ლეილა იუნუსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ლეილა იუნუსი
Leyla Yunus.jpg
დაბადების თარიღი 21 დეკემბერი, 1955
ბაქო, აზერბაიჯანის სსრ, სსრკ
ეროვნება აზერბაიჯანელი
მოქალაქეობა სსრკ, აზერბაიჯანი
პროფესია ისტორიკოსი
საქმიანობა უფლებადამცველი
მეუღლე(ები) არიფ იუნუსი

ლეილა იუნუსი, აზერ.Leyla Yunus, (დ.1955 წელს) - აზერბაიჯანის თვალსაჩინო საზოგადო მოღვაწე და უფლებადამცველი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლეილა იუნუსი დაიბადა 1955 წელს ბაქოში. ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიული ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ მან საკანდიდატო დისერტაცია დაიცვა. მომდევნო ათი წლის მანძილზე ეწეოდა პროფესიულ საქმიანობას მეცნიერებათა აკადამიის ისტორიის ინსტიტუტში, ხოლო 1987 წლიდან თანამშრომლობდა დისიდენტურ და ემიგრანტულ წრეებთან ადამიანის უფლებათა სფეროში, მათ შორის აქვეყნებდა სტატიებს. პირველად მან ხმა აიმაღლა ყირიმელი თათრების უფლებათა დაცვის პეტიციაზე ხელმოწერის სახით. 1989 წ. ლეილა პოლიტიკურ ასპარეზზე გამოჩნდა: მონაწილეობა მიიღო საზოგადოებრივი მოძრაობა "სახალხო ფრონტის" შექმნაში, სადაც ძირითადად ინტელიგენციის წარმომადგენლები გაერთიანდნენ, მოგვიანებით კი გახდა სოციალ-დემოკრატიული პარტიის გამგეობის წევრი.

იუნუსი თავდაცვის სამინისტროში საზოგადოებასთან ურთიერთობას კურირებდა ხელისუფლებაში სახალხო ფრონტის ხანმოკლე ზეობის პერიოდში, რომელიც აღინიშნა მთიანი ყარაბაღის ტერიტორიის გამო სომხეთთან ომით და შიდაპოლიტიკური ქაოსით. შემდეგ იგი დაუბრუნდა ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროს და ჩამოაყალიბა არასამთავრობო ორგანიზაცია "ინსტიტუტი მშვიდობისა და დემოკრატიისათვის". მან საქმიანობა სხვადასხვა მიმართულებით განავრცო, კერძოდ, ქალთა უფლებების, ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების საწინააღმდეგო კამპანიის, აგრეთვე, სომხეთთან სამშვიდობო ინიციატივების მხარდაჭერის მხრივ.[1]

ლეილა იუნუსისათვის საამაყო მიღწევა იყო ევროპის საბჭოს ჩართვა პოლიტპატიმართა გათავისუფლების პროცესში. მას რეგისტრირებული ჰქონდა 716 ინდივიდუალური საქმე ციხეში განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების ყოფნასთან დაკავშირებით. ზოგი ისეთი პიროვნებაც გამოვიდა სატუსაღოდან, რომელსაც უვადო პატიმრობა ჰქონდა მისჯილი.[2]

ხელისუფლება განსაკუთრებით გააღიზიანა ორგანიზაციის კრიტიკულმა დამოკიდებულებამ პოლიტიკურად მოტივირებული რეპრესიების მიმართ. "ინსტიტუტი" დიდ ყურადღება უთმობდა პოლიტპატიმართა საკითხს, რის გამოც მან 2014 წელს მოითხოვა საერთაშორისო სანქციების შემოღება ადამიანის უფლებათა უხეშ შელახვაში მხილებული თანამდებობის პირების წინააღმდეგ. ასეთი გამოწვევა კი დაუსჯელი არ დარჩენილა. ჯერ კიდევ 2011 წელს იუნუსის კუთვნილი სახლი ბულდოზერებით დაანგრიეს იმის პასუხად, რაც იგი სამართლებრივად იბრძოდა სახლებიდან ადამიანთა ძალით გამოსახლების პრაქტიკის წინააღმდეგ. მისი პირადი ავეჯი, დოკუმენტები, ფოტოარქივი, კომპიუტერები თუ ნახატები განადგურდა ისე, რომ ოჯახს გასახლების ორდერი არ ჰქონია მიღებული.[3]

