კაუკაზიშე პოსტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

კაუკაზიშე პოსტი (გერმ. Kaukasische Post) — ყოველკვირეული გერმანული გაზეთი 1906 წელს გერმანელმა მეწარმემ, კურტ ფონ კუჩენბახმა დააარსა თბილისში. თავდაპირველად მისი რედაქტორი და გამომცემელი ფორმალურად იყო კუჩენბახი, ფაქტობრივად კი — გერმანელი მწერალი და ჟურნალისტი არტურ ლაისტი. შემდეგ რედაქტორობა მთლიანად მას გადაეცა და სამი წელი რედაქტორობდა, კერძოდ 1909 წლის 21 ივნისამდე. არტურ ლაისტის შემდეგ, გაზეთის რედაქტორები და რედაქციის შემადგენლობა რამდენჯერმე შეიცვალა.

გაზეთის გამოცემა შეწყდა პირველი მსოფლიო ომის დროს, 1914 წლის 3 აგვისტოს. 1918–1922 წლებში „კაუკაზიშე პოსტი“ კვლავ აღდგა, ოღონდ შეცვლილი პროგრამით და განსხვავებული მოცულობით. გამოცემა ორგვერდიანი გახდა და გამოდიოდა კვირაში ორჯერ. განახლებული გაზეთის რედაქტორი იყო ლ. როთეკერი.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თავდაპირველად, „კაუკაზიშე პოსტი“ იყო ჟურნალის ფორმატის მრავალგვერდიანი გაზეთი. იბეჭდებოდა გოთური შრიფტით. იშვიათი იყო ილუსტრაციები და ფოტოები. ის პირველი გერმანულენოვანი ორგანოა, რომელიც საქართველოში გამოვიდა. მისი მიზანი იყო კავკასიაში მცხოვრები გერმანელების ყოფა-ცხოვრების ასახვა, მათთვის რჩევების მიცემა, გერმანული კულტურის გაცნობა, ვინაიდან კავკასიაში გერმანელების განათლების დონე იმ პერიოდში ძალიან დაბალი იყო, აგრეთვე, მათთვის მშობლიურ ენაზე მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიწოდება. თუმცა, გაზეთი კავკასიაში მცხოვრები მცირე ერების ცხოვრებასა და კულტურასაც ეხმიანება, განსაკუთრებული ყურადღება კი საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ეთმობა.

მიუხედავად იმისა, რომ გაზეთს მრავალი საკითხი ჰქონდა გასაშუქებელი, მაინც დიდი წვლილი შეიტანა ქართული ლიტერატურისა და საერთოდ, ქართული ყოფის გერმანელი მკითხველისთვის გაცნობის საქმეში. მიუხედავად იმისა, რომ გაზეთი მთელ ამიერ და იმიერკავკასიაში ცხოვრებას ასახავდა, მაინც გარკვეულწილად, ქართულ ყოფას წერდა. მის პირველსავე ნომერში დაიწყო ბეჭდვა ვრცელი გამოკვლევისა „გერმანული კოლონიები ამიერკავკასიაში“ (Die deutschen Kolonien in Transkaukasien), რომელიც A. F. ინიციალით არის ხელმოწერილი. სავარაუდოდ, მისი ავტორი რედაქციის წევრი ალექსანრე ფუფაევია. წერილში განხილულია გერმანელი მოახალშენეების ამოცანებთან დაკავშირებული თეორიული და პრაქტიკული საკითხები. აღნიშნულია ეროვნული ინტერესების ერთიანობის იდეა და მათი უპირატესობა სოციალურ და პოლიტიკურ ინტერესებთან შედარებით. საინტერესოა წერილში მოცემული ცნობები, თუ რა სავალალო მდგომარეობაში იყო საქართველო XIX საუკუნის დასაწყისში, როცა აქ გერმანელები ჩამოსახლდნენ და როგორი პროცესი განიცადა მან 90 წლის განმავლობაში. 1912 წლის მეორე ნომრიდან გაზეთი აქვეყნებს კიდევ ერთ ვრცელ ნაშრომს ამავე თემაზე, სათაურით „გერმანელების გამომგზავრება ამიერკავკასიისკენ“ (Einwanderung der Deutschen nach Transkaukasien), რომელიც იმავე ავტორს უნდა ეკუთვნოდეს, რომელიც ხელმოწერილია A. F. – TIflIs. გაზეთში მრავალი წერილი და მხატვრული ნაწარმოები იბეჭდება (თვით არტურ ლაისტის), მათ შორის, ქართულ თემატიკაზე. ესაა მწერლის ორი მოთხრობა: „კატასტროფა“ (1906, №1-3) და „ვარო“ (1908, №41-52). 1907 წლის მე-13 ნომერში იბეჭდება ილია ჭავჭავაძის მკვლელობასთან დაკავშირებით არტურ ლაისტის გამოსათხოვარი წერილი მეგობართან, რომელსაც ახლავს ილიას ფოტო და აქვე იბეჭდება მისი სამი ნაწარმოების ლაისტისეული თარგმანი. ესენია: „კაკო ყაჩაღის“ შესავალი, სათაურით „ბინდი ალაზნის ველზე“, მდინარე არაგვისადმი მიძღვნილი მეხუთე თავი პოემიდან „აჩრდილი“, სათაურით „არაგვს“ და ლექსი „გაზაფხული“. ნეკროლოგში არტურ ლაისტი გერმანელ მკითხველს აცნობს ილია ჭავჭავაძის პიროვნებას, მის დამსახურებასა და როლს ქართველი ხალხის სულიერი ცხოვრების ამაღლებაში.

