შინაარსზე გადასვლა

უილიამ ლაბოვი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ლაბოვი, უილიამი)

უილიამ ლაბოვი (ინგლ. William Labov, დ. 4 დეკემბერი, 1927) — ამერიკელი ენათმეცნიერი. მიჩნეულია ვარიაციონისტული სოციოლინგვისტიკის ფუძემდებლად. პენსილვანიის უნივერსიტეტის ენათმეცნიერების კათედრის პროფესორი. ახორციელებს კვლევებს სოციოლინგვისტიკასა და დიალექტოლოგიაში.

დაიბადა რუზერფორდში, ნიუ ჯერსიში, სწავლობდა ჰარვარდის უნივერსიტეტში, 1949-1961 წლებში მუშაობდა ინდუსტრიულ ქიმიაში, რის შემდეგაც დაინტერესდა ლინგვისტიკით. მისმა სამაგისტრო თემამ Martha's Vineyard-ის დიალექტის შესახებ დიდი წარმატება მოუტანა ამერიკული სამეცნიერო საზოგადოების წინაშე. 1964 წელს დაიცვა სადოქტორო კოლუმბიის უნივერსიტეტში. 1964-1970 წლებში ამავე უნივერსიტეტში ასწავლიდა. 1971 წელს გახდა პენსილვანიის უნივერსიტეტის პროფესორი, 1977 წელს კი დაინიშნა უნივერსიტეტში არსებული ენათმეცნიერების ლაბორატორიის დირექტორად.

ლაბოვის მიზანი იყო ეჩვენებინა, რომ ე.წ. “თავისუფალი” ენობრივი ვარიაცია სოციალურ პლანშიც სტრუქტურირებულია და სინქრონში იგი წარმოადგენს ლინგვისტურ ცვლილებას, რომელიც აქამდე ტრადიციულად დიაქრონიაში შეისწავლებოდა.

ლაბოვის თეორია ძირითადად მის სამ კვლევაზეა დაფუძნებული, რომლებიც სოციალური დიალექტოლოგიიდან თანამედროვე სოციოლინგვისტიკისკენ განვითარდა.

პირველი კვლევა ეხება მასაჩუსეტის შტატში, კუნძულ Martha's Vineyard-ზე არსებულ ფონეტიკურ ცვლილებას (რომელიც ჯერ კიდევ 1933 წელს იქნა შემჩნეული დიალექტოლოგების მიერ). კვლევს მიზანი იყო ამ ფონეტიკური ცვლილების სოციალური ისტორიის შესწავლა. ლაბოვმა თავის პირველ კვლევაში ეჭვქვეშ დააყენა სტრუქტურალისტებისათვის ჩვეული შინაგანი მიზეზობრიობა და ხაზი გაუსვა გარეგან მიზეზობრიობას, რაც შესწავლილი ენობრივი საზოგადოების სოციალურ ისტორიასთან იყო დაკავშირებული. კვლევაში განსაკუთრებული ყურადღება მიექცა ორ დიფთონგს: (/ay/, მაგალითად, სიტყვაში white, და /aw/ სიტყვაში out).

მოპოვებული მონაცემები აჩვენებს, რომ კონტინენტის მაცხოვრებლებისგან განსხვავებით, კუნძულის ბინადრებს აქვთ ტენდენცია დიფთონგის პირველი ელემენტის, /a/ -ს ცენტრალიზება მოახდინონ, რითაც დიფთონგის წარმოთქმა /e/-ს უახოვდება. ამ ქვეცნობიერ ცენტრალიზებასა და სოციოლოგიურ მახასიათებლებს (მაგ. ასაკი და ა.შ) შორის კორელაციის ძიებაში ლაბოვს მოუხდა გაეთვალისწინებინა მაცხოვრებელთა დამოკიდებულება კუნძულისადმი, რომელსაც მნიშვნელოვანი ეკონომიკური სიძნელეები (კერძოდ, უმუშევრობის მაღალი მაჩვენებელი) ჰქონდა. აღმოჩნდა, რომ დიფთონგების სოციალური გადანაწილება კუნძულზე ცხოვრების მოტივაციის ქონა/არქონას უკავშირდებოდა. მათ, ვისაც კუნძულზე ცხოვრება სურდა იქაური, განსხვავებული წარმოთქმა აღენიშნებოდათ, ხოლო ვისაც იქიდან წასვლა უნდოდა, “კონტინენტურ” წარმოთქმას იღებდა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, გაუცნობიერებად წარმოქმნილი ეს ვარიაცია წარმოადგენდა კუნძულის საზოგადოებისადმი კუთვნილების მარკერს, რომელზეც სოციო-ეკონომიკური მიზნების გავლენა აღინიშნებოდა. ეს უკანასკნელნი კი მოცემული საზოგადოების გახლეჩის მიზეზი ხდებოდა. აქედან გამომდინარეობს დასკვნა, რომ მოსაუბრეთა მიერ ენის მოხმარებაში ძლიერია სოციალური კრიტერიუმი.

