კონრად შუმანი
კონრად შუმანი | |
---|---|
თავისუფლების ნახტომი | |
მშობლიური სახელი | Conrad Schumann |
დაბადების სახელი | Hans Conrad Schumann |
დაბადების თარიღი |
28 მარტი, 1942 ოშტრაუ, მესამე რაიხი |
გარდაცვალების თარიღი |
20 ივნისი, 1998 კიპფენბერგი, გერმანია |
ეროვნება | გერმანელი |
მეუღლე(ები) | კუნიგუნდა შუმანი |
შვილ(ებ)ი | 1 |
კონრად შუმანი (გერმ. Conrad Schumann; დ. 28 მარტი, 1942 – გ. 20 ივნისი, 1998) — აღმოსავლეთ გერმანელი მესაზღვრე, რომელიც 1961 წელს, ბერლინის კედლის მშენებლობის დროს დასავლეთ გერმანიაში გაიქცა.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დაიბადა საქსონიის ქალაქ ოშტრაუში, მეორე მსოფლიო ომის დროს. 18 წლის ასაკში ჩაირიცხა გერმანიის სასაზღვრო პოლიციაში. დრეზდენში სამთვიანი სწავლების შემდეგ გაგზავნეს პოტსდამის უნტეროფიცერთა კოლეჯში, რის შემდეგაც მოხალისედ მსახურობდა ბერლინში.
გაქცევა დასავლეთ გერმანიაში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1961 წლის 15 აგვისტოს 19 წლის შუმანი გაგზავნეს რუპინერ-შტრასესა და ბერნაუერ-შტრასეს ქუჩების კუთხეში, რათა დაეცვა ბერლინის კედელი, რომლის შენებლობაც სამი დღის წინ დაიწყო. იგი და მისი ქვედანაყოფი დილის 4:30 საათზე მივიდნენ, სადაც ოფიცერმა მათ უბრძანა კონტროლის აღება და საზღვრის დაცვა „სოციალიზმის მტრებისგან“. შუმანი მოგვიანებით გაიხსენა:
„ჩვენ ვიდექით ირგვლივ, თავიდან საკმაოდ სულელურად გამოვიყურებოდით. არავის უთქვამს ჩვენთვის, თუ როგორ მოხდებოდა საზღვრის კონტროლი.[1]“
|
ამ დროისათვის საზღვარი მხოლოდ 80 სმ-ის სიმაღლის მავთულხლართების რგოლი იყო. მთელი დღის განმავლობაში პატრულირებისას დასავლეთ ბერლინის მაცხოვრებლები ყვიროდნენ: „ღორებო!“ „მოღალატეებო!“ „საკონცენტრაციო ბანაკის მცველებო!“.[1]
ერთმა სცენამ განსაკუთრებით გააღიზიანა შუმანი. ახალგაზრდა ქალბატონმა აღმოსავლეთ ბერლინში ყვავილების თაიგული გადასცა დასავლეთ ბერლინში მყოფ უფროს ქალბატონს, აშკარად უმცროსი ქალბატონის დედას და მიულოცა დაბადების დღე. ახალგაზრდა ქალბატონმა ბოდიში მოიხადა იმის გამო, რომ ვერ შეძლო სტუმრობა, შემდეგ ანიშნა შუმანზე და დაამატა: "ისინი არ მაძლევენ, გადმოსვლის საშუალებას". შუმანმა დაიწყო ფიქრი, მართლა სურდა თუ არა სამუშაო ცხოვრების დარჩენილი ნაწილი თანამოქალაქეებთან პატიმრობაში გაეტარებინა.[1]
სანამ შუმანი იძულებული გახდებოდა ემოქმედა, უფრო მეტი ჯარისკაცი მივიდა ჯავშანმანქანებით და ბრბოს ხიშტებით უკან დახევისაკენ უბიძგა. შუმანმა დაიწყო ფიქრი, რომ უნდა გაქცეულიყო, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც სატვირთო მანქანები ჩამოვიდნენ ბეტონის ბოძებითა და ფოლადის ფილებით. მომდევნო ორი საათის განმავლობაში, როდესაც ჯარისკაცებიდან არავინ უყურებდა, მან მავთულის მონაკვეთი ჩამოაგდო. დასავლეთ ბერლინის დამკვირვებლებმა ყურადღება მიაქციეს. ერთი ახალგაზრდა ახლოს მივიდა მავთულხლართებთან და შუმანმა დაუყვირა: „დაბრუნდი სასწრაფოდ“, შემდეგ კი ჩურჩულით უთხრა: „მე ვაპირებ გადმოხტომას!“ ახალგაზრდამ გააფრთხილა დასავლეთ ბერლინის პოლიცია, რომელიც ფურგონით მივიდა.[1]
