ლიპის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლიპის ეკლესია
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 41°54′14″ ჩ. გ. 44°05′40″ ა. გ. / 41.90389° ჩ. გ. 44.09444° ა. გ. / 41.90389; 44.09444
რელიგიური კუთვნილება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დროშა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: საქართველო საქართველო
პროვინცია ქვემო ქართლის მხარე
მუნიციპალიტეტი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ადგილმდებარეობა ლიპი
სასულიერო სტატუსი მოქმედი

ლიპის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი ქვემო ქართლის მხარეში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ლიპში. ძეგლი გამოუკვლეველია და ზუსტად დათარიღებული არ არის.

ტაძარი დარბაზულ ნაგებობას წარმოადგენს სამხრეთის მინაშენით. ლიპის ეკლესია ერთ-ერთი უნიკალური და საინტერესო ძეგლია. განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს დიდი ზომის რელიეფური ქვა, რომელიც სავარაუდოდ მინაშენის შესასვლელის არქიტრავი უნდა ყოფილიყო. ქვაზე ამოკვეთილ რელიეფს ანალოგი არ აქვს და დღემდე დაუდგენელია რა არის მასზე გამოსახული. თ. ბარნაველი თავის სტატიაში გამოთქვამს ვარაუდს, რომ აქ ტაძრის გეგმა უნდა იყოს ამოტვიფრული, თუმცა ეს დადასტურებული არ არის. ტაძარი დღესდღეობით უმძიმეს მდგომარეობაშია, სრულიად ჩაქცეულია კამარები და კონქი, ნახევრად დანგრეულია კედლებიც. ნაგებობის ინტერიერშიც და გარეთაც ქვაყრილებია, ნაშალში რელიეფური ქვებიც გვხვდება. ეკლესია ნაგებია უხეშად დამუშავებული ალგეთის მონაცრისფრო ქვით.

მთავარი დარბაზი აღმოსავლეთით სწორკუთხედში ჩაწერილი ნახევარწრიული აფსიდით სრულდება. საკურთხეველში დგას ტრაპეზის ქვა ჯვრის გამოსახულებით. აფსიდის ჩრდილოეთ ნაწილში მოწყობილია სწორკუთხა ნიში. ტაძრის სამხრეთ კედლის აღმოსავლეთ ნაწილში გვხვდება პილასტრი გოლგოთის ჯვრის რელიეფით. ზუსტად ასეთივე პილასტრი ყოფილა მის პირდაპირ, ჩრდილოეთ კედელში, რომელიც ამჟამად წაქცეულია, გატეხილი და ხავსით დაფარული, თუმცა ჯვრის გამოსახულება მაინც გაირჩევა. როგორც ჩანს, ამ პილასტრებს ეყრდნობოდა საკურთხევლის სატრიუმფო თაღი. ერთადერთი შესასვლელი სამხრეთიდანაა, იგი თაღოვანია. შესასვლელის თაღი შედგენილია ორი ერთმანეთთან იდეალურად მორგებული ნაწილისაგან. მინაშენის შესასვლელი სავარუდოდ შიგნიდან თაღოვანი, გარედან კი არქიტრავული უნდა ყოფილიყო, რაზეც კარის ტერიტორიაზე ჩამოვარდნილი თაღის ფრაგმენტები და ზემოთ აღნიშნული რელიეფური ქვა მიგვანიშნებს (თუკი ეს ქვა ნამდვილად არქიტრავი იყო). რამდენი სარკმელი ჰქონდა ტაძარს ამის გარკვევა დღეს შეუძლებელია, რადგან კედლები სარკმლების დონემდე არ არის შემორჩენილი. ყურადღებას იქცევს მრავალი ქვა და ბაზაში ჩადგმული სტელა ჯვრის გამოსახულებებით, რელიეფების კომპოზიციები ძირითადად ერთმანეთის მსგავსია. ლიპის ეკლესიას ძალიან დიდი ზომის ქვებით ნაგები გალავანი ჰქონია შემოვლებული, რომლისგანაც მხოლოდ ფრაგმენტებია მოღწეული. გალავნის ქვები საგანგებოდ გაკეთებული ჩამონაკვეთებითაა ერთმანეთს მორგებული. ეზოში დევს სვეტის ბაზა. ერთ-ერთი ჯვრის გამოსახულებიანი სტელის უკანა მხარეს გვხვდება დაკბილვა, საფიქრებელია, რომ ეს ქვა მოგვიანებით გადააკეთეს და ბაზაში ჩასვეს, თავიდან კი დეტალს, დეკორს წარმოადგენდა. აღნიშნული ინდივიდუალური თავისებურებებიდან გამომდინარე ლიპის ეკლესია ქართული კულტურის ერთ-ერთი საინტერესო და საყურადღებო ნიმუშია და საფუძვლიან კვლევას საჭიროებს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]