იოანე შავთელის ქუჩა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
იოანე შავთელის ქუჩა
საერთო ინფორმაცია
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ქალაქი თბილისის დროშა თბილისი
რაიონი კრწანისის რაიონი

იოანე შავთელის ქუჩა — ქუჩა თბილისში, კრწანისის რაიონში (ზემო უბანი). ერეკლე II-ის მოედნიდან ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩამდე. შუა საუკუნეების თბილისის ერთ-ერთი ძირითადი მაგისტრალი. აქ, ახლანდელი შავთელის, ერეკლე II-ისა და სიონის ქუჩების გასწვრივ, მიემართებოდა ძველი თბილისის ძირითად ქუჩათა სისტემა. ამ ღერძის გაყოლებით იყო განლაგებული უმნიშვნელოვანესი სასულიერო, საზოგადოებრივი და საცხოვრებელი ნაგებობები. XVII-XVIII საუკუნეებში ქუჩის მონაკვეთს, ახლანდელი ბარათაშვილის ქუჩიდან ანჩისხატის ეკლესიამდე, წყლის კარის ქუჩა ერქვა (აქ მდებარე ქალაქის ერთ-ერთი კარის — წყლის კარის გამო). ქუჩის ინტენსიური განაშენიანება როსტომ მეფის სასახლის აშენებით დაიწყო.ძირითადად ცხოვრობდნენ ფეოდალური არისტოკრატიისა და უმაღლესი სასულიერო იერარქიის წარმომადგენლები.

XIX საუკუნის 30-იან წლებიდან მთელ ქუჩას ანჩისხარის ქუჩა ეწოდა (დატანილია თბილისის 1851 წლის გეგმაზე). სახელწოდებაა უკავშირდება აქ აღმართულ ანჩისხატის ეკლესიას (VI საუკუნე), 1923 წელს იოანე შავთელის სახელი დაარქვეს. XIX საუკუნიდან იოანე შავთელის ქუჩაზე დაიწყო 2-3-სართულიანი საცხოვრებელი სახლების მშენებლობა. XX საუკუნის 20-30-იან წლებში ზოგი იატორიული შენობა აიღეს. დღეისათვის იოანე შავთელის ქუჩა გამოცხადებულია არქიტექტურულ ნაკრძალად. სარესტავრაციო სამუშაოების დროს ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად (1956-1957) დადასტურდა გვიანდელი შუა საუკუნეების საკანალიზაციო სისტემის არსებობა იოანე შავთელის ქუჩის იმ მონაკვეთზე, რომელიც ბარათაშვილის ქუჩასა და ანჩისხატის ეკლესიას შორის არის მოქცეული და არსებითად ფეხით მოსიარულეებს ეთმობა. დღემდე შემონახულია მრავალი საინტერესო შენობა, მათ შორის XIX საუკუნის I ნახევრის საცხოვრებელი სახლები (№15, 17), რომელთაც შესასვლელი ქუჩიდან აქვთ, ხოლო ეზოები გახსნილია სანაპიროსკენ. 1981 წლის რეკონსტრუქციის შემდეგ (არქიტექტორი გ. ჯაფარიძე) ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლი გადაკეთდა მარიონეტების თეატრად (ახლანდელი თეატრ-სტუდია რევაზ გაბრიაძის ხელმძღვანელობით). თეატრის წინ გაგანიერებული ქუჩის ნაწილი შემდეგ საგრძნობლად ვიწროვდება (10 მ-მდე და უფრო ნაკლები ტროტუარებიანად) და ამ სახით აღწევს ერეკლე II-ის მოედნამდე. განსაკუთრრებით საინტერესოა ქუჩის მარცხენა (ბაზილიკის მოპორდაპირე) მხარე, რომელზედაც გამოდის ჩახრუხაძის ქუჩის სახლების უკანაფასადები, მათ შორის ნიკოლოზ ბარათაშვილის სახლიც — ქუჩისკენ გახსნილი ეზოთი და აივნების რიგით. ქუჩის თავში, ერეკლე II-ის მოედანზე, დგას წმინდა გიორგის კარის ეკლესია (1710/1712). ქუჩაზეა თ. თუმანიშვილის სახელობის საბავშვო სათამაშოების მუზეუმი. აქვს 1 დაღმართი, 1 შესახვევი (თბილისის 1934 წლის გეგმაზე დატანილია როგორც შავთელის ჩიხი).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]