შინაარსზე გადასვლა

ქვათახევი

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ქვათახევის მონასტერი)
ქვათახევი

ქვათახევი, ან ქვაბთახევი — XII-XIII საუკუნეების ქართული მონასტერი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ წინარეხიდან 5 კმ-ზე, მდ. კავთურის სათავესთან.

ქვათახევის სამონასტრო კომპლექსში შედის მთავარი ტაძარი, სატრაპეზო, კოშკი და სენაკები. თავდაპირველად დედათა მონასტერი იყო. ქვათახევის ტაძარი ხუროთმოძღვრული ფორმებითა და მორთულობით ახლოს დგას ბეთანიის ტაძართან. იგი XII-XIII საუკუნეების მიჯნით თარიღდება და მიეკუთვნება იმ ძეგლთა ჯგუფს, რომლებშიც საბოლოოს შემუშავდა ქართული გუმბათოვანი ეკლესიის კანონიკური ფორმები (დამოკლებული და კვადრატს მიახლოებულია გეგმა, გუმბათი საყრდენად 4 თავისუფლად მდგარი ბოძის ნაცვლად დარჩენილია ბოძების ერთი წყვილი, მეორე - აღმოსავლეთით წყვილი კი საკურთხევლის კედლებთანაა შერწყმული; აღარ არის პატრონიკეები, შენობის კორპუსი რამდენადმე დადაბლებულია, გუმბათის ყელი კი წაგრძელებული).

ქვათახევის ტაძარში შიგა სივრცე შექმნილი ჯვრის მკლავებითა და მათ გადაკვეთაზე აღმართული გუმბათით. სამხრეთიდან და დასავლეთიდან კარიბჭეებით გაფორმებული თითო შესასვლელია. ფასადები შემოსილია სუფთად გათლილი თეთრი ქვის კვადრატებით. ტაძარი უხვადაა შემკული მდიდრული ჩუქურთმებით. მორთულობა თავმოყრილია სარკმლის ირგვლივ, აღმოსავლეთ ფასადზე გამოსახულია კუთხით დაყენებული კვადრატები, დიდი ჯვარი. სარკმლები შემკულია მოჩუქურთმებული საპირეებით. ასევე უხვადაა მორთული ჩრდილოეთი, დასავლეთი და სამხრეთი ფასადებიც. გუმბათის ყელი დაგვირგვინებულია მდიდრული ჩუქურთმებით შემკული მაღალი ფრაზითა და ორმაგი კარნიზით, მოჩუქურთმებული სარკმლებით, რომლების ერთიანად მორთულ ზედაპირს ქმნის. სამრეკლო აშენებულია 1872 წელს. ეკლესია ძლიერ დაზიანდა XIV საუკუნეში, თემურლენგის შემოსევათა დროს. 1854 ძეგლი კაპიტალურად შეაკეთებინა გიორგი XII-ის შვილიშვილმა იოანე თარხან-მოურავმა. 1854-1874 წლებში ქვათახევის არქიმანდრიტი იყო ტარასი ალექსი-მესხიშვილი.

ქვათახევი ძველი ქართული მწიგნობარის კერაც იყო. სხვადასხვა დროს აქ მოღვაწეობდნენ მწერლები და კალიგრაფები: ფილიპე ბარათაშვილი (XVI ს.), იოანე ავალიშვილი (XVI-XVII სს.), იოანე ხელაშვილი (XIX ს. დამდეგი), დოსითეოზ ფიცხელაური , ტარასი ალექსი-მესხიშვილი (ორივე XIX ს.) და სხვა. ჩვენამდე მოღწეულია ქვათახევის ბიბლიოთეკის რამდენიმე ხელნაწერი.

ტაძარს 2006 წელს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია[1]