტესტს. მათ მხოლოდ ერთხელ აქვთ ტესტის დაწერის უფლება და წარუმატებლობის შემთხვევაში ვეღარ აგრძელებენ განათლების მიღებას. ტესტის დაწერა უჭირთ იმ ბავშვებს, რომლებიც ქალაქში არ ცხოვრობენ, შესაბამისად,მასაის ახალგაზრდების მხოლოდ მცირე ნაწილი თუ აბარებს ამ გამოცდებს. გარდა ამისა, მასაის ბავშვები დაწყებით და საშუალო სკოლას გვიან იწყებენ, რადგან სკოლები ძალიან შორს არის მათი თემიდან. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ბევრ მოსწავლეს არ აქვს სკოლის დამთავრების საშუალება, ფორმისა და წიგნების შესაძენის შესაძლებლობა. გარდა იმისა, რომ სკოლები დაშორებულია  რეგიონებიდან, სწავლა საკმაოდ ძვირია, ამიტომ მასაის ბევრ ოჯახს არ აქვს საშუალო სკოლის დამთავრების ფუფუნება. განათლება,წყალთან და საავადმყოფოებთან ერთად, მასააის ერთ-ერთ მთავარ პრობლემას წარმოადგენს. [14]

ტრადიციული განათლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მასაის ტრადიციის მიხედვით, ბავშები და ახალგაზრდები სწავლობენ როგორ დაძლიონ შიში, აიტანონ ტკივილი, თავი გაართვან უფროსების დავალებებს. მაგალითად, მიუხედავად მტაცებლების,გველების და სპილოების  საშიშროებისა, ბიჭები დამოუკიდებლად მწყემსავენ საქონელს. თუ შემთხვევით შეხვდებიან ბუფალოს ან ლომს, საჭიროებისამებრ ითხოვენ დახმარებას, მაგრამ ხანდახან აღწევდნენ ღირსების მწვერვალს და ერთი-ერთზე უმკლავდებიან მტაცებლებს.[15][16] 

კულტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მასაის ხალხის ცხოვრების წესი ორიენტირებულია მსხვილფეხა რქოსანი საქონლის ჯოგზე. მათ ცხოვრებაში არანაკლებ როლს თამაშობს  ცხვარი და თხა, განსაკუთრებით მშრალი სეზონების დროს, როდესაც რძის რაოდენობა ძალიან მწირია. საქონლის მწყემსვა მოითხოვს ფართო არეალზე გადაადგილებას, სადაც წყალი ხელმისაწვდომია, რადგან ტერიტორია ძირითადად მშრალი უდაბნოსგან შედგება. ტრადიციულად, მასაის ყველაზე მკაცრი შიმშილობის პერიოდში, მასაის ტომები ერთიანდებიან დორობოს მონადირეებთან და შემგროვებლებთან. მე-20 საუკუნის განმავლობაში, არეა რომელიც გამოსადეგარი იყო ნადირობისთვის საკმაოდ შევიწროვდა, ამასთან ერთად გაიზარდა სხვადასხვა სამსახურის პოვნის შესაძლებლობები, ამის შედეგად მასაის პასტორალურმა ეკონომიკამ გადაინაცვალა საქალაქო საზოგადოებაში. 

ხელოვნება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიზუალური ხელოვნება მასაის ხალხში განსაკუთრებით ფოკუსირებულია სხეულის დეკორაციასა და მკვეთრ ორნამენტებზე, რომლებიც წარმოდგენილია მებრძოლების მიერ, ასევე გოგოებისა და ახალგაზრდა ქალების მიერ, განსაკუთრებით ვლინდება ვიზუალური ხელოვნების ელემენტები პატარძლის მზითვებში. ღია და მუქი ზოლების მონაცვლეობა არის განსაზღვრული ყოველ ასაკობრივ ჯგუფში და ახდენს წოდების თუ კლასის იდენტიფიცირებას.  ახალგაზრდა მამაკაცები, რომლებიც თავიანთ სხეულს იფარავენ ჟანგმიწაში, გარეგნობის სიძლიერის ხაზგასმას არაერთ საათს უთმობენ. თმის ვარცხნილობის მოსართავად სპეციალური რიტუალის შესრულების შემდეგ კი თმას იპარსავენ, რაც უკავშირდება ახალ ასაკობრივ საფეხურზე გადასვლას. 

სხეულის ხელოვნება და მოდიფიკაცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Masai Woman.jpg

ნაჩხვლეტები და ყურის ბიბილოს გაწელვის კულტურა მასაის ხალხში ფართოდ გავრცელებულია.

სარძევე კბილის ეშვების ჩანასახების მოცილება პატარა ბავშვებში გახლავთ პრაქტიკა, რომელიც ფართოდაა ასახული კენიასა და ტანზანიაში მცხოვრები მასაის ხალხებში. მათ ღრმად სწამთ, რომ დიარეა, გულისრევა და სხვადასხვა ციებ-ცხელების დაავადება ბავშვობის სტადიაზე დაკავშირებულია და გამოწვეულია ღრძილის სიმსივნით ეშვების რეგიონთან. თავად ეშვები კი, მასაის ხალხის აზრით, შეიცავს ჭიებსა და “ნილონის“ კბილებს.  ეს ტრადიცია არ გახლავთ მხოლოდ მასაის ხალხისთვის უნიკალური. კენიის სასოფლო რეგიონების კვლევისას , 95 ბავშვს , 6 თვის ასაკიდან 2 წლამდე, გადატანილი ჰქონდა სარძევე კბილების ეშვების ჩანასახის მოცილების პროცედურა. 3-დან 7 წლამდე კი 111 გამოკვლეული ბავშვიდან  72-ს არ აღმოაჩნდა სარძევე კბილის ჩანასახი. 

ვარცხნილობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თმის გაპარსვა ფართოდაა გავრცელებული და აღნიშნავს ახალ დასაწყისს, ცხოვრების ერთი ეტაპიდან მეორეზე გადასვლას. მასაის ხალხებს შორის მხოლოდ მებრძოლები ატარებენ გრძელ თმას. 3 წლის ასაკის მიღწევის შემდეგ  ბავშვს სახელს არქმევენ და თმას პარსავენ, თმის ეს კონა შემდეგში სასქესო ორგანოს  სავარცხლად გამოიყენება. წინდაცვეთამდე ორი დღით ადრე ბიჭები იპარსავენ თმებს და მისი გაზრდის უფლება ახალგაზრდა მებრძოლის სტატუსის მიღების შემდეგ ეძლევათ. როდესაც მებრძოლები ზრდასრულ ასაკს აღწევენ, ისინი ვალდებულნი არიან გრძელი დაწნული თმა მოიჭრან. 

