ინასარიძეები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ინასარიძენი)
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ინასარიძე.

ინასარიძე — ფეოდალური საგვარეულო რაჭასა და მესხეთში.

დახასიათება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ინასარიძე ეპონიმური ხასიათის ცნობილი ისტორიული და ძველი გვარია. საკუთარი სახელი ინასარი გვხვდება როგორც „ტბეთის სულთა მატიანეში“ ისე აღაპში.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ინასარიძეთა საგვარეულო ქართულ ისტორიულ წყაროებში XIII საუკუნიდან გვხვდება. ლაბეჭინის საყდრისადმი შეწირული გლეხი, გაბრიელ ბერმუჯის ძე, საბუთის მიხედვით, შეწირვამდე „ინასარიძისეული“ ყოფილა. ამავე საბუთით, ინასარიძეს სხვა ყმაც ჰყოლია. ამ დროს ინასარიძეები ლეჩხუმში ცხოვრობდნენ და სოციალურადაც აღზევებულნი ჩანან. ქართული სამართლის ძეგლი „გარიგება ჴელმწიფის კარისა“ (XIV ს) გვამცნობს, რომ მეფის მოხელეთა შორის ყოფილა „საწოლის მწიგნობარი“ ინასარიძე.

უკვე XV საუკუნის დასაწყისში, კერძოდ, 1402—1413 წლების ერთ-ერთ საბუთში, რაჭაში ინასარიძეები წარჩინებულ ისტორიულ საგვარეულოდ მოიხსენიება. შედარებით ვრცელ ინფორმაციას გვაწვდის XIV—XV საუკუნეების მიჯნაზე შედგენილი სვანური სამართლის ერთი ძეგლი. იქ სვან აზნაურ ივანე სეტიელთან ერთად „სასარჩელო მოხელის წერილში“ მოწმედ იხსენიება ფურთუხი ინასარიძე.

ერთ-ერთი შეწირულობის წიგნის მიხედვით, ინასარიძეები ყმათა მფლობელები არიან, რომელთაც იმერეთის მეფემ, ბაგრატ II-ემ, ჭაშლათელი (ამჟამად ჭაშლეთი, ლეჩხუმ-იმერეთის საზღვარი) გლეხები ჩამოართვა და ეკლესიას შესწირა.

1654 წელს მღვდელ-მონაზონი ევდემონ ინასარიძე იმერეთის მეფეს რუსეთში გაუგზავნია. ევდემონს თან წაუღია ინასარიძეთა საძვალის, ლაბეჭინის მიქაილ და გაბრიელ მთავარანგელოზთა ეკლესიის კუთვნილი, XIII საუკუნის ხელნაწერი წიგნი „თეოდორე სტოლელის სწავლანი“. ამჟამად წიგნი დაცულია თბილისში, მეცნიერებათა აკადემიის ხელნაწერთა ინსტიტუტში.

XVII საუკუნეში ლეჩხუმის აღმოსავლეთ ნაწილში ინასარიძეთა მონაგებ თუ ნაბოძები ყმა-მამულის მატებასთან ერთად, თანდათან იქმნება ახალი ფეოდალური სამფლობელო საინასარიძო, რომელიც ბევრ საბუთში მოიხსენიება. ინასარიძეებს ყმა-მამული ჰქონდათ სოფლებში: დოგიში, ჭაშლეთი, საჩხოური, წუცნა, კრიხი და სხვა. ვახუშტი ბაგრატიონმა ინასარიძეთა გვარი რაჭის თავადთა შორის მოიხსენია.

გვარის არსებობა დადასტურებულია ზემო ქართლშიც (სოფელი ქინძათი), ისინი ჩანან კახეთშიც 1801—1802 წლებში.

2008 წლის მონაცემები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საქართველოში 2382 ინასარიძე ცხოვრობს, ძირითადად რაჭაში, თუმცა გვარს ვხვდებით მესხეთშიც: ახალციხე 714 სული, ასპინძა 166 სული, თბილისი 614 სული.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]