ენობრივი ცვლილების ამგვარი კვლევა ეწინააღმდეგება ტრადიციულ დიაქრონულ მიდგომას იმით, რომ განხორციელებულია სინქრონიაში (“სხვადასხვა ასაკის მოსაუბრეთა შორის ქცევათა სხვადასხვაობიდან გამომდინარე”) [1]. ახალი, მთავარი ჰიპოთეზის მიხედვით სინქრონიაში განხილული ვარიაცია წარმოადგენს სინამდვილეში ენობრივ ცვლილებას. ეს საკითხი, რომელიც მეტ-ნაკლები ხარისხით ლაბოვის ყველა შემდგომ კვლევაში ფიგურირებს, ვარიაციონისტული მიდგომის ძირითადი საკითხია.

მეორე კვლევა, რომელიც 1963-1964 წლებში ჩატარდა, პირველთან შედარებით გაცილებით მნიშვნელოვანია. კვლევის საგანს წარმოადგენს ნიუ იორკში დაფიქსირებული სოციალური ვარიაცია. ხუთი ფონოლოგიური ცვლადი ( /ǽ/, მაგ. სიტყვაში ask, /ﺪ / - სიტყვაში talk, /δ/ და /θ/ სიტყვებში thing, than და /r/ სიტყვაში car), რომლებიც თითოეულ შემთხვევაში სტიგმატიზირებულ ვარიანტს წარმოადგენს, შერჩეულ იქნა სოციალური სტრატიფიკაციის მიხედვით ვარიანტთა გადანაწილების შესასწავლად. ამ ეტაპზე წარმოდგენილი იყო ლინგვისტურ და სოციალურ დონეებს შორის თანავარიაციის ჰიპოთეზა, რომლის მიხედვით სოციალურად შეფასებული ვარიანტები ენის მატარებლებში, სტიგმატიზირებული ვარიანტების საპირისპიროდ, სოციალური საფეხურიდან უნდა იქნას შესწავლილი. ამ კვლევაში შეიძლება გამოიყოს სამი ფაზა, რომელთაგან თითოეული სხვადასხვა მეთოდოლოგიას მოითხოვს.

კვლევის პირველი ეტაპი კონცენტრირდება პოსტვოკალურ მდგომარეობაში მყოფი /r/-ის ირგვლივ (მაგ. fourth, floor). დაკვირვება წარმოებდა ნიუ-იორკის სამი დიდი, სოციალურად განსხვავებული მაღაზიის თანამშრომლებზე. ეს უკანასკნელნი, მიუხედავად იმისა, რომ ერთსა და იმავე სოციალურ დონეს მიეკუთვნებოდნენ, სხვადასხვანაირად წარმოთქვამდნენ /r/-ს თავიანთი კლიენტურის გამოთქმის მიხედვით. მაღაზიათა კლიენტურა კი სოციალურად სხვადასხვა ფენას მიეკუთვნებოდა.

ამ აღმოჩენას ლოგიკურად მივყავართ იქით, რომ სტილისტური ვარიაციის შესასწავლად გამოყენებულ იქნას ენის მატარებელთა ქმედებების შესახებ კვლევის სხვადასხვა ხერხები. მკვლევარი, რომელიც ცდილობს შეაგროვოს კონტრასტული ენობრივი მონაცემები, ცვლის კვლევის მეთოდებს და თემატიკას (მაგ. შეკითხვამ “იყავით თუ არა როდესმე დამდგარი სიკვდილის საფრთხის წინაშე?” პასუხად უნდა მიიღოს ენის ყველაზე სპონტანური გამოვლინებები). ეს სტილისტური განზომილება დაკავშირებულია იმასთან, თუ რამდენად დიდ ყურადღებას აქცევს მოსაუბრე თავის დისკურსს [2]. საკუთრივ კვლევაში რეალიზებულ იქნა 155 გამოკითხვა (ნიუ-იორკის ლაუერ ისტ საიდის კვარტალში) სამი კრიტერიუმის (პროფესია, განათლება, შემოსავალი) მიხედვით, რის საფუძველზეც გამოიკვეთა ათი სოციალურად იერარქიზირებული კლასი. კვლევის საშუალებით დაზუსტდა ენობრივ ცვლილებაში მოქმედი მექანიზმები, და განსაკუთრებით წინ წამოიწია საშუალო კლასებში (კერძოდ, წვრილი ბურჟუაზია) ჰიპერკორექციის ფენომენმა.

