შინაარსზე გადასვლა

კატალონიის მემარცხენე რესპუბლიკური პარტია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პარტიის ლოგო

კატალონიის მემარცხენე რესპუბლიკური პარტია[1] ასევე ცნობილი როგორც კატალონიის რესპუბლიკური მემარცხენეები[2] (კატ. Esquerra Republicana de Catalunya, შემოკლებით ERC) — კატალონიის დამოუკიდებლობის მომხრე, სოციალ-დემოკრატიული პარტია, რომელიც ფუნქციონირებს კატალონიაში, ვალენსიაში, ბალეარის კუნძულებზე და საფრანგეთში აღმოსავლეთ პირინეის ტერიტორიულ ერთეულში (ჩრდილოეთი კატალონია).[3] პარტიის ამჟამინდელი ლიდერია ორიოლ ჟუნკერასი, ხოლო გენერალური მდივანი — მარტა როვირა.[4] კატალონიის მემარცხენე რესპუბლიკური პარტია არის ევროპარლამენტის თავისუფალი ალიანსის წევრი, რომელშიც მსგავსი პროფილის რეგიონული ეთნიკური უმცირესობების პარტიები ერთიანდებიან.

1931 წელს დაფუძნებული კატალონიის მემარცხენე რესპუბლიკური პარტიის წევრები, როგორიც იყვნენ ლუის კომპანისი, ჟოზეფ ტარადელასი და სხვები, ესპანეთის მეორე რესპუბლიკისა და კატალონიის რეგიონის პოლიტიკური ურთიერთიერთობების, სამოქალაქო ომის და ანტი-ფრანკოისტული მოძრაობის მნიშვნელოვანი მონაწილეები გახლდნენ. 2000-იანი წლებიდან, კატალონიის მემარცხენე რესპუბლიკური პარტია წარმოდგენილი იყო კატალონიის რამდენიმე კოალიციურ მთავრობაში. ამჟამად პოლიტიკური სუბიექტის წარმომადგენლები პერე არაგონესი და როჟერ ტორენტი იკავებენ ისეთ მნიშვნელოვან თანამდებობებს, როგორიცაა კატალონიის პარლამენტის პრეზიდენტის და ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობები.

2017 წლის, კატალონიის დამოუკიდებლობის რეფერენდუმის და მისი თანმდევი პოლიტიკური რეპრესიების გამო, მემარცხენე რესპუბლიკელთა პარტია, განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ მოექცა.

კატალონიის მემარცხენე რესპუბლიკური პარტია რეგიონის უძველესი პარტია და, ამასთანავე, ერთადერთია, რომელიც დაარსების დღიდან მხარს უჭერდა კატალონიის დამოუკიდებლობის იდეას. პოლიტიკური სუბიექტის დაარსება უკავშირდება 1931 წლის მარტში გამართულ კატალონიელ მემარცხენეთა კონფერენციას.

კატალონიის მემარცხენე რესპუბლიკურმა პარტიამ წარმატებას ძალიან მალე მიაღწია და 1931 წლის მუნიციპალურ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა. 1932 წლის მარტში ესპანელმა რესპუბლიკელებმა კატალონიის ავტონომიის სტატუსი დაამტკიცეს, რომლის მიხედვითაც რეგიონი ფართო უფლებრივი არსენალით აღიჭურვა. აღსანიშნავია, რომ კატალონიის პარლამენტმა მნიშვნელოვანი კანონშემოქმედებითი როლი შეიძინა. განვითარებული მოვლენების ფონზე წარმატების მომტანი აღმოჩნდა 1932 წლის კატალონიის პარლამენტის არჩევნები მემარცხენე რესპუბლიკური პარტიისათვის, რომელმაც სხვა მემარცხენე პოლიტიკურ სუბიექტებთან ერთად კოალიციაში მანდატების აბსოლუტური უმრავლესობა მოიპოვა (67 მანდატი 85-დან).

1934 წელს კატალონიის გენერალიტეტის ლიდერმა, ლუის კომპანისმა კატალონიის დამოუკიდებლობა გამოაცხადა. რეგიონში შიშობდნენ, რომ მადრიდის პოლიტიკურ ცხოვრებაში დაწინაურებული მემარჯვენე ძალები ფაშისტურ გზას აირჩევდნენ, რაც საფრთხის შემცველი იქნებოდა კატალონიის ავტონომიისათვის. ესპანეთი სულ უფრო ემსგავსებოდა მუსოლინის იტალიას და ჰიტლერის გერმანიას. ესპანეთის არმიამ მალევე აღკვეთა კატალონიელი პოლიტიკოსების მცდელობა, მოეპოვებინათ დამოუკიდებლობა რეგიონისთვის. კატალონიის მთავრობის წევრები დააკავეს, მათი ბედი გაიზიარეს პარტიულმა ლიდერებმაც.

