ერეკლე II-ს მოედანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ერეკლე II-ის მოედანი)

ერეკლე II-ს მოედანითბილისის ერთ-ერთი ძველი მოედანი მდინარე მტკვრის მარჯვენა მხარეს, ზემო უბანში. სახელი ეწოდა მეფე ერეკლე II-ს პატივსაცემად.

1638 წელს სიონისა და ანჩისხატის ეკლესიებს შორის მდებარე მოედანზე მეფე როსტომმა სასახლე ააგო, რის გამოც სასახლის წინ ტერიტორიის ბატონის ანუ მეფის მოედანი ეწოდა (XVII საუკუნის II ნახევარში სასახლე გადააკეთა მეფე ვახტანგ V-მ, დაინგრა 1795 წელს აღა-მაჰმად-ხანის მიერ თბილისის დარბევის დროს). მოედანი წარმოადგენდა ქალაქის ზემო უბნის ცენტრს და მას ზემო მოედანსაც ეძახდნენ. სხვადასხვა დროს მოედანს სახელი ეცვლებოდა; ქართლ-კახეთის სამეფოს რუსეთთან შეერთების (1801) შემდეგ, 1809 წელს, აქ გუბერნატორის სახლი ააგეს და ბატონის მოედანს გუბერნატორის მოედანი ეწოდა. XIX საუკუნის I მეოთხედში ამ ადგილას იყო სინოდალური კანტორა და საქართველოს ეგზარქოსის რეზიდენცია, ახალი სახელწოდებაც აქედან მიიღო - ეგზარქოსის მოედანი. საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების (1921) შემდეგ მოედანს ავგუსტ ბებელის სახელი ეწოდა, უფრო გვიან კი - ერეკლე II-სი. ერეკლე II-ს მოედანი ფორმით ოთხკუთხა იყო, ოთხივე მხრივ სავაჭრო დუქნები იდგა, ხალხმრავლობის გამო მას სალაყბოსაც ეძახდნენ. მოედანს ეკრა კარის ეკლესია, დივანხანა, თოფხანა, ზარაფხანა, სტამბა და სხვა დაწესებულებები.

1956-1957 წლებში ერეკლე II-ს მოედანზე ჩატარდა არქეოლოგიური გათხრები. დადგინდა 4 ფენა, რომელთაგან უძველესი V საუკუნის პერიოდს მიეკუთვნება.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ბერიძე თ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 181.
  • კვირკველია, თ., ძველთბილისური დასახელებანი, თბილისი: საბჭოთა საქართველო, 1985.
  • ბერძენიშვილი მ., თბილისის გარეგანი სახე XVIII საუკუნეში, თბ., 1965;
  • Иоселиани П. И., Описание древностей города Тифлиса, Тфл., 1866

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]