ლიხაურის წმინდა იაკობის ხატი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ლიხაურის წმინდა იაკობის ხატი

ლიხაურის წმინდა იაკობის ხატი — ოქროს პერანგიანი, ხეზე შესრულებული, უფლის ძმის — იაკობ მოციქულის (სამოცდაათთაგანი) ხატი ლიხაურის ეკლესიიდან. თარიღდება XII საუკუნით.

1873 წელს ლიხაურის ეკლესიაში აღმოაჩინა დიმიტრი ბაქრაძემ. თავის ნაშრომებში შეტანილი აქვს კონდაკოვსა და ექვთიმე თაყაიშვილს. ფოტო წარმოადგენს დიმიტრი ერმაკოვის კატალოგის ნაწილსაც (№2016).

ხატს ამშვენებდა 6 დიდი მარგალიტი, ხოლო ხატის უკანა მხარეს დატანილი იყო ასომთავრული წარწერა, რომელიც იხსენიებს მარუშიან ვარდანისძეს და მის მეუღლეს, სამძივართა ასულ ხათთას (ხათუთას):

ვიკიციტატა
„Ⴕ: ႤჀႠ: ႷႪႧႠ: ႠႰႱႧႠ: ႶႧႫႴႨႱႠ: ႱႠႫ: ႾႲႥႬႡႧ: ႱႠႫႡႰႼႷႨႬႥႪႱႠ: ႫႦႨႱႠ: ႻႫႠႣ: ႱႷႰႪႣ: ႼႭႣႤႡႳႪႭ: ႫႰႲჃႪႭ: ႡႰႻႤႬ: ႫႠႰႧႪႼႣႠ: ႶႨႱ: ႫႲႷႪႭ: ႨႩႡ: ႢႳჃႵႫႤႬ: ႫႺႥႪ: ႫႴႥႰႤႪ: ႫႭႬႠ: ႫႱႱႡႤႪႧႠ: ႥႠႰႣႬႨႱ: ႻႤႱႠ: ႫႠႰႳჃႸႨႠႬႱႠ: ... ႠႱႳჃႪႱႠ: ႾႠႧႧႠ: ႾႠႲႨႱႠ: ႠႫႨႱ: ႸႬႨႱႠ: ႫႫႩႡႪႧႠ: ႱႳჃႦ... ႱႴႥႣ...“
(ქ. ეჰა ყოველთა არსთა ღმერთ-მეუფისა, სამ-ხატოვნებით სამ-ბრწყინვალესა მზისა ძმად საყვარელად წოდებულო მარტჳლო, ბრძენ-მართლ-წმიდა ღვთის მეტყველო იაკობ! გუექმენ მცველ-მფარველ მონა მსასოებელთა ვარდანის ძესა მარუშიანსა ძითურთ და სამძივართა ასულსა ხათთა (ხათუთა?), ხატისა ამის შენისა მამკობელთა სული[სა ჩუენისა] სუფევად...)

ხსენებული წარწერა ამტკიცებს, რომ წინაპრები გურიის მთავრებისა ანუ გურიელებისა ვარდანიძენი იყვნენ, როგორც იუწყებოდა ვახუშტი ბატონიშვილი. თამარ მეფის დროს დიდებულთა შორის მოხსენებული არიან, როგორც მარუშიანი, ისე სამძივარიც.

აღნიშნული სახელების ერთად მოხსენიება კიდევ უფრო მეტი დამამტკიცებელია იმისა, რომ ლიხაურის ხატი თამარ მეფის დროინდელია, რომელშიც მოხსენიებუილა მარუშიან ვარდანისძე და ცოლი მისი სამძივართა ასული ხათთა ანუ ხათუთა როგორც გურიელთა უძველესი წარმომადგენლები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]