მამედ იუსუფ ჯაფაროვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
მამედ იუსუფ ჯაფაროვი
დაბ. სახელი მამედ იუსუფ ჯაფაროვი
დაბ. თარიღი 14 მარტი, 1885
ბაქო
გარდ. თარიღი 15 მაისი, 1938
ბაქო
ეროვნება აზერბაიჯანი
რელიგია ისლამი

მამედ ისუსუფ ჯაფაროვი (დ. 14 მარტი, 1885, ბაქო – გ. 15 მაისი, 1938, ბაქო) — აზერბაიჯანელი პოლიტიკოსი და დიპლომატი. აზერბაიჯანის ელჩი საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში. აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული ვაჭრობისა და საგარეო საქმეთა მინისტრი. პარტია მუსავატის წევრი. საშუალო განათლება ბაქოში მიიღო. 1912 წელს წარჩინებით დაამთავრა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. სტუდენტობის პერიოდში მოსკოვში ჩამოაყალიბა აზერბაიჯანული დიასპორის გაერთიანება. 1912 წელს რუსეთის მეოთხე დუმის არჩევნებზე, აირჩიეს ბაქოს, განჯისა და ერევნის გუბერნიის მუსლიმთა მიერ, დუმაში შევიდა კადეტთა ფრაქციაში. დუმის ტრიბუნიდან აკრიტიკებდა აზერბაიჯანის წინააღმდეგ მიმართულ ცარისტულ პოლიტიკას.

1917 წლის 15 ნოემბერს ჯაფაროვი შევიდა ქართველ სოციალ-დემოკრატ ევგენი გეგეჭკორის მეთაურობით შექმნილ ამიერკავკასიის კომისარიატში, იკავებდა მრეწველობისა და ვაჭრობის კომისრის პოსტს. შედიოდა აზერბაიჯანის ეროვნული საბჭოს შემადგენლობაში. 1918 წლის 28 მაისს ხელი მოაწერა აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის დეკლარაციას. ფათალი ხან ხოისკის მეთაურობით შექმნილ აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის პირველ მთავრობაში 20 დღით იკავებდა მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრის პოსტს. მამედ იუსუფ ჯაფაროვი 1918 წლის ზაფხულში საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში აზერბაიჯანის რესპუბლიკის სრულუფლებიან წარმომადგენლად დაინიშნა. მონაწილეობა მიიღო 1918 წლის სექტემბერში თბილისში გამართულ ამიერკავკასიის სამ რესპუბლიკას შორის ამიერკავკასიის ბონების გამოყენების შესახებ მოლაპარაკებებში. 1918 წლის ნოემბერში თბილისში გაიმართა ამიერკავკასიის რესპუბლიკათა კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობა მიიღო, როგორც აზერბაიჯანის რესპუბლიკის წარმომადგენელმა. 1919 წლის დასაწყისში დატოვა საქართველოში ელჩის თანამდებობა, მის ნაცვლად აზერბაიჯანის ელჩად დაინიშნა ვექილოვი. 1919 წლის მარტში მ. ჯაფაროვი დაინიშნა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრად. 1920 წლის თებერვლ-აპრილში ასრულებდა აზერბაიჯანის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომრის მოვალეობას (ალიმანდარ თოფჩიბაშევის არყოფნის გამო). საბჭოთა რუსეთის XI წითელი არმიის მიერ აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციის შემდეგ, როგორც აზერბაიჯანის მთავრობის წარმომადგენელმა, ხელი მოაწერა ბოლშევიკებთან დადებულ სამშვიდობო შეთანხმებას.

საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ შეწყვიტა პოლიტიკური საქმიანობა. შემდგომში ცხოვრობდა და მუშაობდა ბაქოში. საბჭოთა დიდი ტერორის პერიოდში დააპატიმრეს და დახვრიტეს, წარსულში ნაციონალისტური საქმიანობის გამო.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ირემაძე ი., „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921), ენციკლოპედია-ლექსიკონი“, უნივერსიტეტის გამომცემლობა, გვ. 544, თბ., 2018 წელი.
  • გაზ. „საქართველოს რესპუბლიკა“, 1918. №116;
  • გაზ. „ერთობა“, 1920. №244

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]