იოანე ჰალიფონტელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

იოანე ჰალიფონტელი — დომინიკანელი ბერი, საეკლესიო მოღვაწე, დიპლომატი, მწერალი. 1398 წლიდან სოლთანიეს მთავარეპისკოპოსი.

იოანე ჰალიფონტელი XIV–XV საუკუნეების მიჯნაზე ახლო აღმოსავლეთსა და კავკასიაში მოღვაწეობდა[1]. მისი მოღვაწეობის ადრეული პერიოდის შესახებ ცნობები არ შემონახულა, ცნობილია მხოლოდ ის, რომ ის დომინიკანელთა ორდენის წევრი იყო. 1377 წელს რომის პაპმა გრიგოლ XI-მ იგი ნახიჩევანის ეპისკოპოსად დაადგინა. ამ დროიდან იოანე ჰალიფონტელის სასულიერო და დიპლომატიური კარიერა მჭიდროდ დაუკავშირდა რეგიონსა და მის სამხედრო-პოლიტიკურ ასპარეზზე გაბატონებულ თემურლენგს[1].

ცხოვრება და მოღვაწეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1398 წელს იოანე ჰალიფონტელს თემურლენგი ელჩად ნიშნავს ვენეციასა და გენუაში. ელჩობის მიზანი თემურლენგსა და ევროპას შორის ანტიოსმალური კავშირის გაღრმავება იყო. ამ მოგზაურობის დროს იოანე რომშიც ჩასულა, სადაც პაპმა ბონიფაციუს IX-მ იგი სულთანიეს მთავარეპისკოპოსად დანიშნა. თემურლენგის ელჩის სტატუსით მოქმედი იოანე ჰალიფონტელი ამავდროულად აღმოსავლეთის ქვეყნებში ქრისტიანობის განმტკიცებისათვის იღვწის. 1398 წლის ელჩობისას მისი შუამდგომლობით პაპმა გამოსცა ბულა, რომელიც ინდულგენციას აძლევდა მათ, ვინც საქართველოსა და სომხეთში თემურლენგის შემოსევების შედეგად დანგრეული ეკლესიებისათვის გაიღებდა შეწირულებას.

1402 წელს, ოსმალეთის სულთან ბაიაზიდ I-ის დამარცხების შემდეგ, მთავარეპისკოპოსი იოანე ისევ ევროპაშია ელჩი. ვენეციისა და გენუის შემდეგ 1403 წლის მაისში იოანე პარიზში, აქედან კი ინგლისში ჰენრიხ IV-სთან მიემგზავრება[1]. თემურლენგისა და ევროპელი მონარქების მიწერ-მოწერიდან ირკვევა, რომ იოანე საკმაოდ აქტიურ როლს თამაშობდა დიპლომატიურ მოლაპარაკებებში. იოანემ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჰენრიხ IV-ზე. მან იოანეს გადასცა სარეკომენდაციო წერილები რამდენიმე ევროპელი და აზიელი მონარქისათვის წარსადგენად. მათ შორის არის საქართველოს მეფის გიორგი VII-ის სახელზე დაწერილი წერილიც.

მას ეკუთვნის 1404 წელს დაწერილი ნაშრომი „სამყაროს შეცნობის წიგნი“, სადაც დაცულია ცნობების XIV საუკუნის მიწურულისა და XV საუკუნის დასაწყისის კავკასიის ხალხების ისტორიის შესახებ.

1410 წელს პაპმა იოანე XXIII იოანე ჰალიფონტელს სამართავად გადასცა პეკინის (ხანბალიკის) საარქიეპისკოპოსო. ამ დროიდან მის ხელში გაერთიანდა აზიის ორივე კათოლიკური საეპისკოპოსო.

XV საუკუნის 20-იანი წლების დასაწყისში იოანე ჰალიფონტელი ყირიმში მოღვაწეობდა[1]. მისი გარდაცვალების დროისა და ადგილის შესახებ ცნობები არ მოიპოვება.

იოანეს ცნობები საქართველოს შესახებ[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იოანე ჰალიფონტელის „სამყაროს შეცნობის წიგნში“ წარმოჩენილია მრავალგვარი ინფორმაცია, რაც ეფუძნება ავტორის მიერ მოგზაურობებისას ნანახსა და ასევე სხვათაგან გაგონილ ამბებს.

საქართველოს შესახებ ცნობები ეხება ქვეყნის გეოგრაფიულ მდებარეობას, ბუნებას, ყოფა-ცხოვრებას, ადათ-წესებს, რელიგიურ შეხედულებებს, მათ თავისებურებებს. ასევე მიმოიხილულია ქვეყნის ტერიტორიულ–ადმინისტრაციული მოწყობა. თხზულებაში აღნიშნულია, რომ ფრანცისკანელებმა და დომინიკანელებმა იოლად მოიკიდეს ფეხი ქვეყანაში.

იოანე ჰალიფონტელის თხზულებაში საქართველოში თემურლენგის შემოსევების შესახებ დაცული ინფორმაცია პირობითად შეიძლება ორად გაიყოს. პირველი ცნობა უფრო ზოგადი ხაიათისაა. ავტორი თვლის, რომ ქართველებსა და მათ მეფეებს თავიანთი ცოდვების გამო ღვთის რისხვად დაატყდათ თემურლენგი, რომელმაც რამდენჯერმე დალაშქრა საქართველო, ააწიოკა და ტყვედ წაასხა უამრავი ხალხი და დაანგრია ეკლესია-მონასტრები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Буниятов З. М., Иоганн де Галонифонтибус. Сведения о народах Кавказа (1404 г.), Баку 1979
  • The Cambridge history of Iran, Cambridge University Press, 1986
ვიკიწყარო
ვიკიწყარო
ვიკიწყაროში არის სტატია:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]