სატევარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სატევარი, ყელე, ხანჯალი, ყამა — ახლო მანძილზე საბრძოლო და სანადირო ცივი იარაღი. ძველთაგანვე იყო გავრცელებული აღმოსავლეთის ქვეყნებში. ქართული სატევარი ორფხიანი, წვეტიანი, ბრტყელი, ღარიანი მოკლე მახვილია. მას განვითარების ხანგრძლივი გზა აქვს გავლილი. დამზადების ცენტრების მიხედვით განასხვავებდნენ ე. წ. „ფოთლისებური“ სატევარის ორ ძირითად ტიპს — მცხეთურსა და კახურს. თითოეულ ამ ჯფუგში რამდენიმე ქვეჯგუფი და ვარიანტი გამოიყოფა. უძველესი სატევრები მთლიანი ლითონისა იყო, თუმცა ხშირად სხვადასხვა მასალისგანაც ამზადებდნენ. ბრინჯაოს, ხოლო შემდგომ რკინის პირს ჰქონდა რქის, ხის ან ბრინჯაოს ტარი. ძვ. წ. VII საუკუნიდან ამიერკავკასიაში გავრცელდა მოკლე სატევარი — აკინაკი.

შუა საუკუნეების სატევართა ფორმების აღსადგენად საინტერესო მასალას გვაწვდის ფრესკებზე, ხელნაწერებში, ჭედურ ძეგლებსა და საფლავის ქვებზე გამოსახული ნიმუშები. XVIII საუკუნიდან სატევარი დიდი რაოდენობით მზადდებოდა თბილისში.

XIX საუკუნეში სატევარი ჯერ კიდევ შეადგენდა ქართველი მამაკაცის მორთულობის აუცილებელ ელემენტს. ქართული სატევარი გამოირჩეოდა ფორმის სისადავით, პროპორციულობითა და სინატიფით. სატევრის აღმნიშვნელი ტერმინი „ხანჯალი“ საქართველოში სპარსეთიდან შემოვიდა XVIII საუკუნეში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]