სამოსი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტანზანიისა და კენიის ხალხს შორის ჩაცმულობა და ყოველგვარი მორთულობა უმნიშვნელოვანესი იდენტობის განმსაზღვრელი ფაქტორია. მათთვის ასევე მნიშნელოვანია ორნამენტები, რომლებიც შეიცავენ გადამუშავებულ დეტალებს: სპეციალური შესაკრავი ელვები, ღილები, მრგვალთავიანი კალმის სახურავები, მაგრამ ამ არტისტული რეპერტუარის დანამატები უნდა შეესაბამებოდეს  ტანისამოსის კომპლექსური  და მტკიცე ფერების სისტემას, რომელიც ახდენს მასაის სამყაროს გარკვეულ ორგანიზებას. პლასტმასი, რომელიც შეიძლება შედგებოდეს უამრავი ფერისაგან, მასაის ხალხს აძლევს საკუთარი ესთეტიკური პრინციპების გამოხატვის ფართო შესაძლებლობებს, რაც დაკავშირებულია გადამუშავებულ მასალაზე მუშაობასთან. გადამუშავებულ მასალას თუ ქსოვილებს ისინი არ მიიღებენ და გამოიყენებენ მანამდე, სანამ ის არ მოვა ორნამენტების სიმბოლურ კოდთან შესაბამისობაში.

მასაის ხალხის ჩაცმულობა განსხვავდება ასაკის, სქესისა და ტერიტორიის მიხედვით. ტრადიციულად, მწყემსები იცვამენ ხბოს ტყავისაგან დამზადებულ ლაბადებს, ქალები კი - ცხვირს ტყავისაგან დამზადებულს. მასის ხალხი ამ ლაბადებს რთავს მინის მძივებით. 1960 წლისთვის მასაის ხალხმა ცხოველის ტყავი ჩაანაცვლა თანამედროვე ბამბის ქსოვილით. ქალები აგრძელებდნენ ამ ქსოვილებს და იხვევენ მხრებზე, რაც ლაბადის ფუნქციას ასრულებს. ისინი  ყველაზე მეტად აფასებენ წითელ, შავ და ცისფერ ფერებს. იცვამენ ზოლებიან და ჭრელ სამოსს, რომელიც მრავალფეროვანი აფრიკული ჩაცმის  სტილის მთავარი დამახასიათებელი ნიშანია. ხანშიშესული ქალები უპირატესობას ანიჭებენ წითელ ფერს და თავიანთ სამოსს ღებავენ ჟანგმიწაში. ქალებიც და მამაკაცებიც იცვამენ ძროხის ტყავისაგან დამზადებულ სანდლებს. მამაკაცის მოსახვევ ქსოვილს ქვია კიკოი, ქალისას კი - კანგა.

ახალგაზრდა ქალები და გოგონები, განსაკუთრებით კი ახლაგაზრდა მებრძოლები, გარეგნობაზე  ძალიან დიდ დროს ხარჯავენ. მასაის ხალხი უმაღლესი ხარისხის ნაკეთობებსა და სამკაულებს ქმნის. ისინი სხეულს ირთავენ და იმდიდრებენ ტატუებით, თავის გაპარსვით, ჟანგმიწის ან ცხვრის ქონის ვარცხნილობებით. ქალები იკეთებენ ოსტატურად დამზადებულ მძივის მარცვლის ყელსაბამებს, ასევე თავთასმებს და საყურეებს, რომლებიც გამოირჩევიან თავიანთი ფერებით. როდესად სპილოს ძვალი უხვად იყო, მებრძოლები, ძველეგვიპტელების მსგავსად, მხრებზე იკეთებდნენ სპილოს ძვლის ზონრებს. კეთილგანწყობის მოპოვების მცდელობებში სამკაულები ძალიან დიდ როლს თამაშობს. 

ცეკვა და მუსიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მასაის ტომის მუსიკა, ტრადიციულად, ეძღვნება მოსახლეობის სამ კატეგორიას: ახალშობილ ბავშვებს, მებრძოლებს და ქალებს. მუსიკა ბავშვებისთვის სრულდება ახალგაზრდა გოგონების ან ქალების მიერ. სიმღერის სტილი, ძირითადად, მოიცავს ძახილისა და პასუხის ფორმას, ასევე ატარებს გამოცანის ხასიათს, რათა წაახალისოს ბავშვის მენტალური და ვერბალური სიმარჯვე.

ტრადიციულად, მუსიკას ქმნიან მეომრები, რომლებიც შესრულების დროს განლაგებულნი არიან წრეში ან ერთ მწკრივად. სიმღერა, რომელიც არის ღრმად რიტმიული, დაბალი უკანა სასისმიერი ბგერებით წარმოიქმნება გულმკერდიდან და ხორხიდან, ეს საერთო ტონი კი მალევე ნაწევრდება. ყოველ მომღერალს აქვს შესრულების ინდივიდუალური სტილი, ზოგიერთი მათგანი იმპროვიზაციისთვის განზრახ ჩამორჩება რიტმს და საბოლოოდ იქმნება ლამაზი, არეულ-დარეული მელოდია. შესრულების დროს ისინი ქმნიან სხვადასხვა რითმს - პოლირითმებს, რომლის დაწყებისთანავე ლიდერი წარმოთქვამს მოკლე ფრაზებს.  უკვე ნახსენები სასისმიერი ბგერები, რომლებსაც განგრძობითი ხასიათი აქვს და დიდხანს სრულდება, უზრუნველყოფს შესრულების  გრძელ აკუსტიკურ საფუძველს, რომელიც სწრაფად იძენს ჰიპნოზის ძალას და გავლენას ახდენს მსმენელზე.

დაქორწინებული ქალები მამაკაცებისთვის ქმნიან ახალ რეპერტუარს. არსებობს ორი სახის სიმღერა. პირველია ლაომონი, ანუ ლოცვები. ეს აშკარა რელიგიური სიმღერა თითქმის სრულადაა აკრძალული დაქორწინებული ქალებისთვის, მეორე კი- კაგიშა, აერთიანებს მებრძოლთა სადიდებელ სიმღერებს.