აღნიშნული კვლევა იმითაცაა მნიშვნელოვანი, რომ გათვალისწინებულია თავად გამოკითხულ მოსაუბრეთა სუბიექტური შეფასებები გამოკვეთილი ვარიაციების შესახებ, ანუ ზოგადად მათი დამოკიდებულება ნიუ-იორკული საუბრის მიმართ. საქმე ეხება ერთგვარად “დამოკიდებულებათა” შესწავლას, რომლის მიზანია განისაზღვროს ეფექტიანი ლინგვისტური ქცევების სტრუქტურის მოდელი. კვლევის დროს ენის მატარებლებს სთხოვდნენ შეეფასებინათ, ერთი მხრივ, სხვადასხვა ენობრივი პროდუქციების აუდიოჩანაწერები (თან საკუთარი თავი წარმოედგინათ კადრების განყოფილების უფროსად, რომელსაც სხვადასხვა თანამდებობაზე უნდა აეყვანა ახალი პერსონალი); მეორე მხრივ, შესწავლილი ცვლადების თავიანთი საკუთარი რეალიზება. აღმოჩნდა, რომ გამოკითხულები ძალიან მგრძნობიარენი არიან სხვის დისკურსში ცვლადების სოციალური მნიშვნელობის მიმართ, ხოლო საკუთარ პრაქტიკას ძირითადად ნორმასთან ახლო მდგომად მიიჩნევენ (განსაკუთრებით ეს ეხება საშუალო კლასის გამოკითხუილებს). კიდევ ერთი კითხვარის საშუალებით ლაბოვმა განსაზღვრა, მისივე თქმით, ცხადი (ანუ გაცნობიერებული) ლინგვისტური დაუცველობა, განსხვავებით ლატენტური დაუცველობისაგან. ამ მხრივ, თუკი მაღალი ფენების წარმომადგენლები შედარებით დაცულნი არიან, საშუალო კლასები ძლიერ დაუცველობას განიცდიან, რაც უკავშირდება ზემოთ ხაზგასმულ ჰიპერკორექციის ტენდენციას.

უფრო ზოგადად, ლინგვისტური ცვლილებების მექანიზმების გარდა, კვლევიდან გამომდინარე ლაბოვმა მოახდინა ლინგვისტური საზოგადოების, “ყველაზე ფართო სტრუქტურული ერთეულის” ხელახალი დეფინიცია:

“შეცდომაა ენობრივი საზოგადოების აღქმა, როგორც ერთი და იმავე ფორმების მომხმარებელ მოსაუბრეთა ერთობისა. უკეთესი იქნება, თუ მას აღვწერთ, როგორც ჯგუფს, რომელსაც საერთო აქვს ენასთან დაკავშირებული ნორმები” და “[...] ენის მიმართ სოციალური დამოკიდებულებები.” [3].

მართალია, ეს ახალი დეფინიცია შესაბამისობაშია კვლევის მინაცემებთან, მაგრამ მაინც რჩება გასარკვევი “რატომ არ ლაპარაკობენ ადამიანები ისე, როგორც თავადვე მიაჩნიათ რომ უნდა ლაპარაკობდნენ”. ლაბოვი ასკვნის:

“ეს რთული საკითხია. მასზე ყურადღებით დაკვირვების შედეგად მივედით ვარაუდამდე, რომ არსებობს საპირისპირო დაფარული ნორმები, რომლებიც პოზიტიურ ღირებულებას ანიჭებს ადგილობრივ მეტყველებას.”[4].

მესამე კვლევა ეხება ამერიკელი შავკანიანების ადგილობრივ მეტყველებას და ჩატარებულ იქნა ჰარლემში. “ჩვენი მთავარი საზრუნავი იყო კითხვის სწავლაში ჩამორჩენილობა” - აცხადებს ლაბოვი .[5]. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ამოსავალი წერტილი არის გარკვევა იმისა, “არის თუ არა ამ ჩამორჩენილობის მიზეზი დიალექტური სხვაობები [სკოლის სტანდარტულ ინგლისურსა და შავკანანთა ინგლისურს შორის]?”. კვლევა ჩატარდა ჰარლემის ქუჩების შავკანიან მოზარდებს შორის. ლაბოვმა ამ შემთხვევაში საგრძნობლად შეცვალა ადრინდელი მეთოდოლოგიები და გამოიყენა ახალგაზრდა ინფორმატორ-მკვლევარები, რომლებიც უშუალოდ იცნობდნენ ქუჩის კულტურულ სამყაროს. სწორედ მათ ჩაატარეს კვლევის მნიშვნელოვანი ნაწილი შეაღწიეს რა შესასწავლი ჯგუფების შიგნით. თავდაპირველი ჰიპოთეზის მიუხედავად, კვლევის შედეგები ეწინააღმდეგება კულტურული დეფიციტის შესახებ მოსაზრებას და აქცენტირებას ახდენს კულტურულ კონფლიქტზე:

