მარგარეტ ჰეკლერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
მარგარეტ ჰეკლერი
Margaret Heckler
მარგარეტ ჰეკლერი Margaret Heckler
აშშ-ის ელჩი ირლანდიაში
თანამდებობაზე ყოფნის დრო
30 იანვარი, 1986 – 20 აგვისტო, 1989
პრეზიდენტი  რონალდ რეიგანი
ჯორჯ ბუში
წინამორბედირობერტ ფრენსის კეინი
მემკვიდრერიჩარდ ენტონი მური

აშშ-ის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მდივანი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
9 მარტი, 1983 – 13 დეკემბერი, 1985
პრეზიდენტირონალდ რეიგანი
წინამორბედირიჩარდ შვაიკერი
მემკვიდრეოტის ბოუენი

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის წევრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
3 იანვარი, 1967 – 3 იანვარი, 1983
წინამორბედიჯოზეფ მარტინი
მემკვიდრეჯერი სტადსი

დაბადებული21 ივნისი, 1931
ნიუ-იორკი, აშშ
გარდაცვლილი6 აგვისტო, 2018
არლინგტონი, ვირჯინია, აშშ
პოლიტიკური პარტიარესპუბლიკური პარტია
განათლებაალბერტ დიდის კოლეჯი, ბოსტონის კოლეჯი

მარგარეტ ჰეკლერი (ინგლ. Margaret Mary Heckler), დაბადებით ო’შონესი (ინგლ. O'Shaughnessy) — ამერიკელი პოლიტიკოსი და დიპლომატი, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის წევრი, მასაჩუსეტსის მე-10 საარჩევნო ოლქიდან (1967-1983 წწ.), აშშ-ის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მე-15 მინისტრი (1983-1985 წწ.), აშშ-ის ელჩი ირლანდიაში (1986-1989 წწ.) რონალდ რეიგანის პრეზიდენტობის დროს. აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის წევრი (1967-1983 წწ.).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მარგარეტ ო’შონესი დაიბადა 1931 წლის 21 ივნისს ნიუ-იორკის ფლაშინგეს რაიონში, ირლანდიელი ემიგრანტების ოჯახში. 1952 წელს სწავლობდა ნიდერლანდების ლეიდენის უნივერსიტეტში, 1953 წელს დაასრულა ალბერტ დიდის კოლეჯი და მიიღო ხელოვნების ბაკალავრის ხარისხი. ამის შემდეგ ძალიან მალე იგი ცოლად გაყვა ჯონ ჰეკლერს. რის შემდეგაც სწავლა გააგრძელა ბოსტონის კოლეჯის სამართლის სკოლაში, რომელიც 1956 წელს დაასრულა სამართლის ბაკალავრის ხარისხით. 1956 წლის გამოსაშვებ კურსზე იგი ერთადერთი ქალი იყო.

1958 წლიდან მარგარეტ ჰეკლერი მონაწილეობდა მასაჩუსეტსის ქალაქ უესლიში გამართული რესპუბლიკური პარტიის კომიტეტის მუშაობაში და ადგილობრივ რესპუბლიკელ კანდიდატებს ეხმარებოდა საარჩევნო კამპანიაში. 1962 წელს იგი აირჩიეს მასაჩუსეტსის გუბერნატორის საბჭოში, ხოლო 1964 წლის არჩევნებში ინარჩუნებს ადგილს საბჭოში.

1966 წელს ჰეკლერმა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის არჩევნებში მიიღო მონაწილეობა. მასაჩუსეტსის მე-10 საარჩევნო ოლქიდან. 13 სექტემბერს გამართულ პრაიმერიზზე მიიღო ხმების 56 % და დაამარცხა ჯოზეფ მარტინი, ადამიანი, რომელიც 42 წლის განმავლობაში იყო აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის წევრი. 1966 წლის 8 ნოემბერს გამართულ არჩევნებში დაამარცხა დემოკრატი პატრიკ ჰარინგტონი და მიიღო ხმების 51 %. ამის შემდეგ იგი იმარჯვებს 1968, 1970, 1972, 1974, 1976, 1978 და 1980 წლების არჩევნებზე, წარმომადგენელთა პალატის წევრია 16 წლის განმავლობაში. 1982 წლის არჩევნებში მონაწილეობა მიიღო მასაჩუსეტსის მე-4 საარჩევნო ოლქიდან და დამარცხდა დემოკრატ ბარნი ფრენკთან, მიიღო ხმების მხოლოდ 40,47 %.

1967-1983 წლებში როდესაც ჰეკლერი წარმომადგენელთა პალატის წევრი იყო ყურადღებას ამახვილებდა ვეტერანების პრობლემებზე და შედიოდა ვეტერანთა საკითხების კომიტეტის შემადგენლობაში. იგი გამოდიოდა ვიეტნამის ომის ვეტერანებისათვის დახმარების მთელი სისტემის შექმნის მოწოდებით. იგი ასევე მონაწილეობდა პალატის მთელი რიგი კომიტეტების მუშაობაში. იგი აკრიტიკებდა პრეზიდენტ რიჩარდ ნიქსონის ვეტოს ბავშვთა ზრუნვის პროგრამაზე.

1983 წლის 12 იანვარს პრეზიდენტმა რეიგანმა გამოაცხადა, რომ სურდა მარგარეტ ჰეკლერის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მინისტრად დანიშვნა, რადგან წინა მინისტრი, რიჩარდ შვაიკერი გეგმავდა თებერვალში თანამდებობიდან გადადგომას. 1983 წლის 3 მარტს მისი კანდიდატურა დაამტკიცა აშშ-ის სენატმა და მოვალეობის შესრულებას შეუდგა 9 მარტს. ამ თანამდებობაზე იმუშავა 1985 წლამდე. 1984 წელს გაშორდა მეუღლეს, მათ ამ დროისათვის ჰყავდათ სამი შვილი: ჯონ-უმცროსი, ელისონი და მელინდა. დაშორებიდან სამ კვირაში ჯონ ჰეკლერი სხვა ქალზე დაქორწინდა.

1985 წლის 17 დეკემბერს როლანდ რეიგანმა ჰეკლერი დანიშნა ირლანდიაში აშშ-ის სრულუფლებიან და საგანგებო ელჩად. იგი მოვალეობის შესრულებას შეუდგა 1986 წლის 30 იანვრიდან და ელჩად მუშაობდა 1989 წლის 20 აგვისტომდე.

მარგარეტ ჰეკლერი გარდაიცვალა 2018 წლის 6 აგვისტოს არლინგტონში გულის შეტებვის შედეგად[1]. დაკრძალულია ვაშინგტონში წმინდა მოციქულ მათეს საკათედრო ტაძრის სასაფლაოზე[2].

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Brian MacQuarrie, Travis Andersen. (6 августа 2018) Margaret M. Heckler, former US health services chief and ambassador to Ireland, dies at 87. The Boston Globe — www.bostonglobe.com. ციტირების თარიღი: 2019-02-10.
  2. Margaret Heckler. www.findagrave.com. ციტირების თარიღი: 2019-02-11.