სიმღერის შემსრულებლები ცეკვავენ კიდეც. ამ დროს, სოლისტი პერიოდულად ჰაერში რაც შეიძლება მაღლა ხტება, დანარჩენი მომღერლები კი არხევენ სხეულს წინ და უკან. როდესაც მოცეკვავე იღლება, ჩვეულებისამებრ 2 ან 3 ნახტომის შემდეგ, მას ანაცვლებს სხვა მომღერალი. ამ შესრულებას და ცერემონიას აქვს ახალგაზრდა გოგონების მოხიბვლის და მათთან არშიყის ფუნქცია. მასაის ენაზე ცეკვის შეჯიბრს „აბუმუ“ ჰქვია. ცეკვის ცერემონია სრულდება მაშინაც, როცა ვეფხვს მოინადირებენ. არსებობს ცეკვა, რომელიც ეძღვნება საქონლის დალოცვას. ეს ცეკვები სტრუქტურულად ძალიან მარტივია.

სიმღერის და ცეკვის სეზონი გახლავთ ხშირი წვიმების პერიოდი, რომელიც მათთვის ყველაზე ხელსაყრელი დროა ისეთი ცერემონიებისაღსანიშნავად  როგორიცაა წინდაცვეთა და ქორწინება.[17][18][19][20]

რელიგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რელიგიაზე საუბრისას საწყის წერტილს ღმერთის ცნება წარმოადგენს. მასაის ხალხს სწამს ყოვლისმომცველი ღმერთისა, რომელსაც ენკაის (ენგაის) უწოდებენ. ადამიანებისთვის მისი ფორმა და განზრახვა უცნობია. ვინაიდან ენკაის ადამიანური თვისებები მიეწერება, ის შეიძლება ხანდაზმულად წარმოვიდგინოთ. ყოვლისშემძლე და ყოვლისმცოდნე ღმერთის თაყვანისცემა, გარკვეულწილად, მოხუცების დალოცვისა და დაწყევლის რიტუალური უნარისა და ცოდნის განდიდებაა. ენკაი ბიპოლარულ მითიურ ფიგურად წარმოგვიდგება, რომლის შესახებაც მასაის მითოლოგიისა და ზეპირსიტყვიერი ლიტერატურის მიხედვით ვსაუბრობთ. განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს „ენეიმუა ენკიტენგი“, ანუ მითი საქონლის წარმოშობაზე, რომლის მიხედვითაც ღმერთს ყველა რქოსანი პირუტყვი მაასინტასთვის, ანუ მასაის პირველი წარმომადგენლისთვის უნდა გადაეცა, რაშიც ხელი შეუშალა დორობოს სახლმა, ანუ მონადირეთა კავშირმა. ეს მითი რამდენიმე მიზანს ემსახურება. პირველ რიგში, ის მთელი საქონლის ლეგიტიმურ მეპატრონედ მასაის ხალხს აცხადებს, დორობოს კი მასაის დაქვემდებარებაში აქცევს. მეორე და ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტი ენკაის ხალხთან მიმართებაა. თუ ქრისტიანულ აზროვნებაში პირველქმნილი ცოდვა ადამიანებს ღმერთთან ვალდებულს ხდის, მასაისთვის ვალდებულება ღმერთს ეკისრება საკუთარი შეცდომის გამო. ეს მიმართება აისახება ორ ანდაზაში: თანაბარია მასაი და ღმერთი; ასაკობრივი ჯგუფი თანაბარია ღმერთისა. ენკაის ბიპოლარულობა გამოიხატება ისეთ მითებში, როგორიცაა „ქარიშხალი და ღმერთები“, რომელშიც საუბარია ორ - შავ და წითელკანიან ღმერთზე. ისინი ერთმანეთს მასაიზე ბატონობისთვის უპირისპირდებიან. ორბუნებოვნებაზე შიდა გაგებით საუბარი ღმერთის სახელის ეტიმოლოგიაზე დაყრდნობით შეგვიძლია. ასეთი მიდგომა ხაზს უსვამს ერთი ღმერთის არსებობას, რომელიც საკუთარ თავში აერთიანებს მდედრობით და მამრობით ვერსიებს. სწორედ ამით აიხსნება სახელების პარალელური ფორმები: ენკაი, ნგაი და ნკაი (პრეფიქსი „ენ-„ მდედრობით სქესს განსაზღვრავს). [18]

მასაის კულტურაში მკაფიოდ გამოიკვეთება მისნობის ტრადიცია, განსაკუთრებით უბედურებისა და დიდი მსხვერპლთშეწირვების დროს. სავარაუდო გრძნეულის მახასიათებლები შეგვიძლია განვიხილოთ, როგორც კონკურენტული ინსტინქტების კარიკატურა, რომელიც ხაზს უსვამს სხვისი კარგი ბედით გაღვივებულ შურს.

მაას ენაზე მოლაპარაკე ხალხებს არ სწამთ სიკვდილის შემდეგ სიცოცხლის არსებობისა, თუმცა სავარაუდო რწმენა იმის შესახებ, რომ მდიდრების სულები გველად გადაიქცევა, სულის გადარჩენის იდეაზე მიუთითებს. მიუხედავად ამისა, სიკვდილი მათთვის იდუმალებით მოცული და საშიში ფენომენია. თუ ახალგაზრდა ან შუახნის ადამიანი საეჭვო ნიშნებს გამოამჟღავნებს, მას სოფლიდან აძევებენ და მინდორში ტოვებენ. მშვიდი სიკვდილის უპირატესობით მხოლოდ მოხუცები სარგებლობენ. გარდაცვლილთა გვამებს მასაის ხალხები კრაალის დასავლეთით აწყობენ აფთართა საჭმელად. სხეული მიწაზე განსაზღვრული წესების დაცვით უნდა განთავსდეს: სახე აღმოსავლეთით უნდა იყოს მიმართული, ფეხები - ერთმანეთზე მიჯრილი, თავი მარცხენა ხელს უნდა ეყრდნობოდეს, მარჯვენა კი - მკერდს კვეთდეს. გარდაცვლილის სახელს ოჯახი აღარასდროს ახსენებს.[21]

რელიგიის პრაქტიკოსები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მისნობის ფართოდ გავრცელებული საქმე ლუნკიდონგის წინასწარმეტყველთა დინასტიას უკავშირდება. ისინი პატარა კოლონიებში ცხოვრობენ მასაის ტომობრივ სექციათა შორის საზღვრებზე, სადაც ერთმანეთს მისნობაში ავარჯიშებენ. თითოეულ ტომობრივ განყოფილებას საკუთარი წინასწარმეტყველი ჰყავს, რომელიც ტომის წევრებს სამკურნალოდ წამლებით ამარაგებს, ცერემონიებისთვის კი - რჩევებით. ტომის მაცხოვრებლები წინასწარმეტყველისადმი შიშითა და მოკრძალებით არიან განწყობილნი, რადგან ის ყოვლისმცოდნე ნათლიმამად განიხილება. მისანს არამხოლოდ ჯადოსნობის განხორციელება, არამედ მისი აღმოფხვრაც შეუძლია - მისი უნარები ლუნკიდონგიური წარმომავლობით აიხსნება. [20]

