ლევან ცუცქირიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ლევან ცუცქირიძე (1990 წ.)
„ნესტან-დარეჯანი“ (1967 წ.)

ლევან სიმონის ძე ცუცქირიძე (დ. 12 იანვარი, 1926, ხაშური) — ქართველი ფერმწერი, გრაფიკოსი და პედაგოგი, ქართული მონუმენტური ფერწერის ოსტატი, საქართველოს დამსახურებული მხატვარი (1967), პროფესორი (1990), ანდერსენ-ნექსეს სახელობის საერთაშორისო დიპლომის მფლობელი (1974).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1946 წელს შევიდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, რომელიც დაამთავრა 1957 წელს (ფერწერის და გრაფიკის კლასები). 1960 წელს დაამთავრა სამხატვრო აკადემიის ასპირანტურა პროფესორ სერგო ქობულაძის ხელმძღვანელობით. 1960-1963 წლებში პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა იქვე, ფერწერის კათედრაზე. 1967-1975 წლებში მოღვაწეობდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ხატვის კათედრის დოცენტად. 1975-2005 წლებში იყო სამხატვრო აკადემიის პროფესორი (პროფესორის წოდება მიენიჭა 1990 წელს).

1960-იანი წლების შუა ხანებში ცუცქირიძემ შექმნა ილუსტრაციები შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნისთვის“. ამ ილუსტრაციებით პოემა ორგზის (1970, 1980) გამოიცა გერმანიაში, გერმანულ ენაზე. გარდა ამისა, მას ეკუთვნის ილუსტრაციები იაკობ ცურტაველის („შუშანიკის წამება“), ვაჟა-ფშაველას („სტუმარ-მასპინძელი“, „გიგლია“, „გველისმჭამელი“ და სხვა), გალაკტიონ ტაბიძის, ალექსანდრე ყაზბეგის („ხევისბერი გოჩა“), გრიგოლ ორბელიანის („სადღეგრძელო“) თხზულებებისათვის.

მის მიერ შესრულებული ვრცელი პანოები ამშვენებს თბომავალს „შოთა რუსთაველი“ და ფოთის საზღვაო პორტის ადმინისტრაციულ შენობას. აღსანიშნავია ცუცქირიძის მიერ 1960-იანი წლების დამლევს შესრულებული ესკიზები თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის პანოსთვის (ეს პროექტი ვერ განხორციელდა).

ცუცქირიძის მიერ შესრულებულია დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ფრესკების საავტორო პირები, რასაც მეტად დიდი მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან ამ ფრესკების ნაწილი განადგურებულია. 1980-იანი წლების დამლევს ცუცქირიძემ მოხატა თბილისის სიონის საკათედრო ტაძარი. 1998 წელს წიგნის მოყვარულთა საზოგადოებამ „არსი“ 4 წიგნად გამოსცა მის მიერ დასურათებული „წმინდა ოთხთავი“ (ძვ. ბერძნულიდან თარგმნა ბ. ბრეგვაძემ).

გარდა ზემოთქმულისა, აღსანიშნავია, რომ ცუცქირიძე არის შესანიშნავი პორტრეტისტი, ამ ჟანრში შესრულებული რამდენიმე ათეული საყურადღებო ნამუშევრის ავტორი.

ლევან ცუცქირიძის პირველი პერსონალური გამოფენა მოეწყო თბილისში, 1959 წელს. ამის შემდეგ მისი პერსონალური გამოფენები სხვა და სხვა დროს მოეწყო თბილისში, მოსკოვში, აგრეთვე, გერმანიაში, ბელგიაში, ლუქსემბურგში, ავსტრიაში, იუგოსლავიაში, აშშ-ში და სხვა ქვეყნებში. გოეთეს „ფაუსტის“ მიხედვით შექმნილი მისი ნამუშევრები გამოფენილია ვაიმარში (გერმანია), გოეთეს სახლ-მუზეუმში. მისი ტილოები გამოფენილია, აგრეთვე, საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, არაერთ კერძო კოლექციაში. 2007 წელს ცუცქირიძის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა მოეწყო თბილისში, გოეთეს ინსტიტუტში.

საბავშვო წიგნის საუკეთესო გაფორმებისთვის მიღებული აქვს ანდერსენ-ნექსეს სახელობის საერთაშორისო დიპლომი (1974). 1990 წელს მოსკოვში გამოიცა მ. კარბელაშვილის მონოგრაფია ლევან ცუცქირიძის შემოქმედებაზე.

2016 წლის 12 იანვარს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ ლევან ცუცქირიძეს, 90 წლის იუბილეზე, ქართული ხელოვნების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, ხელოვნების ქურუმის წოდება გადასცა.[1]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]