ვიკიციტატა
„ილია ჭავჭავაძე თვით უმცირესი ზომის ნაწარმოებებშიც უდიდეს იდეებს დებს“

გაზეთ „კაუკაზიშე პოსტის“ 1908 წლის 25-ე ნომერში, არტურ ლაისტი აკაკი წერეთლის საიუბილეო წერილში საუბრობს პოეტის შემოქმედებაზე. იგი აქვეყნებს აკაკის სამი ლექსის გერმანულ თარგმანს: „ჩემი სურვილი“, „სალამური“ და „ხალხური“ („მინდვრად ეგდო თეთრი ქვა...“). მესამე ქართველი მწერალი, რომლის მხატვრული შემოქმედება უთარგმნია არტურ ლაისტს და აქვეყნებს გაზეთში, ეს არის ანდრია დეკანოზიშვილი. მისი ფსიქოლოგიური ნოველა „პეპელა“ დაიბეჭდა „კაუკაზიშე პოსტის“ 1906 წლის მე-11 ნომერში. ქართული ლიტერატურის გარდა, გაზეთში იბეჭდება კავკასიის სხვა ხალხების კულტურის ამსახველი წერილებიც. მაგალითად, 1906 წლის მე-4 ნომერში დაბეჭდილია სომეხი პოეტის ალექსანდრე ცატურიანის ორი ლექსი და მცირე ბიოგრაფიული ცნობები. 1909 წლის 43-ე ნომერში დაიბეჭდა არტურ ლაისტის მიერ თარგმნილი საიათნოვას ორი ლექსი უსათაუროდ, დანომრილია რომაული ციფრებით. 1906 წელს გაზეთის მე-8 ნომერში გამოქვეყნდა წერილი „ოსური გაზეთი“, რომელიც არის ვლადიკავკაზში გამოსულ პირველ ოსურ გაზეთზე გამოხმაურება.1908 წლის 37-ე ნომერში არტურ ლაისტი გამოეხმაურა თბილისში გამოსულ აზერბაიჯანულ სატირულ–იუმორისტულ ჟურნალს „მოლა ნასრედინს“. „კაუკაზიშე პოსტის“ ფურცლებზე დაიბეჭდა საქართველოს ისტორიის ამსახველი სტატიებიც, რაც მნიშვნელოვანი იყო გერმანულენოვანი მკითხველისათვის საქართველოს ისტორიისა და კულტურის გასაცნობად. „კაუკაზიშე პოსტის“ თითქმის ყველა ნომერს ჰქონდა იუმორის კუთხე, სადაც უცხოური ანეკდოტები იბეჭდებოდა, თუმცა იყო ადგილობრივიც. მაგალითად, 1910 წლის 14 მარტის პირველ ნომერში დაბეჭდილი სამი ანეკდოტიდან, ერთი თბილისური სიუჟეტია, სათაურით „გახარებული ქათმები“. 1914 წლის 3 აგვისტოს, 31-ე ნომერში გაზეთის რედაქცია მკითხველს ატყობინებს, რომ საომარი მდგომარეობით გამოწვეული საწარმოო შეფერხებების გამო „კაუკაზუშე პოსტის“ გამოცემა დროებით შეწყვეტილია. ამ დროს რედაქტორი იყო ვალტერ ფონ ზასი, ხოლო გამომცემელი — იოანეს შლოინინგი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • შამილიშვილი მ., საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918–1921) : ენციკლოპედია-ლექსიკონი, თბ.: უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2018. — გვ. 217.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]