მითის თანახმად, ლუნკიდონგების დინასტიას სათავე დაუდო კიდონგოიმ, ციდან ჩამოსულმა ბიჭმა, რომელიც წინასწარმეტყველების ნიჭით იყო დაჯილდოებული. მისმა შთამომავლებმა მემკვიდრეობით მიიღეს მომავლის განჭვრეტის უნარი. მას შემდეგ, ლუნკიდონგები მასაის  ტომობრივ სექციებს შორის სოფლებში ცხოვრობენ. ისინი საკუთარ თავს ხაზგასმით განასხვავებენ საკუთარი მეზობლებისგან, მეზობლებიც ეჭვის თვალით უყურებენ მათ კავშირს უხილავ სამყაროსთან. ამგვარი გაყოფის მიუხედავად, ლუნკიდონგები მასაის თანმდევ ფენომენად განიხილებიან.

ყოველი ზრდასრული ლუნკიდონგი უნდა დაეუფლოს მისნობის ხელოვნებას მას შემდეგ, რაც მოიხდის სამხედრო სამსახურს. მასწავლებლის ფუნქციას მამა ითავსებს, რომელიც საკუთარი ორაკულის დახმარებით არჩევს შესაბამის ხარს. პირუტყვს კლავენ და მის ტყავსა და მარჯვენა რქას ახალი ორაკულის შესაქმნელად იყენებენ. მამა შვილის მიერ მოკლული ხარის ტყავზე საკუთარ ორაკულს, კენჭებსა და წამლებს აწყობს და შელოცვას კითხულობს. მასაის რწმენის მიხედვით, ამ რიტუალით გადაეცემა წინასწარმეტყველების ნიჭი თაობიდან თაობას კიდონგოის დროიდან. [16]

ცერემონიები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ასაკობრივი ჯგუფების სისტემა რიტუალების მთავარ დასაყრდენს წარმოადგენს. ცერემონიით მინიჭებული სტატუსი განსაზღვრავს ინდივიდის პასუხისმგებლობას, აწესრიგებს კავშირის სტაბილურობას და საიმედოობას. ამის მაგალითად გამოდგება ისიც, რომ ქალების სოციალური სტატუსი ქმრის ასაკობრივ ჯგუფზეა დამოკიდებული, რაც ოჯახის სიმტკიცის ერთგვარი წინაპირობაა.

მასაის ბიჭები საზოგადოებაში ენკიპაატას რიტუალით შეაბიჯებენ. 14-დან 16 წლამდე ყმაწვილები ოთხი თვის განმავლობაში მოგზაურობენ თავისი სექციის მიწაზე და ახალი ასაკობრივი ჯგუფის შექმნას აცხადებენ. ამის შემდეგ, წინასწარმეტყველის მიერ არჩეულ კრაალზე ათეულობით სახლს აშენებენ და ირჩევენ უფროსს. ამ თანამდებობის დაკავება არავის სურს, რადგან ის უბედურების მომტანად მიიჩნევა - ჯგუფის უფროსმა საკუთარ თავზე უნდა აიღოს ყოველი წევრის ცოდვა. ცერემონიის წინა ღამეს ბიჭები ტყის გარეთ ათენებენ, დილით კი დასახლებას თავდამსხმელებივით უტევენ. ასე იწყება ენკიპაატას რიტუალი, რომელიც მთელი დღე შეუჩერებლად ცეკვას გულისხმობს.

ცერემონიათა ციკლის შემდეგი რგოლი ემურატარე, ანუ წინდაცვეთის რიტუალია. ემურატარე ტარდება სიმწიფის მიღწევის შემდეგ და ის ვრცელდება როგორც ბიჭებზე, ასევე გოგონებზეც. მასაის საზოგადოების ერთ-ერთი მთავარი პრობლემა 21-ე საუკუნეში ქალების მხრიდან ამ ტრადიციის უარყოფაა. ბიჭები დღესაც აღფრთოვანებით ელოდებიან წინდაცვეთას, რის მერეც მეომრები ხდებიან და საკუთარი ტერიტორიის დაცვაზე ზრუნვას იწყებენ. ემურატარეს წინაპირობა ზრდასრული მამაკაცის თვისებების გამოვლინებაა. ბიჭები ცდილობენ თემს საკუთარი ღირსეულობა მძიმე შუბის ტარებითა და დიდი ნახირის მწყემსვით დაუმტკიცონ. რიტუალის წინ ახალგაზრდებმა შვიდი დღე გადაბმულად უნდა მწყემსონ საქონელი. მერვე დღეს დგება წინდაცვეთის დრო. წინდაცვეთა ხდება მზის ამოსვლამდე და მას გამოცდილი მამაკაცები ატარებენ. პროცესის დაწყებამდე, ბიჭები ცივი წყლით იბანენ ტანს. ოჯახის წევრები მათ უხეში შეძახილებით ამხნევებენ. რიტუალის შემდეგ, ბიჭები ჯილდოვდებიან როგორც მატერიალური საჩუქრებით, ასევე ღრმა პატივისცემით სიმამაცის გამო.

Maasai warrior.jpg

შემდეგი ეტაპი ემანიატა, ანუ მეომართა ბანაკია. მებრძოლები ირჩევენ ბანაკს, რომელიც მოიცავს 20-დან 40-მდე სახლს. ამ ტერიტორიაზე მათ მოქმედების სრული თავისუფლება ენიჭებათ, რის გამოც ხშირად ხვდებიან წინააღმდეგობებს ქალების ეჭვიან ქმრებთან და მამებთან. ბანაკის ცენტრში აღიმართება სპეციალური სვეტი მასაის დროშის აღსამართად. მეომართა შორის ირჩევენ ორ მეთაურს, რომლებიც ხელმძღვანელობენ და წარმოადგენენ ბანაკს. ემანიატა ათი წელი გრძელდება. სწორედ ამ დროის განმავლობაში ეცნობიან მასაის მამაკაცები ასაკობრივი ჯგუფების ფორმირების წესებს, ორატორულ ხელოვნებას და მეცხოველეობას.

