ლატერალური ნიშანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
B რეგიონი დღისით

ლატერალური ნიშანი (ლატერალური ბუი; გვერდითი ნიშანი/ბუი; ინგლ. Lateral Mark) — საზღვაო ნიშანი, რომელიც ვიწრო გასასვლელებში, არხებში, მდინარეებსა და ფარვატერებში უსაფრთხო ნაოსნობის უზრუნველსაყოფად გამოიყენება. ლატერალური ნიშანი მიუთითებს სანავიგაციო დერეფნის უსაფრთხო კიდეებს.[1]

ყოველი ნიშანი მიუთითებს უსაფრთხო წყლების მქონე ვიწრო გასასვლელების მარცხენა (port) და მარჯვენა (starboard) კიდეებს. ლატერალური ნიშნების კონვენციური მიმართულება განსხვავდება სანაპირო წყლებსა და ღია ზღვებში. სანაპირო წყლებში ნიშნების მიმართულება განისაზღვრება ზღვიდან სანაპიროსკენ. მდინარეებში სანაოსნო მიმართულება დინების საწინააღმდეგო მიმართულებაა. ღია ზღვაში ნიშნების მიმართულება აითვლება კონტინენტის ირგვლივ საათის ისრის მიმართულებით. სანავიგაციო რუკებზე ნიშნების კონვენციური მიმართულება მელნისფერი ნიშნით შეიძლება იყოს აღნიშნული. იქ, სადაც მიმართულების არევის შემთხვევები ხშირია, კარდინალური ნიშნების სისტემა შეიძლება იყოს გამოყენებული.

როდესაც ხომალდი კონკრეტული მიმართულებით მიცურავს (მაგალითად, ნავსადგურისკენ) და მთავარ ვიწრო გასასვლელში სურს ცურვა, მან:

  • მარცხენა მხარის ნიშნები უნდა მოიტოვოს მის მარცხენა (port) მხარს;
  • მარჯვენა მხარის ნიშნები უნდა მოიტოვოს მის მარჯვენა (starboard) მხარეს.

IALA-ის სისტემა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლატერალური ნიშნები განსხვავდება ფორმითა და ფერით. 1980 წლამდე მსოფლიოში 30-მდე სხვადასხვა სისტემა ფუნქციონირებდა, ხოლო 1980 წლის კონფერენციის შემდეგ IALA-მ ახალი, ერთიანი სისტემა შემოიღო ორი რეგიონით (A და B რეგიონები).[2] A და B რეგიონებში ლატერალური ნიშნები საპირისპიროდაა შეფერილი. B რეგიონი ჩრდილოეთი და სამხრეთი ამერიკის, ფილიპინების, იაპონიისა და სამხრეთ კორეის წყლებს მოიცავს და მარცხენა მხარე მწვანე ფერის ნიშნით აღინიშნება. A რეგიონი დანარჩენ მსოფლიოს მოიცავს და მარცხენა მხარე წითელი ფერის ნიშნით აღინიშნება.

ლატერალური ნიშნები A და B რეგიონის მიხედვით:

A რეგიონი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

A რეგიონი: წითელი მარცხენა / მწვანე მარჯვენა ნიშნები ზღვიდან ლე-პალეში, საფრანგეთში შესვლისას.
  • შედგება ევროპის და აფრიკისგან, აზიისა და ოკეანეთის დიდი ნაწილისგან, ასევე გრენლანდიისგან
  • წითელი ფერი აღნიშნავს მარცხენა მხარეს და შეიძლება ანათებდეს წითელ მოელვარე შუქს ნებისმიერი რითმით, 2+1 შედგენილი ჯგუფური რითმის გარდა.
  • მწვანე ფერი აღნიშნავს მარჯვენა მხარეს და შეიძლება ანათებდეს მწვანე მოელვარე შუქს ნებისმიერი რითმით, 2+1 შედგენილი ჯგუფური რითმის გარდა.
(მარცხენა) (წითელი) (მარჯვენა) (მწვანე)

B რეგიონი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • მოიცავს ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკას, იაპონიას, სამხრეთ კორეასა და ფილიპინებს.
  • მწვანე ფერი აღნიშნავს მარცხენა მხარეს და შეიძლება ანათებდეს მწვანე მოელვარე შუქს ნებისმიერი რითმით, 2+1 შედგენილი ჯგუფური რითმის გარდა.
  • წითელი ფერი აღნიშნავს მარჯვენა მხარეს და შეიძლება ანათებდეს წითელ მოელვარე შუქს ნებისმიერი რითმით, 2+1 შედგენილი ჯგუფური რითმის გარდა.
(მარცხენა) (მწვანე) (მარჯვენა) (წითელი)

ორივე რეგიონი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წითელი აღნიშნავს A რეგიონს, მწვანე ― B რეგიონს.
  • ორივე რეგიონში კვადრატული ან ცილინდრული ქიმი მარცხენა მხარეს აღნიშნავს
  • სამკუთხედის ან კონუსის ფორმის ქიმი მარჯვენა მხარეს აღნიშნავს.

ფორმა მნიშვნელოვანი მახასიათებელია, რადგან ზოგჯერ ფერების გარჩევა გარემო პირობების გამო რთულია. ნიშნები შეიძლება აღნიშნული იყოს ასოებით ან/და რიცხვებით, რაც საზღვაო სანავიგაციო რუკებზე მათ იდენტიფიცირებას აადვილებს.

იქ, სადაც ფარვატერის მიმართულება ორ ან რამდენიმე შტოდ იყოფა, სახეშეცვლილი ლატერალური ნიშნებია აღმართული. მათ ძირითადი ფარვატერის მაჩვენებლები (უპირატესი გასასვლელის მაჩვენებლები; Preferred channel marks) ეწოდებათ. მარცხენა და მარჯვენა ძირითადი ფარვატერების მაჩვენებელ ნიშნებს ლატერალური ნიშნების ანალოგიური ფორმა და ძირითადი ფერი აქვთ, თუმცა დამატებით ჰორიზონტალური ზოლი აქვთ, რომელიც ძირითადი ფარვატერის მიმართულებაზე მიუთითებს.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ციცქიშვილი, გ. (2021). ნავიგაციური საფრთხეების შემოფარგვლის სისტემები (წიგნში საზღვაო საქმე). ბათუმი. გამომცემლობა „აჭარა“.
  • IALA. (2023). Navguide 2023: Marine Aids to Navigation Manual (9th ed.). International Association of Marine Aids to Navigation and Lighthouse Authorities.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ციცქიშვილი, გ. (2021). ნავიგაციური საფრთხეების შემოფარგვლის სისტემები (წიგნში საზღვაო საქმე). ბათუმი. გამომცემლობა „აჭარა“.
  2. Maritime Buoyage System დაარქივებული 2006-10-08 საიტზე Wayback Machine.