შინაარსზე გადასვლა

კაცია ჩიქოვანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

კაცია ჩიქოვანი, ჩიქვანი (გ. 1681-1682 მიჯნა) — იმერეთის სამეფოს ვეზირი. აღზევდა ლევან III დადიანის დროს - 1661-1680. მოკლე დროში გორდელ აზნაურს იმერეთის მეფემ ბაგრატ IV-მ ვეზირობა მისცა, ლეჩხუმი და საინასარიძო უბოძა. მალე ჩიქოვანი სამთავროს კარის „უფროსი და ვეზირი“ გახდა. დადიანმა სალიპარტიანო (ოდიშის ჩრდილო-აღმოსავლეთი ნაწილი, მდინარე ტეხურის ორსავე ნაპირას) მისცა და, როგორც ამ კუთხის მფლობელი, ლიპარტიანად აღიარა. ჩიქოვანის დაწინაურებას ხელი შეიწყო იმერეთის მეფისა და დადიანის კონფლიქტმა ლეჩხუმის გამო. ისინი ცდილობდნენ თავიანთ სასარგებლოვ გამოეყენებინათ ჩიქოვანი, მას კი საკუთარი ინტერესები ჰქონდა - დაუნდობლად ანადგურებდა თავის მეტოქეებს, ოდიშის ძირძველ წარჩინებულ საგვარეულოთა წარმომადგენლებს, თვით დადიანთა სახლის წევრებსაც, და თავის მემკვიდრეებს გადადიანებისაკენ უკაფავდა გზას.

1704 წელს ჩიქოვანის ინიციატივით მისი შვილიშვილი კაცია I დადიანად აკურთხეს და ამიერიდან ოდიშის სამთავროში ახალი, ჩიქვანთა დინასტია გადადიანდა. დაკრძალულია მარტვილის მონასტერში.

  • კაკაბაძე ს., საქართველოს ისტორია. ახალი საუკუნეების ეპოქა (1500-1810), ტფ., 1922;
  • სოსელია ო., ნარკვევები ფეოდალური ხანის დასავლეთ საქართველოს სოციალურ-პოლიტიკური ისტორიიდან (სათავადოები), ტ. 1, თბ., 1973;
  • სოსელია ო., ქსე, ტ. 11, გვ. 142, თბ., 1987