ეუნოტო მებრძოლთა უფროს მეომრებად დაწინაურებას გულისხმობს. ამ ეტაპის შემდეგ მამაკაცებს ქორწინების უფლება ენიჭებათ, შესაბამისად, ისინი მომავალი მამები ხდებიან. ცერემონიის ადგილი 49-სახლიანი ბანაკია. ფესტივალის განმავლობაში, მამაკაცებს ეკრძალებათ იარაღის ტარება. ეუნოტოს მნიშვნელოვანი ნაწილია ცეცხლმოკიდებული რქის ნაწილის აღება. მართალია ის, ვინც ცეცხლიდან მხურვალე ნატეხის ამოღებას შეძლებს, უბედურებისთვისაა განწირული, მაგრამ მონაწილეობაზე უარს არავინ ამბობს, რადგან ამ შემთხვევაში მთელი ასაკობრივი  ჯგუფი დაიწყევლება.

კვებასთან დაკავშირებული ცერემონიებია ენკანგ ე-კულე, ანუ რძის ცერემონია და ენკანგ ოო-ნკირი, ანუ ხორცის ცერემონია. პირველი ემსახურება მამაკაცების განმტკიცებას და გარემოს სასტიკ პირობებთან შეგუებას, ხოლო მეორე ქალების ერთგულების ერთგვარი გამოცდაა.

უკანასკნელი ეტაპი არის ორნგეშერი, რომელიც კაცებს მამის მიმართ პასუხისმგებლობისგან ათავისუფლებს. ეს ხდება, დაახლოებით, 35 წლის ასაკში. ამ დროიდან მათ შეუძლიათ დამოუკიდებელი ცხოვრების დაწყება და საკუთარი ოჯახისთვის განცალკევებული კარ-მიდამოს არჩევა. მიუხედავად ამისა, კაცები ვალდებულნი არიან, გაითვალისწინონ მამის რჩევა.

ასაკობრივ ჯგუფებთან დაკავშირებული რიტუალები მასაის კავშირის ერთ ხალხად გაერთიანებას ემსახურება. აქ წამყვანი როლი უჭირავთ ჩრდილოეთის კეკონიუკიეებს და სამხრეთში მცხოვრებ კინსოკოებს, რომელთაც სინქრონიზებული ასაკობრივი სისტემა აქვთ. ასაკობრივი ჯგუფების ხელახალ დანაწილებამდე სიგნალს ყველა ჩრდილოეთიდან ელოდება. როდესაც ჩრდილოეთში მცხოვრები კეკონიუკიეს ბიჭები ხარის რქას მოიპარავენ, მხოლოდ მაშინ შეუძლიათ მასაის სხვა რაიონებში ახალი ასაკობრივი ჯგუფის ფორმირება.

დაახლოებით 25 წლის შემდეგ, იგივე პასუხისმგებლობა კინსოკოს რაიონს ეკისრება. კინსოკოს წარმომადგენლები ოლგეშერის მეორე ნაწილს იწყებენ, რაც მის პირველ ნაწილში ჩამოყალიბებული ასაკობრივი ჯგუფების დაწინაურებას - ანუ იერარქიის შემდეგ საფეხურზე გადასვლას ემსახურება. ეს ორი სიგნალი, გადანაწილებული ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის, უზრუნველყოფს მასაის ზოგად ორიენტაციას დროსა და სივრცეში.

ქალთა ცერემონიები ნაყოფიერებაზე ზრუნვას ემსახურება. ისინი, ძირითადად, წარმოდგენილია ცეკვის სახით. რიტუალებში ქალთა ბუნება დროებით შებრუნებულია, შესაბამისად ცეკვა, შესაძლოა, აგრესიული ხასიათისა იყოს ან შეიცავდეს ძალადობის ელემენტებს[12].[22] [18]

ქალის წინდაცვეთის ტრადიცია [რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალის გენიტალიების ამოკვეთის ტრადიცია არამხოლოდ მასაის საზოგადოებაში, არამედ აფრიკის სხვა ტომებშიც არსებობს. რიტუალი უტარდებათ გოგონებს 10-დან 15 წლამდე.

მასაის ხალხში რიტუალი კლიტორის მოკვეთის ფორმით ტარდება. ცერემონიის ფარგლებში, იჭრება მთლიანი კლიტორი ან მისი ნაწილი, ხანდახან მიმდებარე ლაბიაც. ამ ტრადიციას კულტურული, და არა რელიგიური ხასიათი აქვს. ამით აღინიშნება ქალიშვილის ბავშვობიდან სიმწიფეში გადასვლა. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რწმენა მასაის წარმოდგენებით იმაში მდგომარეობს, რომ წინდაცვეთა ამცირებს ქალის სექსუალურ სურვილებს და ამასთან ერთად, ქორწინებამდე სექსისა და ქმრის ღალატის რისკსაც. წინდაცვეთის შემდეგ ქალს შეუძლია ოჯახის შექმნა. მიჩნეულია, რომ გოგონები, რომლებსაც არ გაუვლიათ რიტუალი, ამორალურები, უხეში ცოლები და რძლები არიან. წინდაუცვეთავი გოგოს ფასი ჩვეულებრივზე დაბალია.

წინდაცვეთის ცერემონია იმართება გამთენიისას. ოპერაციამდე გოგონა ცივი წყლით იბანს. სიმამაცის გამოსამჟღავნებლად, მან არ უნდა იტიროს, რაც საზოგადოებას მის მიმართ პატივისცემით განაწყობს და დანარჩენი ახალგაზრდებისთვის სამაგალითოდ აქცევს. რიტუალის შემდეგ გოგონას ასმევენ ცხოველის სისხლს და აჭმევენ რძის ცხიმსა და ცხოველის ხორცს დანაკარგის ასანაზღაურებლად.

წინდაცვეთა ხორციელდება უფროსი ქალის მიერ სამართებლის, დანის, ან მინის ნატეხის გამოყენებით, ძირითადად, ანესთეზიის გარეშე. რამდენიმე ქალი აკავებს გოგონას.  გარდა აუტანელი ტკივილისა, წინდაცვეთის გამო  შეიძლება განვითარდეს გარკვეული სამედიცინო პრობლემები, როგორიცაა ინფექცია, ჰემორაგია, შარდის შეუკავებლობა, უნაყოფობა და გართულებები მშობიარობის დროს. [23]

