კაჭრეთის სადუღას ველის გორასამარხები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

კაჭრეთის სადუღას ველის გორასამარხები — არქეოლოგიური ძეგლი მდებარეობს გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჭრეთში, მდინარე ივრის მარცხენა სანაპიროზე, სადუღას ველზე. თარიღდება ძველი წელთაღრიცხვით II ათასწლეულის დასაწყისით.

კაე-მ (ხელმძღვანელები კ. ფიცხელაური, შ. დედბარიშვილი) სადუღას ველზე გამოავლინა ორ ათეულზე მეტი გორასამარხი რომელთაგან სამი შეისწავლეს 1971, 1974, 1978 წლებში.

გორასამარხები ქვაყრილიანი და ქვამიწაყრილიანია. ყრილის ქვეშ, ცენტრალურ ნაწილში, მოთავსებული იყო აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ დამხრობილი სამარხი ორმო.

ერთ-ერთი გორასამარხი (დიამეტრი 50 მეტრი, ყრილის სიმაღლე 1,5 მეტრი). მიჩნეულია დაწინაურებული პირის სამარხად. ეს არის შუა ბრინჯაოს ხანის პირველი მდიდრული სამარხი აღმოსავლეთ საქართველოში რომელმაც ჩვენამდე გაუძარცვავად მოაღწია. სამარხი ორმო (სიგრძე-6 მეტრი, სიგანე 4-4,3 მეტრი) გადახურული ყოფილა ხის ძელებით (გამოვლინდა ძეგლების მცირე ნაწილი). ორმოს ცენტრალურ ნაწილში, ხის სარეცელზე (შემორჩენილი იყო მცირე ნაშთი) აღმოჩნდა ადამიანის თავის ქალა და მარჯვენა ხელის ძვლები, მარცხენა სამარხში იყო თიხის ჭურჭელი, სპილენძის ოთხყურა, ვერტიკალური და პეპლის ფორმის, ჩამოსაკიდლად განკუთვნილი, ყურების მქონე ქვაბები; ამ უკანასკნელის, დღემდე აღმოჩენილ ქვაბებს შორის, ანალოგი არ მოიპვება; ბრინჯაოს ყუნწიანი მახვილი(უძველესია ცენტრალურ ამიერკავკასიაში მოპოვებული ამ ტიპის ცნობილ იარაღთ შორის). ყელსაბამის ნაწილები-ოქროს მძივები, მილაკები და სარდიონის მძივები, 4 შტანდარტის შემადგენელი ნაწილები: დაწნეხვით შემკული ტყავის დროშები, სარდიონის მძივები, ერთი ვერცხლის და სამი ოქროს დოლური, ოქროს მილაკები. ზანზალაკები და სალტეები, ბატკნის მთელი ჩონჩხი და მსხვილფეხა საქონლის ძვლები დიდი რაოდენობით.

თიხის ჭურჭელი- დერგი, კოჭობი, სამტუნა სასმისი, კათხა, ქილა და სხვა. დამზადებულია ქვიშის და ზოგჯერ წვრილი თეთრმინარევიანი თიხით. ზედაპირი გაპრიალებული ან კარგად მოგლუვებულია. გამომწვარია მონაცრისფროდ, შავად, მორუხო-მოყავისფროდ. შემკულია ამოკაწრულ-ამოღარულ ირიბი ჭდეებით, ირიბი ხაზებით, შეესებული წვერით ზევით ან ქვევით მიმართული სამკუთხედებით. ამოწვიფრული სადა ან გულფოსოიანი წრეებით. ორი შავპრიალა დერგის ყელის, მხარის და მუცლის დიდ ნაწილზე გამოწვის რეჟიმის სხვადასხვაობით დატანილია მრგვალი წითელი ლაქა, რომლის შუაში შავი წრეა ჩასმული.

მეორე გორსამარხი(დიამეტრი-15 მეტრი, სიმაღლე-0,8 მეტრი) განეკუთვნება ძველი წელთაღრიცხვის 2000-1800 წლებს. ყვითელ თიხნარში ჩაჭრილ სამარხ ორმოში (სიგრძე-3 მეტრი, სიგანე-2,8 მეტრი, სიგანე-1,5 მეტრი) აღმოჩნდა ადამიანის თავის ქალის ნაწილები და ბრინჯაოს ყუნწგახვრეტილი სატევარი, სარდიონის მძივები და მძივის ოქროს გარსაკრავი, წაბლისფერი შავლაქებიანი წაშლილი თიხის ჭურჭელი, რომლის ქვეშ და გარშემო მსხვილფეხა საქონლის ორი ჩონჩხი იყო-თავის ქალის გარეშე. სამარხის აღმოსვლეთ ნაწილში ორი ასიმეტრიული ორყურა დერგია ფიქსირებული, რომელთაგან ერთს მხარზე ამოღარული შვერონები შემოუყვება. დასავლეთ ნაწილში ვარდისფრად გამომწვარი ქილა აღმოჩნდა. ჩრდილო-აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ კუთხეებში გამოვლინდა წვრილფეხა საქონლის ძვლები და ობსიდიანის მასიური ანატკეცი.

სამრხეული კერამიკა ხელითაა ნაძერწი. დამზადებულია ქვიშის, ოფსიდიანის და თეთრმინარევიანი მკვრივი თიხით.

მესამე გორასამარხში, რომელიც ძველი წელთაღრიცხვის II ათასწლეულის I ნახევარს განეკუთვნება, მიცვალებული დაკრძალული იყო გვერდზე, მოხრილი კიდურებით. სამარხში აღმოჩნდა ბრტყელყუნწიანი უქუდო სიტყვარი, რომელსაც ყუნწზე სახვრეტი აქვს, ოქროს თხელი ფირფიტისგან დამზადებული ორი ნახევარსფეროსაგან შედგენილი მოზრილი მძივი, რომელიც შიგნიდან ამოყვანილი წერტილების მწკრივით არის შემკული და ხელით ნაძერწი თიხის ექვსი ჭურჭელი:ორი დერგი, სამი ქილა და ერთი კოჭობი, ზოგიერთი შემკულია ზემოდან დაძერწილი კოპებით, ამოღარული ორფა ტეხილი ხაზითა და ამოტვიფრული გულფოსოიანი წრეებით, ერთ-ერთ ქილას მხრის გარშემო 18 მინიატურული ყური შემოუყვება.

გორსამარხებში აღმოჩენილი მასალა ინახება საქართველოს ეროვნულ მუზეუმსა და საქართველოს ეროვნულ მუზეუმის გურჯაანის ისტორიის ეთნოგრაფიულ საცავში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]