1936 წელს კატალონიის მემარცხენე რესპუბლიკური პარტია „სახალხო ფრონტის“ საარჩევნო კოალიციას ჩაუდგა სათავეში. პარალელურად მადრიდში კვლავ დაწინაურებულმა, მემარცხენე პოლიტიკურმა ფლანგმა შეიწყალა კომპანისი და სხვა კატალონიელი პოლიტიკური ლიდერები, რეგიონის ავტონომიური სტატუსი კვლავ ამოქმედდა. მემარცხენე რესპუბლიკელები, წარმოადგენდნენ რა მმართველი კოალიციის უმსხვილეს პარტიას, ცდილობდნენ კატალონიაში ერთიანობის განმტკიცებას, დაპირისპირებული ანარქისტული, კომუნისტური, მუშათა გაერთიანებების და სხვა ჯგუფების გაერთიანებას, ეს პარტიულ ფილოსოფიას წარმოადგენდა, ფრანკოს რეჟიმის მოახლოებასთან ერთად.

ესპანეთის სამოქალაქო ომმა უდიდეს მსხვერპლთან ერთად განსაკუთრებულად მძიმე შედეგები კატალონიას და მის დემოკრატიულ ინსტიტუციებს მოუტანა, აიკრძალა თავისუფალი პრესა, განადგურდა მემარცხენე ოპოზიცია, კატალონიის ავტონომია გაუქმდა, ხოლო ენა და კულტურა დევნის ობიექტად იქცა, მემარცხენე რესპუბლიკური პარტია კანონგარეშედ გამოცხადდა, მისი მოღვაწეობა აიკრძალა. უამრავი პოლიტიკური ლიდერი ემსხვერპლა რეჟიმს, მათ შორის ლუის კომპანისი, რომელმაც თავდაპირველად გაქცევა მოახერხა, თუმცა ნაცისტმა აგენტებმა ის დააკავეს და ესპანელებს გადასცეს, რომლებმაც 1940 წელს, ლუისი სიკვდილით დასაჯეს. 1939 წლიდან მემარცხენე რესპუბლიკელები იწყებენ ანტი-ფაშისტური საიდუმლო წინააღმდეგობების ორგანიზებას, ორგანიზაციული ბირთვი საფრანგეთში, ქალაქ ტულუზაში ინაცვლებს.

გენერალ ფრანკოს სიკვდილის შემდეგ მემარცხენე რესპუბლიკური პარტიის უმთავრეს ამოცანად მშობლიურ რეგიონში დაბრუნება იქცა. თავდაპირველად პრობლემას წარმოადგენდა თავად პარტიის სახელი „რესპუბლიკური“, რომელიც მიანიშნებდა კონკრეტული წყობის ფორმაზე, რაც ახალი ესპანური ლეგალური სისტემისათვის 1970-იან წლების დასაწყისში მიუღებელი აღმოჩნდა. საწყისი ეტაპისათვის პარტიამ ელექტორალური, კოალიციური ალიანსებით მოსინჯა მშობლიურ კატალონიაში დაბრუნების გზები, ხოლო 1977 წელს პარტიის დამფუძნებელი ჟოზეფ ტარადელასი ახერხებს ბარსელონაში ჩასვლას. აღსანიშნავია, რომ კატალონიას 1970-იანი წლების მიწურულს უბრუნდება მცირე, მაგრამ მაინც ავტონომიური უფლებები, აღდგა გენერალიტეტი, როგორც კოლეგიალური ორგანო, შესაბამისად, 1980 წლის ახლად აღდგენილი პარლამენტის კენჭისყრა უდიდესი მნიშვნელობის გამოდგა რეგიონის პოლიტიკური სუბიექტებისთვის. ხსენებული არჩევნები წარმატებული არ აღმოჩნდა მემარცხენე რესპუბლიკელთათვის, პარტიამ 135 მანდატიდან მხოლოდ 14-ის მოპოვება მოახერხა. 1984 წელს, 14-ის ნაცვლად პარტია მხოლოდ 5 მანდატს დასჯერდა, რაც პარტიული კრიზისის დასაწყისის მანიშნებელი იყო. პარალელურად, ძალებს იკრებდნენ ნაციონალისტური მემარჯვენე და ცენტრისტული პარტიები კატალონიის რეგიონში.