“ჩვენი ნაშრომების მთავარი დასკვნა [...] არის ის, რომ ამ ჩამორჩენილობის მიზეზი უპირველეს ყოვლისა უნდა ვეძებოთ კლასის შიგნით არსებულ კულტურულ და პოლიტიკურ კონფლიქტებში, და რომ დიალექტური განსხვავებები მნიშვნელოვანია, როგორც ამ კომფლიქტების სიმბოლო.” .[6]

სოციოლინგვისური თეორიის პლანში, და ნიუ-იორკული კვლევისგან განსხვავებით, ლაბოვი ხაზს უსვამს ჯგუფსა (ფაქტობრივად ლინგვისტური საზოგადოების ერთ კონკრეტულ ნაწილსა) და მისთვის დამახასიათებელ სტილს (რომელიც ამ შემთხვევაში ადგილობრივ მეტყველებას წარმოადგენს) შორის კავშირს. ამ უკანასკნელის შესახებ ლაბოვი აღნიშნავს: “სწორედ იგი [ადგილობრივი მეტყველება] განსაზღვრავს თანასწორთა ჯგუფის სოციალურ ორგანიზაციას [...], და ამავდროულად თვითონაც მის მიერაა განსაზღვრული.” [7]

აქ ორი ასპექტის აღნიშვნაა საჭირო. ერთი მხრივ, შინაგანი აღწერის მიმართულებით, “ლაბოვი თვლის, რომ დიალექტი მხოლოდ თავისსავე მწარმოებელი (და არა მხოლოდ მომხმარებელი) ჯგუფის წევრებს შორს კავშირში წარმოადგენს მთელ თავის გამართულობას, სისტემატურობას” .[8] ამას ემატება ისიც, რომ შესასწავლი ჯგუფის ახალგაზრდობაც ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია და სრულიად საწმუნოა, რომ “თინეიჯერობის ასაკის დასასრული აღნიშნავს შავკანინთა ადგილობრივი მეტყველების გამართული გამოყენების უკანასკნელ საზღვარს” .[9] კვლევის დროს გამოჩნდა, რომ ქუჩის ცხოვრებაში მეტად ინტეგრირებულ შავკანიან ახალგაზრდებს სტანდარტული ინგლისურისგან გაცილებით მეტად განსხვავებული (მაგრამ შედარებით გამართული) მეტყველება აქვთ, ვიდრე შედარებით იზოლირებულ წევრებს. ეს უკანასკნელნი სტანდარტულთან უფრო დაახლოებულ ფორმებს აწარმოებენ (თუმცა ნაკლებად გამართულს).

მეორე მხრივ, ამჯერად გარეგანი აღწერის მიმართულებით, ამ სისტემურობის გამოხატვა საზღვრავს ჯგუფს ანუ სოციოლინგვისტურ ადგილს, რომელშიც ლინგვისტური საზოგადოების სოციალური ჰეტეროგენულობა ნეიტრალიზებულია, სტანდარტული ინგლისურის დომინირებული დიალექტი განზეა დარჩენილი და, ამდენად, ვერ იქნება ხელის შემშლელი. ამგვარად, ადგილობრივი მეტყველების სისტემატურობა განპირობებული ჩანს ორი ფაქტორით, რომლებიც აქცენტირებას ახდენენ ჰომოგენურობისა და წარმომავლობის ასპექტებზე. სქემატურად, ამ ანალიზმა შეიძლება გვაფიქრეინოს, რომ ლაბოვის მიხედვით სოციალური ფაქტორი საბოლოო ჯამში იკვეთება, როგორც სოსიურისეული იდეალის დამარღვეველი. ცნობილია, რომ ლაბოვი არ ცნობს სოსიურისეულ ხედვას ენა-სისტემის შესახებ, სადაც სტრუქტურა და ჰომოგენურობა ერთმანეთის პარალელურად მიდის, თუმცა ამით ერთგვარად ცნობს სტრუქტურაზე დამყარებულ სხვა თეორას, რომელიც ნ. ხომსკიმ შემოიტანა.

