მარი დე ბურბონი (1515-1538)
მარი დე ბურბონი | |
---|---|
დაბადების თარიღი |
29 ოქტომბერი, 1515 პიკარდია, საფრანგეთი |
გარდაცვალების თარიღი |
28 სექტემბერი, 1538, (22 წლის) პიკარდია, საფრანგეთი |
ეროვნება | ფრანგები |
რელიგია | კათოლიციზმი |
მშობლები |
მამა: შარლ IV, ვენდომის გრაფი დედა: ფრანსუაზ ალანსონელი |
მარი დე ბურბონი (ფრანგ. Marie de Bourbon; დ. 29 ოქტომბერი, 1515 — გ. 28 სექტემბერი, 1538) — ბურბონთა დინასტიის წარმომადგენელი. ვენდომის გრაფ შარლ IV-ის უფროსი ასული. დანიშნული იყო შოტლანდიის მეფე ჯეიმზ V-ზე, რომელიც მასზე დასაქორწინებლად საფრანგეთშიც კი ჩავიდა, თუმცა იგი მის ნაცვლად მეფე ფრანსუა I-ის ქალიშვილ მადლენ დე ვალუაზე დაქორწინდა. ამ ამბიდან რამდენიმე წელიწადში მარი გარდაიცვალა, გაუთხოვარი და უშვილო.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პირველი საქორწინო მოლაპარაკებები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მარი დაიბადა 1515 წლის 29 ოქტომბერს შატო დე ლა ფერში, პიკარდიეში, საფრანგეთში. იგი იყო ვენდომის გრაფ შარლ IV-ისა და მისი მეუღლის, ალანსონის ჰერცოგ რენე დე ვალუას ასულ ფრანსუაზ ალანსონელის უფროსი ქალიშვილი. 1517 წელს საფრანგეთსა და შოტლანდიას შორის დაიდო რუანის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც შოტლანდიის მეფე ჯეიმზ V რომელიმე ფრანგ პრინცესაზე ან დიდგვაროვანზე უნდა დაქორწინებულიყო. თავდაპირველად იგეგმებოდა საფრანგეთის მეფე ფრანსუა I-ისა და დედოფალ კლაუდია ფრანგის უფროსი ქალიშვილის, პრინცესა მადლენ დე ვალუასა და ჯეიმზის დაქორწინება, თუმცა 1534 წელს მადლენი ძლიერ დაავადდა და მათი ნიშნობაც ჩაიშალა. შოტლანდიასთან კავშირის შესანარჩუნებლად ფრანსუა I-მა ჯეიმზს თავისი ბიძაშვილის, ვენდომის გრაფის ასულ მარი დე ბურბონის ხელი შესთავაზა. თავდაპირველად მეფემ ამაზე უარი განაცხადა (რადგანაც მას მხოლოდ მეფის ასულზე ქორწინება სურდა). ამის სანაცვლოდ შოტლანდიის მეფისაგან წამოვიდა მარისა და მისი ბიძაშვილის, ალბანის ჰერცოგ ჯონ სტიუარტის ქორწინების წინადადება. ფრანგები ამას დასთანხმდნენ და მალევე ჯეიმზმა თომას ერსკინ ჰალტონი დაიქირავა, რათა მარის პორტრეტი შეექმნა და შოტლანდიელთათვის ეჩვენებინა. ამის პარალელურად 1533 წლიდან მეფე ფრანსუას უფროსი და, ნავარის დედოფალი მარგარიტა ანჟულიმელი ინგლისის მეფე ჰენრი VIII-თან საქორწინო მოლაპარაკებებს აწარმოებდა მარისა და ნორფოლკის ჰერცოგ თომას ჰოვარდის ქორწინებასთან დაკავშირებით. აღსანიშნავია, რომ თავად მარის მამა, ვენდომის გრაფი მოლაპარაკებებს საღვთო რომის იმპერატორ კარლ V-თან აწარმოებდა, რათა თავისი ასული მის ვაჟზე, ესპანეთის მომავალ მეფე ფილიპეზე დაექორწინებინა, თუმცა ამაოდ. მალევე მარგარიტა ანჟუელმა ჯეიმზ V-ს თავისი ბიძაშვილის ქვრივზე, კრისტინა დანიელზე შესთავაზა დაქორწინება, თუმცა ამაზე ჯეიმზმა უარი განაცხადა, რის შემდეგაც მარგარიტასგან კიდევ ერთი საქორწინო წინადადება წამოვიდა, რომლის მიხედვითაც იგი ჯეიმზს თავის მულზე, როანის ვიკონტესა ისაბელ ნავარელზე ქორწინებას სთავაზობდა.