1990-იანი წლების დასაწყისი კატალონიის მემარცხენე რესპუბლიკური პარტიისათვის წარმატებული აღმოჩნდა და პოლიტიკური სუბიექტის საპარლამენტო წარმომადგენლობა 1993 წელს 11 მანდატამდე გაიზარდა, ხოლო 1995 წელს მემარცხენე რესპუბლიკელებმა 13 მანდატის მოპოვება მოახერხეს, პარტია იქცა მესამე ძალად რეგიონში. აღსანიშნავია, რომ მალევე მნიშვნელოვანი შიდაპარტიული კრიზისის გამო, მემარცხენე რესპუბლიკურ პარტიას პოლიტიკოსები ანხელ კოლომი და პილარ რაიოლა გამოეყვნენ. მათ ახალი, დამოუკიდებლობის პარტია დააარსეს, თუმცა 1999 წელს ადგილობრივ არჩევნებში განცდილი წარუმატებლობის გამო პოლიტიკური სუბიექტი დაიშალა, მისმა ლიდერმა რაიოლამ მანდატის მოპოვებაც კი ვერ მოახერხა.

1996 წელს გაიმართა ძალზე მნიშვნელოვანი პარტიული კონგრესი, სადაც კატალონიელმა მემარცხენე რესპუბლიკელებმა, ჯოზეფ-ლუის კაროდ-როვირას ლიდერად არჩევასთან ერთად, შეიმუშავას ახალი პარტიული კონცეფცია. გადაწყდა რეგიონის დამოუკიდებლობის საკითხი აღარ ყოფილიყო პარტიული პოლიტიკის გენერალური მიმართულება, თუმცა მემარცხენე რესპუბლიკური პარტია კვლავ რჩებოდა სუვერენიტეტის მომხრე პოლიტიკურ სუბიექტად. ცვლილებებმა, როგორც აღმოჩნდა, გაამართლა და 2003 წელს მემარცხენე რესპუბლიკელებს კატალონიის პარლამენტში 23 მანდატი ერგოთ. მოპოვებულმა წარმატებამ პარტიას მისცა საშუალება, გამხდარიყო მთავარი პარტია რეგიონში და ჩამოეყალიბებინა „პროგრესული პაქტის“ მეშვეობით კოალიციური მთავრობა. ხუთ სამინისტრო პოსტთან ერთად, პარლამენტის პრეზიდენტის თანამდებობაც პარტიის წევრ არნესტ ბანაკს ერგო, რომელიც პოზიციას 2010 წლამდე ინარჩუნებდა.

აღნიშვნის ღირსია, რომ 2006 წელს კატალონიის მემარცხენე რესპუბლიკური პარტია წინააღმდეგი იყო ადგილობრივი ავტონომიური სტატუსის ცვლილებისა, პარტია, როგორც დამოუკიდებლობის მომხრე პოლიტიკური სუბიექტი, მაქსიმალისტურ მოთხოვნებს უყენებდა მადრიდს.

წარმატებასთან ერთად, კატალონიის მემარცხენე რესპუბლიკურ პარტიას წინ სერიოზული კრიზისი ელოდა. 2009 წელს ესპანეთის გენერალურმა პროკურორმა 730 კორუფციული საქმის შესახებ ამცნო საზოგადოებას, მათ შორის იყო ბრალდებები მემარცხენე რესპუბლიკური პარტიის წინააღმდეგაც. ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური კორუფციული სქემა უკავშირდებოდა კატალონიის მუნიციპალიტეტებს. ბრალი უკანონო ფულადი ბონუსების მიღებაში ედებოდათ კატალონიის მემარცხენე რესპუბლიკური პარტიის ოთხ მოქმედ და ორ ყოფილ მერს, ასევე ორ დეპუტატს. მცდელობების მიუხედავად, პროკურატურამ ვერ მოახერხა ბრალდებულთათვის დანაშაულის დამტკიცება.

დამოუკიდებლობის რეფერენდუმი და პოლიტიკური რეპრესიები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კატალონიის დამოუკიდებლობის რეფერენდუმი წარმოადგენდა უაღრესად რეზონანსულ მოვლენას, რომელმაც როგორც ესპანეთში, ისე მთლიანად ევროპაში შექმნა პოლიტიკური ტურბულენტობა. კატალონიის მემარცხენე რესპუბლიკური პარტია, როგორც რეგიონის დამოუკიდებლობის მომხრე, უძველესი პოლიტიკური სუბიექტი, განვითარებული მოვლენების აქტიური მონაწილე გახდა.