დაახლოებით საღამოს 4:00 საათზე, შუმანი გადაახტა მავთულხლართებს და დასავლეთ ბერლინის პოლიციამ სასწრაფოდ წაიყვანა ფურგონში. დასავლეთ გერმანელმა ფოტოგრაფმა პიტერ ლეიბინგმა გადაიღო შუმანის ნახტომი. ფოტო სახელწოდებით „თავისუფლების ნახტომი“ გახდა ცივი ომის ეპოქის საკულტო გამოსახულება და 1982 წელს დისნეის ფილმის „ღამის გადაკვეთის“ დასაწყისში გამოჩნდა.[2]
შუმანი დასავლეთ ბერლინიდან დასავლეთ გერმანიაში წავიდა და ბავარიაში დასახლდა. 1962 წელს გიუნცბურგში გაიცნო და დაქორწინდა კუნიგუნდა გუნდაზე. მათ მომდევნო წელს შეეძინათ ვაჟი.[3] შუმანმა ახალი სამუშაო დაიწყო ღვინის ქარხანაში, შემდეგ კი Audi-ის ავტომობილების ქარხანაში ინგოლშტადტში, სადაც მუშაობდა თითქმის 30 წლის განმავლობაში.
ცხოვრების უკანასკნელი წლები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დასავლეთ გერმანიაში ყოფნის დროს შუმანს ეშინოდა, რომ სახელმწიფო უშიშროების სამინისტრო მის მოკვლას შეეცდებოდა, მაგრამ ეს არასოდეს მომხდარა. ბერლინის კედლის დაცემის შემდეგ შუმანმა თქვა:
„მხოლოდ 1989 წლის 9 ნოემბრიდან [დაცემის თარიღიდან] ვიგრძენი თავი ჭეშმარიტ თავისუფალ ადამიანად.“
|
1998 წლის 20 ივნისს, დეპრესიით დაავადებულმა თავი ჩამოიხრჩო თავის ბაღში ზემო ბავარიის ქალაქ კიპფენბერგთან ახლოს. მისი ცხედარი მეუღლემ რამდენიმე საათის შემდეგ იპოვა.[4]
2011 წლის მაისში შუმანის ფოტო „თავისუფლებაში ნახტომი“ შეიტანეს იუნესკოს მსოფლიო მეხსიერების პროგრამაში, როგორც ბერლინის კედლის დანგრევის დოკუმენტების კრებულის ნაწილი.[5][6]
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Christoph Links: Schumann, Konrad. In: Wer war wer in der DDR? 5. Ausgabe. Band 2, Ch. Links, Berlin 2010, ISBN 978-3-86153-561-4.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 Wyden, Peter (1989). Wall: The Inside Story of Divided Berlin. Simon and Schuster, გვ. 140, 220–223. ISBN 0671555103.
- ↑ Sprung in die Freiheit. Programm.ARD.de – ARD Play-Out-Center Potsdam, Potsdam, Germany. ციტირების თარიღი: January 23, 2020
- ↑ „KONRAD SCHUMANN, 56, SYMBOL OF E. BERLIN ESCAPES“. Chicago Tribune (NORTH SPORTS FINAL ed.). Associated Press. June 23, 1998. p. 8.
- ↑ Denis Staunton (Jun 22, 1998). „Escaped soldier found hanged“. The Guardian. Manchester (UK). p. K2.
- ↑ Diekmann, Kai (2011). Die Mauer. Fakten, Bilder, Schicksale (de). München: Piper, გვ. 45. ISBN 978-3-492-05485-0.
- ↑ German Commission for UNESCO, World Documentary Heritage in Germany