ჰარლემის კვლევით ლაბოვი იყენებს, მართალია, ნაწილობრივ გაფართოებული და რეფორმულირებული სახით, გენერაციულ თეორიას. ამაზე მიუთითებს, მაგალითად, ცვლადი წესები, რომელთა ფორმულირებასაც ახდენს შავკანიანთა ადგილობრივი მეტყველების შესახებ, სინტაქსური და ფონოლოგიური სტრუქტურების სისტემურ პლანთან დაკავშირებით (და არა მხოლოდ ფონეტიკურ დონეზე, როგორც Martha's Vineyard-ის შესახებ კვლევის დროს). ამ თვალსაზრისით ლაბოვი ენას “აზრის ბგერებად (ან გრაფიკულ ფორმებად) გარდაქმნის წესების ერთობლიობად” .[10] უფრო მიიჩნევს, ვიდრე “სისტემად, სადაც ყველაფერი ერთმანეთზეა აწყობილი”, რაშიც იგი ხედავს “უხეშ გადაჭარბებას” .[11] ამგვარად, მიუხედავად იმისა, რომ შავკანიათა ადგილობრივი მეტყველება გარკვეულ, სტანდარტული ინგლისურისგან განსხვავებულ სისტემატურობას წარმოადგენს, ხომსკისეული მიდგომა ლაბოვს საშუალებას აძლევს მისგან არ შექმნას განცალკევებული სისტემა, არამედ განიხილოს, როგორც “წესების სისტემური ურთიერთობისგან” .[11] შემდგარი სისტემატურობა. ამ წესების ფორმულირება ამყარებს ლინგვისტური სისტემის შიგნით ვარიაციას, რომელიც უკვე აღარაა მიჩნეული ჰომოგენურად. სოციალური და სტილისტური ვარიაციის შემდეგ ლაბოვი აჩვენებს, რომ ე.წ. ჩვეული ვარიაციის სტრუქტურაცია შესაძლებელია გარკვეულ წერტილამდე.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Labov, William, 1976 [1972]: Sociolinguistique, [Sociolinguistic Patterns, traduit par Alain Khim], Paris: Minuit (coll. "Le sens commun"). p. 372.
  2. Labov, William, 1976 [1972]: Sociolinguistique, [Sociolinguistic Patterns, traduit par Alain Khim], Paris: Minuit (coll. "Le sens commun"). p. 127-174.
  3. Labov, William, 1976 [1972]: Sociolinguistique, [Sociolinguistic Patterns, traduit par Alain Khim], Paris: Minuit (coll. "Le sens commun"). p. 38.
  4. Labov, William, 1976 [1972]: Sociolinguistique, [Sociolinguistic Patterns, traduit par Alain Khim], Paris: Minuit (coll. "Le sens commun"). p. 339.
  5. Labov, William, 1993 [1972]: Le parler ordinaire. La langue dans les ghettos noirs des Etats-Unis, [Language in the Inner City, traduit par Alain Khim], Paris: Minuit (coll. "Le sens commun"). p. 10
  6. Labov, William, 1993 [1972]: Le parler ordinaire. La langue dans les ghettos noirs des Etats-Unis, [Language in the Inner City, traduit par Alain Khim], Paris: Minuit (coll. "Le sens commun"). p. 11
  7. Labov, William, 1993 [1972]: Le parler ordinaire. La langue dans les ghettos noirs des Etats-Unis, [Language in the Inner City, traduit par Alain Khim], Paris: Minuit (coll. "Le sens commun"). p. 9
  8. Encrevé (P.). 1976. Preface to Labov. (1972). Sociolinguistique. Paris : Editions de Minuit. p. 24
  9. Labov, William, 1993 [1972]: Le parler ordinaire. La langue dans les ghettos noirs des Etats-Unis, [Language in the Inner City, traduit par Alain Khim], Paris: Minuit (coll. "Le sens commun"). p. 378
  10. Labov, William, 1993 [1972]: Le parler ordinaire. La langue dans les ghettos noirs des Etats-Unis, [Language in the Inner City, traduit par Alain Khim], Paris: Minuit (coll. "Le sens commun"). p. 74
  11. 11.0 11.1 Labov, William, 1993 [1972]: Le parler ordinaire. La langue dans les ghettos noirs des Etats-Unis, [Language in the Inner City, traduit par Alain Khim], Paris: Minuit (coll. "Le sens commun"). p. 73
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/უილიამ_ლაბოვი“-დან