1535 წლის იანვარში ჯეიმზ V-მ ფრანსუა I-ს მისწერა, რომ თავისთვის ფრანგი საცოლის შერჩევა შოტლანდიის პარლამენტს მიანდო.
მეორე საქორწინო მოლაპარაკებები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1535 წლის 3 ივნისს ჯეიმზ V-მ სტირლინგის სასახლიდან მისწერა ფრანსუა I-ს, რომ იგი პრინცესა მადლენზე დაქორწინდებოდა, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ მადლენს რაიმე დაემართებოდა იგი მარი დე ბურბონს შეირთავდა ცოლად. აქედან გამომდინარე, მარი შოტლანდიის მეფის ალტერნატიულ საცოლედ იქცა. ჯეიმზ V-მ ეს წერილი თავის უერთგულეს მეგობარ ჯეიმზ აიკენჰედს გაატანა და თან დააბარა, რომ თუ მადლენი მისი აღზრდით, გარეგნობითა და ხასიათით არ მოეწონებოდა მასთან ნიშნობა ჩაეშალა და მარიზე დაენიშნა, ვითომ ის იყო მეფე ფრანსუას ასული. აიკენჰედმა ეს წერილი საფრანგეთის მეფეს საფრანგეთის კონეტაბლ ან დე მორმორანსის ხელით გაუგზავნა.
მალევე კვლავ გაიჟღერა იმ აზრმა, რომ ჯეიმზის ბიძაშვილი, ალბანის ჰერცოგი კრისტინა დანიელზე დაექორწინებინათ, თუმცა თავად კრისტინამ მილანის ჰერცოგზე გათხოვება გადაწყვიტა, რის გამოც ალბანის ჰერცოგზე ისევ მარი დე ბურბონი დანიშნეს, თუმცა ჯონ სტიუარტი მალევე დაიღუპა. 1535 წლის 28 დეკემბერს აიკენჰედმა ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ჯეიმზ V-თვის შესაფერისი საცოლე მხოლოდ ვენდომის გრაფის ასული მარი დე ბურბონი იყო, რომელიც მალევე დანიშნეს მეფეზე. ამით საქორწინო მოლაპარაკებები დასრულდა, რადგან ჯეიმზი და მარი უკვე დანიშნულები იყვნენ.
1536 წლის 29 მარტს დაიდო მარისა და ჯეიმზის საქორწინო კონტრაქტი, რომელზეც საფრანგეთის სახელით ხელი მეფე ფრანსუამ მოაწერა. ამ ხელშეკრულების თანახმად მეფე ფრანსუა ჯეიმზს დუნბარის ციხესიმაგრეს უთმობდა, სამაგიეროდ კი ინგლისთან ნებისმიერი სამხედრო კონფლიქტისას შოტლანდია აუცილებლად უნდა დახმარებოდა საფრანგეთს.
1536 წლის სექტემბერში მეფე ჯეიმზი თავისი ამალით საფრანგეთში, კერძოდ კი პიკარდიეში, მარის მამის მამულში ჩავიდა, სადაც თავისი მომავალი საცოლე გაიცნო. ისინი მალევე სამხრეთით დაიძრნენ, ვინაიდან მათი ქორწინება სამეფო კარზე, პარიზში უნდა შემდგარიყო. აქ ჯეიმზმა მარისთან არსებული ნიშნობა ჩაშალა და სასწრაფოდ დაქორწინდა პრინცესა მადლენზე, რომელთან ერთადაც მალევე გაემგზავრა შოტლანდიაში. სულ რამდენიმე თვეში მადლენი ტუბერკუიოზით დაავადდა და გარდაიცვალა, რის გამოც ჯეიმზმა მეორე საცოლის ძიება დაიწყო. იგი კვლავ მარიზე გეგმავდა დაქორწინებას, თუმცა იგი 1538 წელს 22 წლის ასაკში გარდაიცვალა, რის გამოც ჯეიმზი მარი დე გიზზე დაქორწინდა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Hay, Denys, ed., The Letters of James V, HMSO (1954), 283, 289-290, 302-5.
- Decagny, Paul, Notice historique sur le château de Suzanne en Santerre (Somme) et sur la maison d'Estourmel, (1857), 37.
- Cameron, Jamie, James V, the personal rule, 1528-1542, Tuckwell, (1998), 131.
- Letters & Papers Henry VIII, vol. 11, (1888), no. 711, cited Cameron, Jamie, James V, Tuckwell (1998), 131.