იტალია-საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეკონომიკური ურთიერთობები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
საქართველო-იტალიის ურთიერთობები
Map indicating locations of Italy and Georgia

იტალია

საქართველო

იტალია-საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეკონომიკური ურთიერთობებისაქართველოს ეკონომიკურ ურთიერთიერთობებს იტალიასთან საფუძველი ჩაეყარა 1919 წლიდან. ამაში გადამწყვეტი როლი შეასრულა 22 აპრილს პარიზის კონფერენციის „ოთხთა საბჭოზე“ მიღებულმა გადაწყვეტილებამ, რომლის შესაბამისად, დიდი ბრიტანეთის შეიარაღებულ ძალთა მიერ ამიერკავკასიის დატოვების შემთხვევაში საქართველოსა და აზერბაიჯანზე მანდატი უნდა გადასცემოდა იტალიას. 12 მაისს თბილისში ჩამოვიდა იტალიის სამთავრობო მისია მელკიადე გაბას ხელმძღვანელობით, რომელსაც ამიერკავკასიაში არსებული პოლიტიკურ-ეკონომიკური ვითარება უნდა შეესწავლა. იტალიის მთავრობას საქართველოში მკაფიოდ განსაზღვრული ინტერესები ამოძრავებდა. იგი დაინტერესებული იყო ადგილობრივი ბუნებრივი რესურსებით, აბრეშუმით, თამბაქოთი და ხე-ტყით.

ივნისის ბოლოს იტალიის მთავრობის სათავეში მოვიდა ახალი პოლიტიკური ძალა, რომელმაც ქვეყნის კურსი ამიერკავკასიასთან მიმართებაში კარდინალურად შეცვალა. ამის შედეგად, თბილისში მყოფ მ. გაბას მისიას ჩამოერთვა სამხედრო-პოლიტიკური საკითხების გადაჭრის პრეროგატივა და მთელი მისი მოღვაწეობა ამიერიდან წარიმართა დიპლომატიური კონტაქტების შემდგომი განვითარებისა და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების აქტივიზაციის ხაზით. საქართველოს მთავრობის საკონცესიო პოლიტიკაც ძირითადად გამოვლინდა იტალიასთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის განვითარებით. ეს განაპირობა იმ გარემოებამ, რომ დასავლეთ ევროპის ქვეყნებიდან ყველაზე მეტად იტალია იყო დაინტერესებული საკუთარი ნედლეულისა და სათბობის დეფიციტი შეევსო საქართველოს ბუნებრივი რესურსებით. სექტემბერში საქართველოში ჩამოვიდა იტალიის სამრეწველო-საფინანსო ოლიგარქიის წარმომადგენელი, მსუბუქი მრეწველობის საწარმოებისგან შემდგარი კონცერნის ადმინისტრატორ-რწმუნებული ალბერტო კორსი. მან ადგილობრივ საქმიან წრეებთან და სამთავრობო სტრუქტურებთან ეკონომიკური ხასიათის მოლაპარაკებები აწარმოა. ამ ვიზიტის უშუალო გაგრძელება იყო 1920 წლის ზამთრის მიწურულს საქართველოში მოწყობილი იტალიის საქმიანი წრეების უფრო მაღალი წარმომადგენლობითი მისია. პარალელურად, იმავე მიზნით რომში ჩავიდა საქართველოს სამთავრობო მისია, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდნენ: საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე კ. საბახტარაშვილი (ხელმძღვანელი), ფ. გოგიჩაიშვილი, ეკონომიკური მრჩევლები: ვ. ვოიტინსკი, ნ. ჯაყელი და სხვ. მათ მოღვაწეობას უკავშირდება 1919 წლის 21-22 ნოემბერს რომში გამართულ მოკავშირე სახელმწიფოთა უმაღლესი ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე საქართველოსათვის პურის მოწოდების საკითხის გადაწყვეტა.

საქართველო-იტალიის ეკონომიკური ურთიერთობის ისტორიის მნიშვნელოვანი ფაქტია ქართული ფულის ნიშნების დასამზადებლად საჭირო ქაღალდის მასალის შეკვეთა რომის ზარაფხანაში. 1919 წლის 13 დეკემბერს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ს. ავალიანმა, მთავრობას წარუდგინა მოხსენება „იტალიაში სახელმწიფო ქაღალდების დამამზადებელი ექსპედიციისათვის აუცილებელი 520 ათასი ფურცელი ქაღალდის შესაძენად 1 მლნ 200 ათასი ლირის ღირებულების საქონლის გაზიდვის უფლების შესახებ“. 1920 წლის დასაწყისში თამბაქოს რეალიზაციით მიღებული ვალუტით იტალიაში შეიძინეს ფულის ნიშნებისათვის საჭირო ჭვირნიშნებიანი ქაღალდი და საღებავები. ამ ქაღალდზე დაიბეჭდა 5 000-მანეთიანები, რომლებიც მიმოქცევაში 1921 წლის დასაწყისში გამოვიდა. 1920 წლის ივლისისათვის იტალიიდან შემოიტანეს 24 374 ტონა სხვადასხვა საქონელი, რომლის საქართველოს ბაზარზე რეალიზების საერთო თანხამ 80 მლნ 194 2 ლირას მიაღწია. იტალიის ელჩის, ვ. ჩერუტის, მონაცემებით, ჩვენი ქვეყნის საქონელბრუნვის საერთო მოცულობამ 1920 წელს შეადგინა 5 მლნ გ. სტერლინგი (იმპორტი 3, ექსპორტი 2). აქედან მნიშვნელოვანი წილი იტალიას ეკუთვნოდა. ჩვენში იმპორტირებული საქონლის 70% და სატრანსპორტო გადაზიდვების 60% იტალიური იყო. საქართველოს ნედლეულის ექსპორტზე იტალიის კავკასიური ბანკის მიერ გაცემული სესხი 80 მლნ ლირას აჭარბებდა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ჯავახიშვილი ნ., „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921), ენციკლოპედია-ლექსიკონი“, უნივერსიტეტის გამომცემლობა, გვ. 375-376, თბ., 2018 წელი.