2015 წელს დამოუკიდებლობის მომხრე პარტიებმა შექმნეს პოლიტიკური ალიანსი „ერთად დიახ“ (Junts pel Sí), რომლის რიგებშიც აღმოჩნდა კატალონიის მემარცხენე რესპუბლიკური პარტიაც. გაერთიანების მიზანი კატალონიის პარლამენტში აბსოლუტური უმრავლესობის მოპოვება იყო, რაც შესაძლებელს გახდიდა სუვერენიტეტის საკითხზე ლეგალურ პოზიციონირებას. მართალია, ალიანსმა მოახერხა საპარლამენტო არჩევნებში 39,6 %-ის მოპოვება და პირველი ადგილის დაკავება, თუმცა აბსოლუტური უმრავლესობისათვის ეს საკმარისი არ იყო, ამიტომ შედგა კიდევ ერთი გაერთიანება დამოუკიდებლობის მომხრე რადიკალურ პარტიასთან — „კანდიდატურა ეროვნული ერთობა“ (Candidatura d'Unitat Popular, CUP), შედეგად, უმსხვილესი სეცესიონისტური ბლოკი საჭირო 73 მანდატს ითვლიდა, რაც ამომრჩეველთა ხმების 53,3 %-ს წარმოადგენდა.

2015 წლის 9 ნოემბერს კატალონიის პარლამენტის წევრთა უმრავლესობამ 73 ხმით 62-ის წინააღმდეგ, მხარი დაუჭირა ესპანეთისგან რეგიონის გამოყოფას. საკანონმდებლო პროცესს წინ უძღვოდა კატალონიის კონსტიტუციური სასამართლოს 11 მოსამართლის გადაწყვეტილება, რომელმაც მსგავსი სეცესიონისტური კანონპროექტის, პარლამენტში განხილვა დასაშვებად მიიჩნია. მას შემდეგ, რაც მემარცხენე რესპუბლიკელებმა და კატალონიის დამოუკიდებლობის მომხრე სხვა პარტიებმა რეფერენდუმის საკითხის დამტკიცება მოახერხეს, გადაწყდა 18-თვიანი მოსამზადებელი გეგმის შემუშავება, რომელიც ითვალისწინებდა სამთავრობო სტრუქტურების და ახალი კონსტიტუციის ტექსტის შექმნას. მოვლენების მსგავსი განვითარება მიუღებელი აღმოჩნდა ესპანეთის საკონსტიტუციო სასამართლოსათვის, რომელმაც კატალონიის გამოყოფა ანტი-კონსტიტუციურად გამოაცხადა.

კატალონიის დამოუკიდებლობის რეფერენდუმი 2017 წლის 1 ოქტომბრისათვის ჩაინიშნა. მთავარი კითხვა მარტივად იყო ფორმულირებული: „გსურთ, რომ კატალონია გახდეს დამოუკიდებელი სახელმწიფო რესპუბლიკური წყობით“. მიუხედავად მადრიდის ცდელობისა საპოლიციო ძალების მეშვეობით ჩაშლილიყო კენჭისყრის პროცესი, რეგიონის მოსახლეობამ მაინც მოახერხა საკუთარი არჩევანის დაფიქსირება, რომელმაც გამოავლინა, რომ მონაწილეთა 90 % დამოუკიდებლობის იდეას მიემხრო. 27 ოქტომბერს კატალონიის პარლამენტმა დამოუკიდებლობა გამოაცხადა. ოფიციალურმა მადრიდმა არ აღიარა რეგიონის გამოყოფა და პოლიტიკოსების დაკავება დაიწყო. 13 წლით პატიმრობა შეეფარდა მემარცხენე რესპუბლიკური პარტიის ლიდერს ორიოლ ჟუნკერესს, მასთან ერთად გასამართლდნენ სხვა ლიდერებიც. 2019 წელს, მართლმსაჯულების ევროპული სასამართლოს უმაღლესმა ინსტანციამ უკანონოდ მიიჩნია პარტიის ლიდერის პატიმრობა, ვინაიდან ორიოლი დაკავების მომენტში ფლობდა დეპუტატის იმუნიტეტს, ამასთანავე იყო ევროპული პარლამენტის წევრიც.

2017 წლის 21 დეკემბერს გაიმართა ახალი საპარლამენტო არჩევნები, რომელშიც კატალონიის მემარცხენე რესპუბლიკურმა პარტიამ 32 მანდატი მოიპოვა და კვლავ დარჩა სამთავრობო კოალიციის შემადგენელ ნაწილად.

