კონსტანტინე წერეთელი (ჰიდრომშენებელი)
კონსტანტინე (კაკო) წერეთელი (დ. 25 დეკემბერი, 1909, პერევისა — გ. 3 იანვარი, 1973, თურქმენეთი) — ქართველი ინჟინერ-ჰიდრომშენებელი, ყარაყუმის არხის მშენებლობის მთავარი ინჟინერი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კონსტანტინე წერეთელი დაიბადა ჭიათურასთან ახლოს, სოფელ პერევისაში ექიმ-ეპიდემიოლოგ ევგენი (სავლე) წერეთლისა და უკრაინელ ანტონინა პოდრუჟნაიას ოჯახში. კონსტანტინეს ჰყავდა სამი დედმამიშვილი: ნინა, თინა და მამის მოსახელე სავლე.
კონსტანტინე სწავლობდა ქუთაისის N 3 შრომის სკოლაში. საქართველოს სახელმწიფო პოლიტექნიკური ინსტიტუტში მიიღო სამთო ინჟინრის სპეციალობა. 1929 წელს, ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ გაემგზავრა თურქმენეთში და გახდა აშხაბადის სამელიორაციო ინსტიტუტის სტუდენტი.
1929 წლიდან გარდაცვალებამდე მუშაობდა თურქმენეთის სსრ-ში. 1929-1936 წლებში იყო ძიების კომპლექსური რაზმის უფროსი ყარაყუმის უდაბნოში. ამ ექსპედიციის შესახებ კონსტანტინემ 1940 წელს მოსკოვში წიგნი გამოსცა, სახელწოდებით "ყარაყუმი და მისი სასოფლო-სამეურნეო ათვისება". 1936-1945 წლებში მუშაობდა ამავე უდაბნოს გაწყლოვანებისა და ათვისების კომპლექსური პარტიის ხელმძღვანელად; 1945-1953 წლებში იყო "ყარაყუმსოფლწყალმშენის" სამმართველოს მთავარი ინჟინერი, ხოლო 1953-1973 წლებში - ყარაყუმის ვ. ლენინის სახელობის არხის მშენებლობისა და ტრესტ "კარაკუმჰიდრომშენის" მთავარი ინჟინერი.
ქართველ ინჟინერს დიდი ღვაწლი მიუძღვის არხის მშენებლობასა და ყარაყუმის ყამირი მიწების ათვისებაში. სწორედ ამიტომ თურქმენეთში ძალიან აფასებდნენ. 1965 წელს მას მიენიჭა თურქმენეთის სსრ დამსახურებული მშენებლის წოდება; 1962 წელს გახდა ლენინური პრემიის ლაურეატი ყარაყუმის არხის მშენებლობისთვის; ორგზის იყო დაჯილდოებული შრომის წითელი დროშისა და საპატიო ნიშნის ორდენებით.
გარდაიცვალა 1973 წლის 3 იანვარს. დაკრძალულია თბილისში.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- თიკანაძე მ., დები წერეთლები თბილისს ამშვენებდნენ // საქართველოს ქალი. - თბილისი, 2002. N1-2. - გვ. 3-4.
- კ. ე. წერეთელიი [ნეკროლოგი] // კომუნისტი. - თბილისი, 1973. 11 იანვარი, N9. - გვ. 4.
- მანია გ., ყარაყუმის ბრძანებელი // ცისკარი. - თბილისი, 1976. N10. - გვ. 103-107.