კარლ ფონ ჰანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

კარლ ფონ ჰანი (29 აპრილი 1848, ფრიდრიხშტალი (ვიურტემბერგი)  – 16 აგვისტო 1925, თბილისი) – გერმანელი კავკასიოლოგი, ქართველოლოგი, ძველბერძნული და გერმანული ენების პედაგოგი

კარლ ფონ ჰანი
გერმანელი კავკასიოლოგი
დაბადების თარიღი 29 აპრილი, 1848
გარდაცვალების თარიღი 16 აგვისტო 1925

ადრეული ცხოვრება და განათლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კარლ ფონ ჰანმა განათლება ვიურტემბერგში, გერმანიაში მიიღო, შემდგომ კი სწავლა ტიუბინგენისა და ნოვოროსიის (ოდესა) უნივერსიტეტებში გააგრძელა ფილოსოფიისა და თეოლოგიის ფაკულტეტზე. მამამისი, ფრიდრიხ ჰანი (1809-1878) მუშაობდა ფრიდრიხშტალში მდებარე მეტალურგიულ ქარხანაში, დედა კი იყო მარგარიტა ჰაინრიკ შარლოტი. ფონ ჰანი საქართველოში 1872 წელს, 24 წლის ასაკში ჩამოდის. იმავე წელს, როდესაც იგი კავკასიის მთავარმართებლის - მიხეილ ნიკოლოზის ძის შვილთა აღმზრდელი ხდება.

პროფესიული საქმიანობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1874 წელს, კარლ ფონ ჰანი იწყებს თბილისის გიმნაზიებში ლათინური, ძველბერძნული და გერმანული ენების სწავლებას, 1906 წლიდან 1909 წლამდე კი ხდება თბილისის ქალთა პირველი გიმნაზიის დირექტორი. გარდა გიმნაზიებში სწავლებისა, გერმანელმა კავკასიოლოგმა თავისი მოღვაწეობის განმავლობაში გამოაქვეყნა მრავალი კვლევა და გამოსცა წიგნები კავკასიის შესახებ, მათ შორის კი საქართველოს კულტურის, გეოგრაფიის, ისტორიისა და ეთნოგრაფიის შესახებ. მისი ნაშრომების დიდი ნაწილი დაფუძნებული იყო იმ წყაროებზე კავკასიის შესახებ, რომლებიც გაფანტული იყო ანტიკურ ბერძნულ, რომაულ და ბიზანტიურ ლიტერატურაში და სწორედ ყოველივე ამას მოუყარა თავი კარლ ფონ ჰანმა. იგი იყო საპატიო წევრი ისეთი საზოგადოებებისა, როგორიც იყო რუსეთის სამეცნიერო საზოგადოების კავკასიის განაყოფი, მოსკოვის არქეოლოგიური საზოგადოების კავკასიის განაყოფი და რუსეთის გეოგრაფიული საზოგადოების კავკასიის განაყოფი.

კავკასიოლოგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კარლ ფონ ჰანის ძირითად ნაშრომს წარმოადგენს ორტომეული წიგნი - „ინფორმაცია კავკასიის შესახებ ნაპოვნი ანტიკურ ბერძნულ და რომაულ ნამუშევრებში“, რომელთაგან პირველ ტომში, როგორც ავტორი იუწყება[1], მოცემულია ინფორმაცია კავკასიის შესახებ ჰომეროსიდან მოყოლებული ჩვ. წ. მე-6 საუკუნემდე, მეორე ტომში კი მე-6 საუკუნიდან მე-15 საუკუნემდე. ფონ ჰანს გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ მესამე ტომიც გამოეცა, რომელშიც იქნებოდა შუა საუკუნეების იტალიური წყაროებიდან შეგროვებული ინფორმაცია კავკასიის შესახებ, თუმცა მხოლოდ ერთი იტალიელი კათოლიკე მისიონერის - არქანჯელო ლამბერტის ნაშრომი თარგმნა და გამოაქვეყნა სამეგრელოს შესახებ. წიგნებისთვისა თუ სხვა სახის ნაშრომებისთვის, გერმანელი ქართველოლოგი იყენებდა ფაქტობრივად ყველა ანტიკური ავტორის წყაროებს დაწყებული ჰომეროსით, ჰესიოდით, ჰეროდოტუსით, ჰიპოკრატეთი და დემოსტოთენესით, დასრულებული პლატონით, არისტოტელეთი, აპოლონიუსითა და ფლავიუსით. 1909 წელს 5 ნაწილად დაიბეჭდა მისი შემდგომი ნაშრომი „ქალაქ თბილისის წარსულიდან, დასაბამიდან რუსების შემოსვლამდე“ გერმანულენოვან გაზეთში - „კაუკაზიშე პოსტი“. კარლ ფონ ჰანი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს თამარ მეფესა და მისი მეფობის პერიოდს საქართველოში თავის ნაშრომებში, მის პერიოდს ოქროს ხანას უწოდებს და აღნიშნავს, რომ სწორედ მისი მეშვეობით იქცა საქართველო აღმოსავლეთის ერთ-ერთ უძლიერეს სახელმწიფოდ.[2] ფონ ჰანი თითქმის ყოველ წელს აწყობდა ექსპედიციებს როგორც საქართველოში, ასევე სომხეთსა და აზერბაიჯანში, რა დროსაც მოიარა გვერიშის ხეობა, ლაჯანურის ხეობა, რიონის ხეობა, თუშეთი, ფშავი და მრავალი სხვა ადგილი. აქედან გამომდინარე, 1913 და 1915 წლებში გამოსცა „მოკლე სამოგზაურო გზამკვლევი კავკასიაში“ და „პრაქტიკული რჩევები და გამოსადეგი ინფორმაცია კავკასიის მთებში მთასვლელთათვის“. გარდა გეოგრაფიის და ისტორიისა, კარლ ფონ ჰანი ასევე დაინტერესებული იყო კავკასიის გეოლოგიითა და ჰიდროლოგიით და სწორედ ამიტომ, თავისი სამოგზაურო გამოცდილებიდან გამომდინარე გამოაქვეყნა ნაშრომები „ჩანაწერები კავკასიის მყინვარებისა და ტბების შესახებ“, „კავკასიის მინერალური წყლების შესახებ”, „კავკასიის ძირითადი მდინარეების სურათები“ და „კავკასიის მიწისძვრების შესახებ“. გერმანელი კავკასიოლოგი გაზეთ „ტიფლისკი ლისტოკის“ 1911 წლის ნომერში ასევე აღნიშნავს მოგზაურობისას ნანახ არქიტექტურას, კერძოდ კი ტაძრებისას და წერს, თუ რამდენად განსხვავდება იგი ბიზანტიური ეკლესიებისგან.

პირადი ცხოვრება.[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1875 წელს, 27 წლის კარლ ფონ ჰანი ქორწინდება 19 წლის ჰელენ ფონ ფრანკენზე, რომელიც იყო მხატვრების - პოლ ფონ ფრანკენისა და ჰელენ კებერის ქალიშვილი.

სამხედრო საქმიანობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1870-1871 წლებში, საქართველოში გამომგზავრებამდე 1 წლით ადრე, ფონ ჰანმა იბრძოლა საფრანგეთ-პრუსიის ომში, ხოლო შემდეგ, 1877-1878 წლებში რუსეთ-ოსმალეთის ომში წარმოადგენდა რუსულ წითელ ჯვარს და სწორედ ამიტომ, 1898 წელს დაჯილდოვდა რუსეთის წინაშე გაწეული სამსახურის გამო.

გარდაცვალება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კარლ ფონ ჰანი გარდაიცვალა 1925 წლის 16 აგვისტოს, თბილისში, 77 წლის ასაკში და დაკრძალულია აქვე.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • კარლ ფონ ჰანი. "კავკასიიდან". ლაიფციგი, 1892.
  • გაზეთი "კაუკაზიშე პოსტი", 1909, 10-14, 1912.
  • Deutsche Biographische Enzyklopaedie (DBE), Vol. 4, München, London, Paris.
  • L. Melikset-Beck, op. cit., p. 5; Deutsche Biographische Enzyklopaedie (DBE), Vol. 4.
  • L. Melikset-Beck, “Carl von Hahn,” Izvestia Kavkazskogo istoriko-arkheologicheskogo instituta, Vol. 4.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Carl von hahn/Gocha Saitidze. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-08-04. ციტირების თარიღი: 2021-08-04.
  2. კარლ ფონ ჰანი/ლევან ბრეგაძე