შინაარსზე გადასვლა

ლადო კეცხოველის სახლ-მუზეუმი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ლადო კეცხოველის სახლ-მუზეუმიისტორიული ძეგლი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყვიავის ცენტრში, საკრებულოს მახლობლად. სახლ-მუზეუმი გაიხსნა 1972 წლის 20 მაისს. იგი XIX საუკუნის დასასრულს აუშენებია ლადო კეცხოველის მამას, ზაქარია კეცხოველს. შენობა დღესაც პირვანდელი სახით არის შემორჩენილი. სახლ-მუზეუმის მემორიალურ დაფაზე წარწერაა: „აქ 1878 წლის აგვისტოდან 1883 წლის დეკემბრამდე მუდმივად, ხოლო 1883-1899 წლებში დროგამოშვებით ცხოვრობდა ვლადიმერ (ლადო) ზაქარიას ძე კეცხოველი“.

მუზეუმის შენობა ერთსართულიანია. სართულზე ოთხი ოთახია მთელ სიგრძეზე აივნით. მარცხნივ ადმინისტრაციის ოთახია, დანარჩენ სამ ოთახში კი მუზეუმის ექსპონატებია მოთავსებული. ამ სამი ოთახიდან ორი ნაწილობრივ აღდგენილია ისე, როგორც ლადო კეცხოველის ბავშვობის დროს იყო. ერთ ოთახში, კედელთან, მთელ სიგრძეზე დიდი ტახტია, აქვეა ლადოს ბავშვობის დროინდელი, შინ დამზადებული ჭურჭლის კარადა, მაგიდა, დასაკიდი სარკე, საწერი მაგიდა, ლამფა, კიდობანი, სკამები, კედლებში დატანებულია განჯინა და წალო. საექსპოზიციო განყოფილების მასალა მოგვითხრობს რევოლუციონერის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე თბილისში, კიევსა და ბაქოში. ცალკე ვიტრინაშია გამოფენილი ლადოს მიერ თარგმნილი და დაბეჭდილი რევოლუციური ბროშურები. ექსპოზიციაში აგრეთვე წარმოდგენილია უნიკალური ექსპონატი – რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის კავკასიის კავშირის მიერ 1903 წლის 17 აგვისტოს, ლ. კეცხოველის მკვლელობასთან დაკავშირებით არალეგალურად გამოცემული ბროშურა: „ლადო კეცხოველი. მისი ცხოვრება და რევოლუციური მოღვაწეობა“.

სახლ-მუზეუმის სარდაფში მარანი და დამხმარე სათავსებია.