კიმონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კიმონი
ბერძ. Κίμων
ეროვნება ბერძენი
დაბადების თარიღი ძვ. წ. 504
დაბადების ადგილი ათენი
გარდაცვალების თარიღი ძვ. წ. 449
გარდაცვალების ადგილი კიტიონი, კვიპროსი
კუთვნილება ათენი
წოდება სტრატეგოსი
ბრძოლები/ომები ბერძენ-სპარსელთა ომები, სალამინის ბრძოლა

კიმონი[1] (ბერძ. Κίμων; დ. ძვ. წ. 504 – გ. ძვ. წ. 449) — ბერძენ-სპარსელთა ომების პერიოდის ათენელი პოლიტიკური მოღვაწე და მხედართმთავარი. წარმოშობით იყო ფილაიდების დიდგვაროვანი საგვარეულოდან, მილტიადეს ვაჟი. იღწვოდა ერთის მხრივ ათენის მპყრობელური პოლიტიკის სამსახურში, ხოლო მეორეს მხრივ არისტოკრატიული ორიენტაციის სპარტისაკენ მიპყრობისათვის (ლაკონოფილი იყო). 478–477 წლებში მონაწილეობდა პავსანიას მეთაურობით სპარსელების წინააღმდეგ შავი ზღვის სრუტეებსა და კუნძულ კვიპროსთან განხორციალებულ სამხედრო მოქმედებებში. 476 წელს დაიპყრო სპარსელთა ციხესიმაგრე ეიონი თრაკიის სანაპიროზე, 469 წელს მდინარე ევრიმედონტის შესართავთან (მცირე აზიის სამხრეთი სანაპირო) გაანადგურა სპარსელთა არმია. მონაწილეობდა დელოსის კავშირის შექმნაში (478/477). 466–465 წლებში დაიმორჩილა ათენს განდგომილი კუნძული თასოსი. თუმცა აჯანყებული მესენიის წინააღმდეგ სპარტისათვის აღმოჩენილი წარუმატებელი დახმარების შემდეგ იგი განდევნეს ათენიდან და დიდი ხნის განმავლობაში იყო დევნილი (პლუტარქეს მიხედვით, 5 წელი ან, როგორც თანამედროვე მკვლევრები ვარაუდობენ, 10 წელი — 461-დან 451-მდე). დევნილობიდან დაბრუნების შემდეგ მეთაურობდა საზღვაო ექსპედიციას სპარსელების წინააღმდეგ, რომლის დროსაც დაიპყრო კუნძული კვიპროსი, მაგრამ მალევე ქალაქ კიტიონის ალყის დროს მიღებული ჭრილობით გარდაიცვალა.[2]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ბერძნული და რომაული საკუთარი სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1985. — გვ. 56.
  2. Фролов Э. Д. Кимон // Большая российская энциклопедия. т. 13. — М., 2009. — стр. 686.