ქალების ეკლესია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კათოლიკე მისიონერებმა სულიწმინდის კონგრეგაციიდან 50 წელზე მეტი გაატარეს მასაის კაცების გაქრისტიანების მცდელობაში. ეს პროცესი სწავლების სამ ეტაპს მოიცავდა: მეცადინეობას სკოლაში, სახლში და ინდივიდუალურად. ქალები მხოლოდ საშინაო განათლების მიღებაზე იყვნენ ნებადართულნი. გაქრისტიანების პროცესი მათთვის ბევრად რთული იყო, რადგან ისინი წინააღმდეგობებს ხვდებოდნენ როგორც მისიონერების, ისე ოჯახის მხრიდან. სულიწმინდის კონგრეგაციის წარმომადგენლები მიზნად ისახავდნენ პატრიარქალური ეკლესიის შექმნას, სადაც ლიდერის პოზიციაში მამაკაცებს იხილავდნენ. მათმა მცდელობამ სანაცვლოდ პარადოქსული ფენომენი - „ქალთა ეკლესია“ მოგვცა. ამ უცნაურობას მკვლევრები მასაიში დომინანტური იდეოლოგიის ახალ სწავლებასთან შეჯახებით ხსნიან. მასაის საზოგადოებაში მტკიცედ იყო განსაზღვრული მამაკაცის ცხოვრების თითოეული ეტაპი და მისი შეთავსება ქრისტიანულ პრაქტიკასთან წარმოუდგენელი იქნებოდა. ქალების შემთხვევაში ცხოვრების წესს ტრადიცია ასეთი სიმკაცრით არ ადგენდა.  ასე აღმოჩნდნენ ისინი წამყვან პოზიციებზე ეკლესიაში.[24] 

რელიგიური მართლმსაჯულება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მასაის ტრადიცია საზოგადოებრივი ურთიერთობების მოსაწესრიგებლად გარკვეულ სისტემას ქმნის, რომელიც პრიმიტიული კოდექსის სახეს იღებს და დანაშაულად მიჩნეული ქმედებებისთვის სასჯელს აწესებს. ასე იქმნება სისხლის სამართლის აფრიკული ანალოგი, რომლის ნაწილი დღესაც მოქმედებს, ნაწილი კი დავიწყებას მიეცა.

მასაის „ჩვეულებითი სამართალი“ გამოყოფს დანაშაულთა კატეგორიებს და მათ კლასიფიკაციას ახდენს. დანაშაულთა შორის გამოყოფენ მამის ან ძმის მკვლელობას, თავდასხმას, ქურდობას, შეცდენას, აბორტს და ა. შ. როგორც ვიცით, მასაის ძირითად საქმიანობას მესაქონლეობა წარმოადგენს. ამან გამოვლინება ჰპოვა სამართალშიც, ვინაიდან სასჯელის ძირითად სახედ განსაზღვრული რაოდენობის პირუტყვის ჩამორთმევა გვევლინება, თუმცა ვხვდებით დაწყევლისა და კლანიდან გაძევების შემთხვევებსაც. [25]

კვება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მასაის ხალხის კვების რაციონს, ძირითადად, შეადგენს თაფლის ღვინო, რძე, საქონლის ხორცი, ბანანი, ლობიო, ფეტვი, ბარდა, კომბოსტო, ბრინჯი, კარტოფილი, ბატატი, მანიჰოტი, მარანტა (ქართ. ,,მლოცველი''-მრავალსაუკუნოვანი მცენარე), სიმინდი, შაქარი და თაფლი, ყველაფრით რაც მათთვის ხელმისაწვდომია.

თაფლის ღვინო ხშირად გამოიყენება რელიგიური ცერემონიებისა და სხვა განსაკუთრებული შემთხვევების დროს. ამ სასმელის დასამზადებლად თაფლისა და წყლის თანაბარ რაოდენობას ურევენ სპეციალურ გოგრაში, სახელად ე-მოსორი, სიტყვასიტყვით „კვერცხი“. ამ ნარევს უმატებენ გრძლად დაჭრილ გამხმარ ხილს და ერთად ათავსებენ თბილ ადგილას ფერმენტაციისთვის, დაახლოებით 3-4 დღის განმავლობაში. ალკოჰოლური შემცველობა დამოკიდებულია ფერმენტაციის დროსა და წყლისა და თაფლის წილზე ნარევში 

რძე დიდ როლს თამაშობს მასაის ხალხის კვებაში. მას სვამენ არაპასტერიზებულ მდგომარეობაში, ამჟავებულს, ჩაისთან ერთად, ან აკეთებენ კარაქს. მასაის ტომები უმი ძროხის ხორცსაც იყენებენ საკვებად, თუმცა ხორცზე მეტად  გავრცელებულია ადუღებული სისხლის ან სისხლისა და რძის ნარევის გამოყენება.

სისხლის მისაღებად ძროხის კისრის არტერიას ისრით ზუსტად ხვრეტენ და ცხოველს სისხლს ადენენ ისე, რომ არ მოკვდეს. სისხლისა და რძის ნარევი გამოიყენება განსაკუთრებულ დღესასწაულებზე სარიტუალო სასმელად - გადაეცემა წინდაცვეთილ ადამიანს,  ქალს, რომელმაც ბავშვი გააჩინა ან ავადმყოფს. აგრეთვე, მას სვამენ რეგულარულად მთვრალი უხუცესები, რომ შეიმსუბუქონ ინტოქსიკაცია და ნაბახუსევი.

მასაის ხალხს კვებასთან დაკავშირებით გარკვეული შეზღუდვები აქვს. ისინი არ ჭამენ გარეულ ცხოველებს, არ სვამენ რძეს ჭამის დასრულებისთანავე, ქალებს არ უნდა უყურონ ქმრის მამრობითი სქესის ნათესავებმა ხორცის ჭამის ან რძის დალევის დროს.

გარკვეულ ადგილებში, მიწის ნაკვეთები არც ისე დიდია, რომ დაიტიოს ნახირი, შესაბამისად, მასაის ხალხი იძულებულია მეურნეობას მიჰყოს ხელი. მათი აზრით, მიწათმოქმედებისთვის მიწის გამოყენება ბუნების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულია. მიწა დამუშავების შემდეგ აღარ გამოდგება მესაქონლეობისთვის. მიუხედავად ამისა, მოსახლეობის ნაწილმა წამოიწყო მეურნეობა საცხოვრებელი პირობების გასაუმჯობესებლად. მათ მოჰყავთ პომიდორი, სიმინდი, ხახვი,  ყველაზე ხშირად კი - ლობიო. ამ კულტურების მოყვანა მათ საშუალებას აძლევს, კვების რაციონი მრავალფეროვანი გახადონ და შეიძინონ აუცილებელი მოხმარების ნივთები, მაგალითად ნახშირი, მძივები, სკოლის ფორმები ან მობილური ტელეფონები. სურსათისა და სოფლის მეურნეობის ასოციაციის თანახმად, მასაის ბევრი წარმომადგენელი აღარ იცავს კვების ტრადიციულ რაციონს.