კატალონიის მემარცხენე რესპუბლიკური პარტია უმთავრეს ამოცანად ისახავს სამართლიანი და სოლიდარული საზოგადოების ფორმირებას, უთანასწორობის აღმოფხვრას ადამიანებს და ტერიტორიულ ერთეულებს შორის, ხოლო ამის მისაღწევად თავისუფალი კატალონიის რესპუბლიკის შექმნა მიაჩნია საჭიროდ. გენერალური პოლიტიკური პრინციპები ჯერ კიდევ XIX საუკუნეში იყო პარტიის მიერ განმარტებული, რომელთა ამოკითხვაც მარტივად არის შესაძლებელი: „Esquerra“ აღნიშნავს მემარცხენე პოლიტიკურ ვექტორს, „República“ აღნიშნავს რესპუბლიკურ იდეას, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის მონარქისტულ იდეასთან (ესპანეთი ამჟამად სწორედ კონსტიტუციურ მონარქიას წარმოადგენს). „Catalunya” არის პირდაპირი ხაზგასმა დამოუკიდებლობის იდეისა, რასაც კატალონიის მემარცხენე რესპუბლიკური პარტია დაარსების დღიდან უჭერს მხარს. პოლიტიკური სუბიექტი მოცემული მომენტისთვის ევროპულ კონტინენტზე საკმაოდ იშვიათ მემარცხენე ნაციონალისტურ გაერთიანებას წარმოადგენს, რომელიც სოციალისტურ იდეებთან და სოლიდარობის საკითხთან ერთად, პრიორიტეტულად ეროვნულ და კულტურულ მნიშვნელობებს მოიაზრებს.[5]

კატალონიის პარლამენტი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
კატალონიის პარლამენტი
არჩევნები ხმები % # Seats +/– წამყვანი კანდიდატი სტატუსი
1932 224 800 47,1 პირველი
56 / 85
ფრანსესკ მასია მთავრობა
ფრანკოს დიქტატურა
1980 240 871 8,90% მეხუთე
14 / 135
ერიბერტ ბარერა მხარდამჭერი
1984 126 943 4 41% მეხუთე
5 / 135
9 ერიბერტ ბარერა კოალიციაში
ოპოზიციაში
1988 111 647 4 14% მეხუთე
6 / 135
1 ჟოან ორტალა ოპოზიციაში
1992 210 366 7,96% მესამე
11 / 135
5 ანხელ კოლომი ოპოზიციაში
1995 305 867 9,49% მეხუთე
13 / 135
2 ანხელ კოლომი ოპოზიციაში
1999 271 173 8,67% მეოთხე
12 / 135
1 ჯოზეფ-ლუის კაროდ-როვირა ოპოზიციაში
2003 544 324 16,44% მესამე
23 / 135
11 ჯოზეფ-ლუის კაროდ-როვირა კოალიციაში
ოპოზიციაში
2006 416 355 14,03% მესამე
21 / 135
2 ჯოზეფ-ლუის კაროდ-როვირა კოალიციაში
2010 219 173 7,00% მეხუთე
10 / 135
11 ჟოან პუიგსერსოსი ოპოზიციაში
2012 კატალონიის მემარცხენე რესპუბლიკური პარტია და „კატალონია დიახ“
19 / 135
9 ორიოლ ჟუნკერასი მხარდამჭერი
2015 კატალონიის მემარცხენე რესპუბლიკური პარტია და „ერთად დიახ“
24 / 135
5 ორიოლ ჟუნკერასი კოალიციაში
2017 კატალონიის მემარცხენე რესპუბლიკური პარტია და „კატალონია დიახ“
30 / 135
6 ორიოლ ჟუნკერასი კოალიციაში
კოალიციაში
2021 605 529 21,29% მეორე
33 / 135
3 პერე არაგონესი კოალიციაში

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. კატალონიის საპარლამენტო არჩევნებში დამოუკიდებლობის მომხრე პარტიები ლიდერობენ
  2. ესპანური ბოლთისცემა დასრულდა
  3. Jaume Renyer Alimbau, ERC: temps de transició. Per una esquerra forta, renovadora i plural (Barcelona: Cossetània, 2008).
  4. Qui som. ციტირების თარიღი: 12 January 2020
  5. Declaració ideològica. Esquerra Republicana. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-12-04. ციტირების თარიღი: 2022-12-07.