შინაარსზე გადასვლა

ლეგირება

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ფოლადი არის ლეგირებული ლითონი, რომლის ძირითადი შემადგენლებიცაა რკინა და კარბონი

ლეგირება, (გერმ. Legierung - შედნობა; ლათ.: ligo - ვაკავშირებ), რაიმე ლითონში სხვა ლითონის შეყვანა. ლითონების ან ლითინური შენადნობების შედგენილობისათვის მელეგირებელი ელემენტების დამატება განსაზღვრულ ფიზიკურ, ქიმიურ ან მექანიკურ თვისებათა მისანიჭებლად. ლეგირების გზით შესაძლებელია სუფთა ლითონებისაგან მნიშვნელოვნად განსხვავებული თვისებების მქონე შენადნობთა მიღება. მალეგირებელი და ძირითადი ელემენტების (გამხსნელის) ურთიერთქმედებისას წარმოიქმნება ახ. ფაზები - მყარი ხსნარები, შუალედური ლითონური ნაერთები, ქიმიური ნაერთები, რომელთა კრისტალური სტრუქტურა და ზოგიერთი თვისება მორეაგირე ელემენტების ატომთა ურთიერთქმედების ბუნებაზეა დამოკიდებული. ფოლადებში Ni, Si, Co, N, Cu რკინასთან ერთად მყარ ხსნარებს ქმნიან, ხოლო კარბიდების წარმომქმნელი ელემენტები - Cr, Mn, Mo, W, Ti, Zr, Nb ნაწილდებიან ქიმიურ ნაერთებსა და მყარ ხსნარებში. მალეგირებელი ელემენტები მოქმედებს ლითინთა კრიზისულ წერტილებზე, ფაზური გარდაქმნების კინეტიკაზე. ამასთან მნიშვნელოვნად ამცირებს მყარი ხსნარების დაშლის სიჩქარეს, მათივე ზემოქმედებით ფოლადებში მცირდება აუსტენიტის დაშლის სიჩქარე, ხოლო მარტენსიტისა - მოშვებისას. ნელდება რეკლისტალიზაციის პროცესი. ლეგირებას უწოდებენ აგრეთვე მყარ სხეულში უცხო ატომების შერევას, რაც მისი ზედაპირის ატომებით დაბომბვის მეშვეობით ხორციელდება. მალეგირებელი ელემენტების ჯამური შემცველობის მიხედვით განასხვავებენ მცირედ ლეგირებულ (2,5%-ზე ნაკლები), საშუალოდ ლეგირებულ ( 2,5-10%) და უხვად ლეგირებულ (10%-ზე მეტი) ფოლადებს.

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია. ტ.6, გვ 155.