მძიმე გვალვის პერიოდში იზრდება ბოსტნეულის მოხმარება, რადგან მოსახლეობას ვერ მიეწოდება საკმარისი რაოდენობით რძე. ხანდახან მეომრებიც იძულებულნი არიან თავიანთი კვების მკაცრი რაციონი ხილითა და ბოსტნეულით ჩაანაცვლონ, თუმცა ხილი მხოლოდ გარკვეული დროის განმავლობაშია ხელმისაწვდომი და ქალებისა და ბავშვების ძირითად საკვებს წარმოადგენს.

მასაის ტრადიციული კვების რაციონის მიხედვით, ადამიანები კალორიების ორ მესამედს იღებენ ცხიმიდან, დღეში 600-2000მგ ქოლესტერინის სახით, ეს კი ამერიკის გულის ასოციაციის მიერ რეკომენდებულ დოზას ორჯერ აღემატება. მიუხედავად ქოლესტერინისა და ცხიმის ინტენსიური მიღებისა, მასაის ხალხს, როგორ წესი, ახასიათებს სისხლის დაბალი წნევა.

აღსანიშნავია 1971 წელს ჩატარებული კვლევის შედეგები. მკვლევრები აკვირდებოდნენ მასაის ხალხის ორ ჯგუფს. ერთი ჯგუფი იკვებებოდა კალორიებით მდიდარი საკვებით, ხოლო მეორეს კვების რაციონში 2 გრამი ქოლესტერინი ემატებოდა. ორივე დიეტა მცირე რაოდენობით შეიცავდა რადიოაქტიურ ელემენტს - ნახშირბად 14-ს. სისხლისა და ფეკალური მასების შესწავლის საფუძველზე, მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ორივე ჯგუფს სისხლში ქოლესტერინის იდენტური დონე ჰქონდა. აქედან გამომდინარე, მეცნიერები ვარაუდობენ, რომ მასაის ხალხს აქვს განსხვავებული გენეტიკური თვისებები, რაც ასახულია მათ ბიოლოგიურ მექანიზმში, თავი დაიცვან ჰიპერქოლესტერინემიისგან.

კენკრას მეომრები ნადირობის ან საბრძოლო ექსპედიციაში ყოფნის დროს ჭამენ. ასევე, ჩვეულებრივი მოვლენაა ორსული ქალების გაგზავნა ბუჩქში კენკრის საჭმელად.  მიუხედავად ამისა, კენკრას მაინც უმნიშვნელო წვლილი შეაქვს მასაის კვების რაციონში.[26] [27]

ავადმყოფობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამხრეთი კენიის ზოგიერთ სოფელში უახლოესი კლინიკა 60 მილის მოშორებით მდებარეობს. ავადმყოფების უმეტესობა ვერ ახერხებს დიდ მანძილზე გადაადგილებას. მასაის ხალხი ჯანმრთელობაზე ტრადიციული სამკურნალო მცენარეებით ზრუნავს, მაგრამ თანამედროვე უმოძრაო ცხოვრების სტილის გამო, უჭირთ მათი მოპოვება. ცნობილია, რომ ილ დარსოეროს კლანის წევრები ამაში ყველაზე მეტად დახელოვნებულნი არიან. მასაის ხალხს და საქონელს, დასავლური კოლონიზაციის გამო, სხვადასხვა დაავადება ატყდებოდა თავს. დაავადების გადამტანი ცეცე ბუზებისგან პირუტყვის დაცვის მიზნით, ისინი საქონელს, ძირითადად, ღამით აძოვებდნენ. ერთ დროს უსაფრთხო მიწები დააავადების გადამტანი მწერების გამო საშიში გახდა. 

მასაის ტომში ასობით ადამიანი იღუპება დაბინძურებული წყლის გამო. ფართოდ არის გავრცელებული ქოლერა, ტუბერკულოზი, მალარია, ტრაქომა, შიდსი.  ბევრმა ადგილობრივმა არ იცის, რომ ამ დაავადებების თავიდან აცილება ან ნაწილობრივ განკურნება შესაძლებელია.

მალარიის ციების დაწყებისას, პაციენტს აძლევენ პირღებინების გამომწვევ საშუალებას, მაგალითად, გარკვეული ჯიშის ხის ქერქის ექსტრაქტს. ჩუტყვავილას მკურნალობის ხერხები არ აქვთ შემუშავებული. ავადმყოფი რჩება ქოხში, მას ასმევენ ცოტა რძისა და სისხლის ნარევს ცხვრის კუდის ცხიმთან ერთად.

ცხვრის ცხიმი თითქმის ყველა მედიკამენტის შემადგენლობაში შედის. მაგალითად, თუ ცოფიანმა ძაღლმა ვინმე დაკბინა, ცხვარს სასწრაფოდ კლავენ, მის ცხიმს ხარშავენ ილ კილურეტის ხის ქერქთან ერთად და ავადმყოფს ასმევენ, კანზე კი ცხვრის შიგნეულობას უსვამენ.

ჯილეხით დაავადებულს წყლულებზე ცხვრის ტყავს ადებენ. პაციენტს მხოლოდ ცხვრის ცხიმს ასმევენ. მას ეკრძალება წყალისა და რძის მიღება, რადგან ეს სიკვდილს გამოიწვევს. ჯილეხი მასაის ხალხში ფართოდაა გავრცელებული, მაგრამ ძირითად შემთხვევაში, მისი განკურნება ხერხდება.[28] [26] [29]

თანამედროვე გამოწვევები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მასაის ხალხის სამოსახლო ტერიტორია მოიცავს 12 გეოგრაფიულ სექტორს. მათ ერთმანეთისგან ადათ-წესები, პოლიტიკური იერარქია და დიალექტი განასხვავებს. ეს სექტორებია: კეეკონიოკიე, დამატუ, პურკო, უასინკიშუ, სირია, ლაიტაიოკი, ლოიტაი, კისონკო, მატაპატო, დალალეკუტუკი, ლოოდოკოლანი და კაპუტიეი.

Maasai 6.jpg

დასავლური გავლენა მასაის ჩვეულებასა და ტრადიციებს საფრთხის ქვეშ აყენებს. კენიისა და ტანზანიის მთავრობა, გარემოს დაცვის ორგანიზაციების ხელშეწყობით, ძირფესვიანად ცვლის მასაის ხალხის ცხოვრების წესს. დასავლური გავლენის ქვეშ ექცევა საჭმლის მოყვანის ტრადიციული ხერხი, მედიცინა და განათლება. მიმდინარეობს მოსახლეობის ლოკალიზება,  ცხოველების დამცველი ორგანიზაციები კი ხალხისთვის ნადირობასაც ართულებს. თუმცა, მასაის საზოგედოებისათვის მთავარ პრობლემას წყალი წარმოადგენს. ადამიანების უმრავლესობას არ აქვს წვდომა საკუთარ საცხოვრებელ ტერიტორიაზე გამავალ წყლის მილებზე, და, შესაბამისად, სუფთა წყლის გარეშე რჩება.

