ლენსოის-მარანეინსისის ეროვნული პარკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლენსოის-მარანეინსისის ეროვნული პარკი

Parque Nacional dos Lençóis Maranhenses

IUCN კატეგორია II (ეროვნული პარკი)
მდებარეობა მარანიანის შტატი
ქვეყანა ბრაზილიის დროშა ბრაზილია
უახლოესი ქალაქი ბარეირინიასი
კოორდინატები 02°32′00″ ს. გ. 43°07′00″ დ. გ. / 2.53333° ს. გ. 43.11667° დ. გ. / -2.53333; -43.11667
ფართობი 1550 კმ²[1]
დაარსდა 1981
მმართველი ორგანო IBAMA
ოფიციალური საიტი parquelencois.com

ლენსოის-მარანეინსისის ეროვნული პარკი (პორტ. Parque Nacional dos Lençóis Maranhenses) — ეროვნული პარკი ჩრდილო-დასავლეთ ბრაზილიაში, მარანიანის შტატში. წარმოადგენს დაბალ, ბრტყელ, პერიოდულად დატბორვად არეალს; დაფარულია ქვიშის წყვეტილი დიუნებით. მოიცავს დაახლოებით 1500 კმ² ტერიტორიას. მიუხედავად უხვი წვიმებისა, თითქმის არაა მცენარეული საფარი. 1981 წლის 2 ივნისს ტერიტორია ეროვნულ პარკად გამოცხადდა.

აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პარკის ერთ-ერთი ლაგუნა
პანორამული ხედი

პარკი შედგება ვრცელი, თეთრი დიუნებისაგან, რითაც ერთი შეხედვით უდაბნოს წააგავს, თუმცა ასე არაა. მდებარეობს ამაზონის აუზს მიღმა, რეგიონში, სადაც წლის დასაწყისი უხვი წვიმებით გამოირჩევა. წვიმიანი სეზონი განაპირობებს სპეციფიკურ ფენომენს: ქვიშის დიუნებს შორის გროვდება წვიმის წყალი, რომელსაც გაჟონვის საშუალებას ქვიშის ქვეშ მდებარე ქანების ჰერმეტულად დახურული შრე არ აძლევს. შედეგად წარმოიქმნება ლურჯი, მწვანე და შავი ლაგუნები, რომლებიც გარშემორტყმულია უდაბნოს მაგვარი ქვიშით. ლაგუნებში წყლის დონე მაქსიმუმს ივლის-სექტემბერში აღწევს.

ლაგუნებში უხვადაა თევზი, რომლებიც იქ სავსეობის დროს შედიან, როცა ტბორები ერთმანეთთანაა დაკავშირებული, საბოლოოდ კი მდინარე რიუ-ნეგრუს უკავშირდებიან, საიდანაც თევზები ახერხებენ შემოსვლას. თევზის ერთ-ერთი სახეობა, რომელსაც მგელთევზას ან ვეფხვთევზას უწოდებენ (Hoplias malabaricus), ლაგუნებში წყლის აორთქლების დროს ნოტიო ქვიშაში იძინებს და ხელახლა იღვიძებს შემდეგი წვიმიანი სეზონის დროს.[2]

მაცხოვრებლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადგილობრივი ხალხური თქმულებების თანახმად, რეგიონი კაეტეს ინდიელებით იყო დასახლებული, რომლებმაც ერთ დღესაც გაიღვიძეს და აღმოაჩინეს, რომ მათი ქალაქი ქვიშით დაფარულიყო.

ეროვნული პარკის სტატუსი არეალის ეკოლოგიის დაცვას გულისხმობს. ადგილობრივი მაცხოვრებლების ძირითადი საქმიანობა წვიმიანი სეზონის დროს თევზაობაა. ბევრი მათგანი მშრალი სეზონის დროს არეალს ტოვებს და ახლომდებარე რეგიონებში მიწის დასამუშავებლად მიდის.

დათვალიერება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეროვნული პარკი მდებარეობს მარანიანის შტატის ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროზე, მდინარე პრეგუიკასის ნაპირებზე. შემოსაზღვრულია უმბერტუ-დი-კამპუსის, პრიმეირა-კრუსის, სანტუ-ამარუ-დუ-მარანიანისა და ბარეირინიასის მუნიციპალიტეტებით. შტატის დედაქალაქ სან-ლუისიდან ახლომდებარე ბარეირინიასის მუნიციპალიტეტისაკენ რეგულარულად სრულდება ავტობუსის რეისი; ასევე დადიან ტაქსები.

იქიდან გამომდინარე, რომ პარკი საკმაოდ ვრცელია, არ არსებობს პირდაპირ მისასვლელი გზები. იმის გამო, რომ მას დაცული ტერიტორიის სტატუსი აქვს, სატრანსპორტო საშუალებატა უმეტეს ნაწილს აკრძალული აქვს გადაადგილება.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Lençóis Maranhenses Dicas Parque dos Lençóis Maranhenses. Parquelencois.com.br. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-01-30. ციტირების თარიღი: 2015-04-17.
  2. Brazil Dunes - National Geographic Magazine, National Geographic Magazine - NGM.com. ციტირების თარიღი: 2014-05-31.