შინაარსზე გადასვლა

მარტინ კრავცივი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მარტინ კრავცივი

მარტინ კრავცივი, 2013 წელი
ქვეყანა (სპორტი) უკრაინის დროშა უკრაინა
ეროვნება უკრაინელი
დაბადების თარიღი 26 ნოემბერი, 1990 (1990-11-26) (34 წლის)
დაბადების ადგილი ლვივი, უკრაინის სსრ, სსრკ
წოდება დიდოსტატი (2009)
ფიდე რეიტინგი 2598 (მაისი 2022)
მაქსიმალური რეიტინგი 2685 (მარტი 2018)

მარტინ კრავცივი ((უკრ. Мартин Романович Кравців), (ინგლ. Martyn Kravtsiv) დ. 26 ნოემბერი, 1990, ლვივი, უკრაინის სსრ, სსრკ) ― უკრაინელი მოჭადრაკე, დიდოსტატი (2009), უკრაინის ვიცე-ჩემპიონი 2015 წელს.

მარტინი 1990 წელს ლვივში დაიბადა და ჭადრაკის თამაში 6 წლისას მამა რომანმა ასწავლა, რომელმაც შემდეგ ამავე ქალაქის საჭადრაკო კლუბში მწვრთნელად დაიწყო მუშაობა[1]. მარტინი სამ სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში სამჯერ გახდა უკრაინის ჩემპიონი, 2000 წელს 10 წლამდელებში, 2004 წელს 14 წლამდელებში და 2008 წელს 20 წლამდელებში.

2006 წელს უკრაინის 16 წლამდელთა ნაკრების შემადგენლობაში საჭადრაკო ოლიმპიადა მოიგო, იგი პირველ დაფაზე თამაშობდა, 6 მოგებული პარტიისა და 4 ყაიმის შემდეგ ინდივიდუალურ ვერცხლის მედალს დაეუფლა. მომდევნო წელს ევროპის 16 წლამდელთა ჩემპიონატზე მეორე ადგილი დაიკავა.

2008 წელს ბეიჯინგში მსოფლიოს ინტელექტუალურ თამაშებზე, ელვისებურ ჭადრაკში, ინდივიდაულური ოქროს მედალი მოიგო. ნაკრების შემადგენლობაში გუნდური ვერცხლი აიღო სწრაფ ჭადრაკში, ხოლო ბრინჯაო ელვისებურში.

2009 წელს ჩეხეთის ღია ჩემპიონატი მოიგო. მომდევნო წელს ბჰუბანეშვარში „ორისას“ ტურნირზე პირველ-მეექვსე ადგილი დაიკავა.

2011 წელს ჩენაის ღია პირველობაზე მესამე ადგილზე გავიდა. მომდევნო წელს Cappelle-la-Grande-ის ტურნირზე ოთხ სხვა მოჭადრაკესთან ერთად პირველ-მეხუთე ადგილებს დასჯერდა[2].

2013 წელს ორი ტურნირი მოიგო, ანდრანიკ მარგარიანის მემორიალი და ალ-აინის საჭადარკო ტურნირი.

2015 წლის დეკემბერში მშობლიურ ლვივში უკრაინის 84-ე ჩემპიონატზე გამოვიდა. მან პირველ-მესამე ადგილები გაიყო ანდრეი ვოლოკიტინთან და ზაჰარ ეფიმენკოსთან ერთად, თუმცა ტაი-ბრეიკში მეორე ადგილს დასჯერდა. კრავცივმა 3 პარტია მოიგო, 8 კი ყაიმით დაასრულა[3].

2016 წელს რიგის ტექნიკური უნივერსიტეტის ღია პირველობა მოიგო, თავიდან პირველ-მეხუთე ადგილებს იკავებდა, თუმც ტაი-ბრეიკში ყველას აჯობა[4]. მომდევნო წელს პირველ-მუხუთე ადგილები გაინაწილა Sharjah Chess Masters-ზე და მეორე იყო სევანის ტურნირზე. 2018 წელს გუჯარეთის საერთაშორისო ტურნირზე გაიმარჯვა, ხოლო Cap d'Agde chess-ზე მესამე ადგილი დაიკავა.

მარტინ კრავცივი, მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე, გაზიანთეფი, 2008 წელი

უკრაინის ნაკრების შემადგენლობაში 14-ჯერ იასპარეზა.

2017 წლის ივნისში ხანტი-მანსიისკში მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე სარეზერვო დაფაზე გამოვიდა და ინდივიდუალურ ბრინჯაოს დაეუფლა, ნაკრები კი მეექვსე ადგილს დასჯერდა. მან 2 პარტია მოიგო, 4 ყაიმით დაასრულა და ერთი წააგო.

ოქტომბერ-ნოემბერში კრეტაზე ევროპის გუნდურ ჩემპიონატზე კვლავ სარეზერვო დაფაზე ითამაშა და გუნდური ბრინჯაო აიღო, ინდივიდულაურში კი მეცამეტე იყო. მან 2 პარტია მოიგო და 5 ყაიმით დაასრულა.

ნაკრებში ჩატარებული 14 პარტიიდან 4 მოიგო, 9 ყაიმით დაასრულა და ერთში დამარცხდა, შედეგიანობა 60.7%.

კრავცივი მწვრთნელადაც მუშაობს. მისი მეცადინეობით უკრაინის ვაჟთა ნაკრებმა 2016 წლის ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა, ხოლო 2021 წლის ევროპის გუნდურ ჩემპიონატზე ოქროსი.

დაამთავრა ლვოვის სახელმწიფო ფიზკულტურის უნივერსიტეტი

გამოქვეყნებული აქვს წიგნები:

  • Magnus Carlsen's Most Instructive Games (Chess World Champions) – 31 მარტი, 2021 წელი.
  • 600 Modern Chess Puzzles - 14 ოქტომბერი, 2020
  • The Italian Renaissance I: Move Orders, Tricks and Alternatives - 7 დეკემბერი, 2020 წელი
  • The Italian Renaissance - II: Main Lines - 1 იანვარი. 2020 წელი

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. „Grandmaster Interview with Martyn Kravtsiv and Game“. Chess Videos, Chess DVDs, Chess Software and more. (ინგლისური). 2011-12-03. ციტირების თარიღი: 2017-12-15.
  2. Ramirez, Alejandro. (2012-03-12) Harikrishna tops 74 GMs in Cappelle-La-Grande. ChessBase. ციტირების თარიღი: 2012-03-13.
  3. GM Andrei Volokitin is the 2015 Ukraine Chess Champion. Chessdom. ციტირების თარიღი: 2015-12-15.
  4. Riga Technical University Open 2016 | The Week in Chess. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-06-30. ციტირების თარიღი: 2017-07-05