აღსანიშნავია, აგრეთვე, განათლების პრობლემა. მასაის ხალხის საცხოვრებელ ტერიტორიაზე მდებარეობს რამდენიმე სკოლა და არცერთი უმაღლესი სასწავლებელი. მათი გადმოსახედიდან, განათლება საჭიროა მხოლოდ გარკვეული დოზით, იმისთვის, რომ მათთვის გასაგები გახდეს ტანზანიისა და კენიის მთავრობების, ამ ხალხის ცხოვრების მთავარი მაკონტროლებლების გადაწყვეტილებები.

მთავრობა მასაის კულტურის განვითარებას ხელს არ უწყობს. მასაი კენიასა და ტანზანიაზე, მათთვის უცხო სოციალურ-პოლიტიკურ სისტემაზე დამოკიდებული ხდება, რისი გააზრებისა და შეგუებისთვის საკმარისი განათლება არ გააჩნია.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა სამოსახლო მიწების შემცირება, რასაც სოფლის მეურნეობა და გარემოს დაცვის მიზნები იწვევს. ორგანიზაციებმა გადაწყვიტეს, მათთვის მიწების დიდი ნაწილი ჩამოერთმიათ, რამაც ხალხში სტრესი და პროტესტი გამოიწვია. მიწები, რომლებზეც მრავალი წლის განმავლობაში ცხოვრობდნენ, მათთვის როგორც რესურსების მნიშვნელოვანი წყარო, ასევე კულტურული დატვირთვის მატარებელი იყო.

წარსულში მესაქონლეობით დაკავებულ ადამიანებს ახლა აღარ აქვთ მიწის დიდ ნაწილზე წვდომა. საზოგადოების ნაწილი თანდათან დასავლური ცხოვრების სტილზე გადადის, პოპულარული ხდება სოფლის მეურნეობა და მევენახეობა.

ამ გამოწვევების გამო, შექმნილია მასაის მხარდაჭერაზე ორიენტირებული უამრავი გაერთიანება, რომლებიც ცდილობენ, დაეხმარონ ამ ხალხს წამოჭრილი პრობლემების გადაჭრაში, საკუთარი უფლებების გაცნობასა და ბუნებრივი რესურსების უკეთ გამოყენებაში.[30][31] [32]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Maasai - Introduction Jens Fincke, 2000-2003
  2. The Last of the Maasai. Mohamed Amin, Duncan Willetts, John Eames. 1987. Page 122. Camerapix Publishers International. ISBN 1-874041-32-6
  3. Maasai 'can fight climate change'“, BBC News, 18 August 2008. 
  4. Visiting a Maasi Village
  5. BlackwellPublishing ImpactofClimateChangeinAfrica November 24, 2006. RetrievedDecember 16, 2007
  6. Maasai Ethnologue. RetrievedJune 4, 2013.,  2009 Population&HousingCensusResults RetrievedJune 4, 2013.
  7. Maasai Ethnologue. RetrievedJune 4, 2013.
  8. Bernardi, B. 1955. “Age-System Of The Masai.” Annali Lateranensi 18. Citta Del Vaticano: 257–318. http://ehrafworldcultures.yale.edu/document?id=fl12-002.
  9. Sandford, George Ritchie. 1919. “Administrative And Political History Of The Masai Reserve.” London: Waterlow & Sons Limited. http://ehrafworldcultures.yale.edu/document?id=fl12-004.
  10. The Masai Warrior – A Key Tradition of the Masai Tribe. (n.d.). Retrieved July 05, 2016, from http://www.kenya-advisor.com/masai-warrior.html
  11. Lekuton, J. (2005). Facing the lion. Washington, D.C.: National Geographic Society.
  12. 12.0 12.1 12.2 Huntingford, George Wynn Brereton. 1953. “Southern Nilo-Hamites.” Ethnographic Survey Of Africa, East Central Africa. London: International African Institute. http://ehrafworldcultures.yale.edu/document?id=fl12-013
  13. Fosbrooke, H. A. 1948. “Administrative Survey Of The Masai Social System.” Tanganyika Notes And Records, no. 26. Nairobi: 1–50. http://ehrafworldcultures.yale.edu/document?id=fl12-009.
  14. Holland, K. (1996). The Maasai on the horns of a dilemma: Development and education. Nairobi, Kenya: Gideon S. Were Press
  15. Dorothy L. Hodgson - Being Maasai, Becoming Indigenous
  16. 16.0 16.1 Paul Spencer-Time, Space and the Unknown_ Maasai Configurations of Power and Providence (2003)
  17. Jens Finke’s Traditional Music and Cultures of Kenya
  18. 18.0 18.1 18.2 Equal are the Maasai and God Malcolm Floyd Published online: 26 Mar 2009
  19. https://africa.uima.uiowa.edu
  20. 20.0 20.1 Spencer, Paul. 1996. “Culture Summary: Maasai.” New Haven, Conn.: HRAF. http://ehrafworldcultures.yale.edu/document?id=fl12-000.
  21. Huntingford, George Wynn Brereton. 1953. “Southern Nilo-Hamites.” Ethnographic Survey Of Africa, East Central Africa. London: International African Institute. http://ehrafworldcultures.yale.edu/document?id=fl12-013.
  22. Hamilton, Lord Claud. 1963. “E-Unoto Ceremony Of The Masai.” Man 63. London: 107–9. http://ehrafworldcultures.yale.edu/document?id=fl12-016.
  23. http://arizonajournal.org/wp-content/uploads/2015/11/Tarayia.pdf
  24. The Church of Women – Dorothy L. Hodgson
  25. Maguire, R. A. J. 1928. “Masai Penal Code.” Journal Of The African Society 28. London And New York: 12–18. http://ehrafworldcultures.yale.edu/document?id=fl12-005.
  26. 26.0 26.1 Fox, D. Storrs. Further notes on the Masai of Kenya Colony   
  27. Boyd-Orr, John Boyd Orr, baron, 1880-. Studies in nutrition: the physique and health of two African tribes 
  28. Merker, Meritz. The Masai: ethnographic monograph of an East African Semite people
  29. Sam Crowe, "The Maasai Move to Eliminate Trachoma" British Medical Journal (1997).
  30. EugeneHillman, "ThePauperizationoftheMaasaiinKenya," AfricaToday (1994)
  31. WaterholeRestoration Project MaasaiAssociation. RetrievedDecember 16, 2007
  32. Culture Facts RetrievedDecember 16, 2007
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=მასაი&oldid=3145734“-დან