2014 წლის 25 ივლისს ლეილა იუნუსმა მსოფლიოს სპორტულ საზოგადოებას ბაქოს ოლიმპიადის საერთაშორისო ბოიკოტისკენ მოუწოდა ქვეყანაში ადამიანის უფლებათა სისტემატიური და უხეში დარღვევების გამო, რის საპასუხოდ იგი ხუთი დღის შემდეგ დააპატიმრეს. მას ბრალი წაუყენეს უკანონო ეკონომიკურ საქმიანობაში, გადასახადების დამალვაში და დოკუმენტების გაყალბებაში, რისთვისაც 8,5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ცალკე საქმე აღიძრა სახელმწიფო ღალატის მუხლით. შვიდწლიანი პატიმრობის განაჩენი გამოუტანეს, აგრეთვე, მის მეუღლეს არიფ იუნუსს. უფლებადამცველმა ორგანიზაციამ "საერთაშორისო ამნისტიამ" განაჩენს ცინიკური, აბსურდული, შოკისმომგვრელი და აღმაშფოთებელი უწოდა.[4] ქრონიკული პრობლემების (ცე ჰეპატიტი და დიაბეტი), ასევე მხედველობის დაქვეითების მიუხედავად, ლეილას საავადმყოფოში გადაყვანაზე უარი ეთქვა. მეტიც, საგამოძიებო იზოლატორში ის სასტიკად იქნა ნაცემი.

ლეილა იუნუსის ფართო უფლებადაცვითი საქმიანობის აღსანიშნავად ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტმა 2014 წ.სახაროვის სახელობის თავისუფლების პრემია მიანიჭა მას და კიდევ სამ აზერბაიჯანელ პოლიტიკურ პატიმარს.[5]

იუნუსების საქმე ლაკმუსის ქაღალდად იქცა აზერბაიჯანის ხელისუფლებისათვის, რომელსაც მძაფრი კრიტიკა დაატყდა თავს ცალკეული ქვეყნებიდან და საერთაშორისო ორგანიზაციებიდან პოლიტიკურად მიუღებელ ადამიანთა წინააღმდეგ მართლმსაჯულების გამოყენების, ოპონენტთა დაპატიმრების, ქვეყნიდან გაძევების და სხვა მეთოდებით ანგარიშსწორების გამო. "საერთაშორისო ამნისტიამ" იუნუსები სინდისის პატიმრებად სცნო.[6]

2016 წლის დეკემბერში ლეილა იუნუსი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გათვალისწინებით გაათავისუფლეს. ქვემდგომი ინსტანციის განაჩენი სააპელაციო სასამართლომ არ გააუქმა, თუმცა პატიმრობა ხუთწლიანი პირობითი სასჯელით შეეცვალა.[7] მისმა მეუღლემ ერთი თვით ადრე დაიბრუნა თავისუფლება. ქალიშვილის სახელზე არსებული ერთი ბინის კონფისკაციის განჩინებაც გაუქმებული იქნა.[8]

ლეილა და არიფ იუნუსები ნიდერლანდებში გაემგზავრნენ, სადაც მათ თავშესაფარი მიიღეს.

ჯილდო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 2013 წ. - თეოდორ ჰეკერის პრიზი კორუფციასთან ბრძოლის და ადამიანთა უფლებების დაცვის საქმეში
  • 2014 წ. - ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტისგან ანდრეი სახაროვის სახელობის პრემია

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]